გადაწყვეტილება №87047/1/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.05.2024
№ დოკუმენტი 87047/1/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 87047/1/2024

21 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ააიპ „---------“ (ს/ნ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ააიპ --------- 23.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №87047/1/2024)

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2.11.2023 წლის №20514/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №002-333 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 47 776,29 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 32 043

საურავი - 15 733,29

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

მომჩივანი თავისი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს განიხილავდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ბრუნვად და შესაბამისად, არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.

შემოწმების შედეგად, მიჩნეულ იქნა, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას და მის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლები საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №002-265 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18107 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2.11.2023 წლის №20514/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 2.11.2023 წლის №20514/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებული იქნა საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება და მომჩივანი გათავისუფლდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან, შედეგად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ჯარიმა 11 157 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №002-333 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დარიცხვა განპირობებულია იმ მოტივით, რომ ააიპ-ის გარკვეული შემოსავლები აუდიტორების მხრიდან დაკვალიფიცირდა, როგორც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა დღგ-ით.

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ანუ იმისათვის, რომ საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა დღგ-ით დაიბეგროს, უპირველეს ყოვლისა აღიშნული ოპერაცია უნდა იყოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული.

საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2021 წლამდე მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. მაშასადამე იმისათვის რომ საქმიანობა ჩაითვალოს ეკონომიკურ საქმიანობად, ამისათვის საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიზანი უნდა იყოს მოგების მიღება. შესაბამისად თუ პირის მიზანი არ არის მოგების მიღება, მაშინ იგი არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისად მას არ ეკუთვნის ამ საქმიანობიდან გამომდინარე დღგ-ის გადახდა.

ასევე 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამ მუხლის მიხედვით დღგ უნდა გადაიხადოს მხოლოდ დასაბეგრმა პირმა, რომელიც ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას. დღგ-ის მიზნებისათვის იგივე მუხლი განმარტავს რა არის ეკონომიკური საქმიანობა.

მოცემულ შემთხვევაში რელევანტურია ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, კერძოდ ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა. 2021 წლიდან მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზებული სისტემა. სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა. მაშასადამე იმისათვის, რომ საქმიანობა ჩაითვალოს ეკონომიკურ საქმიანობად, ამისათვის საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიზანი უნდა იყოს მოგების მიღება.

შესაბამისად, თუ პირის მიზანი არ არის მოგების მიღება, მაშინ იგი არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისად მას არ ეკუთვნის ამ საქმიანობიდან გამომდინარე დღგ-ის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში ააიპ ---------- ინსტიტუტი მისი საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე არ ხვდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების არეალში, რადგან მისი საქმიანობის მიზანი არ არის მოგების მიღება და მას არ გააჩნია რაიმე კომერციული ინტერესი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამ მუხლიდან გამომდინარე ააიპ ---------- რეგისტრირებულია არასამეწარმეო არაკომერციულ პირად, რადგან მისი მიზნები რომლებიც ასახულია მის წესდებაში სრულად შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს მის არაკომერციულ არასამეწარმეო პირად დარეგისტრირების შესახებ. ააიპ ------------ წესდების მეორე მუხლის მიხედვით ინსტიტუტის მიზნებია:

საგანმანათლებლო დებატების სწავლება, პოპულარიზაცია და გავრცელება საქართველოში, სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დებატების კლუბების შექმნის წახალისებისა მათი საქმიანობის კოორდინაციის გზით;

საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაში მონაწილეობა მიზნობრივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, სასწავლო პროგრამების შექმნის, სააკრედიტაციო სისტემის ფორმირებისა და სახელმძღვანელოების შემუშავების გზით;

სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის დებატების სწავლებისა და მათთვის სპეციალური შეჯიბრებების, ტურნირების, საგანმანათლებლო ბანაკების მოწყობის საშუალებით სრულფასოვანი და თავისუფალი მოქალაქის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაში მონაწილეობა, ასევე დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების პოპულარიზაცია და საზოგადოების წარმომადგენლებამდე მიტანა;

ახალგაზრდების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ახალგაზრდების ნიჭისა და უნარის განვითარების ხელშეწყობა;

ახალგაზრდების საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა. წესდების მეორე მუხლის 2.2 ქვეპუნქტის შესაბამისად ზემოთ მითითებული მიზნების მისაღწევად, „-------------“ უფლებამოსილია განახორციელოს კანონით აუკრძალავი ან/და ამ წესდებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ყველა სახის არაკომერციული საქმიანობა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ააიპს კონსტიტუციაში ანუ მის სადამფუძნებლო წესდებაში ნათლად და ცალსახად არის განსაზღვრული მისი დაფუძნების მიზანი, რასაც არ წარმოადგენს მოგების მიღება. ააიპ-ს განხორციელებული აქვს მრავალი პროექტი სხვადასხვა საგანმანათლებლო დებატების სწავლებისა და ორგანიზების კუთხით, რისთვისაც მას აქვს მიღებული თანხები სხვადასხვა საქველმოქმედო, საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან და ფონდებისაგან. აღნიშნულ პროექტებში მიღებული თანხები მხოლოდ ხმარდება დებატების სწავლებისა თუ ორგანიზებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვას, კერძოდ, ტრენერების დაქირავებას, ტრანსპორტირებას, მონაწილეთათვის სხვადასხვა საჩუქრების და სერთიფიკატების გადაცემას, საკანცელარიო მასალების შეძენას და სხვა. ბიუჯეტი გაწერილია დეტალურად და კონტროლდება თანხების მიზნობრივი ხარჯვა. არც ერთ წარდგენილ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული რაიმე ფორმით მოგების ანაზღაურება, იმდენად რამდენადაც ააიპ ------------ განზრახვა და მიზანი არის მოგების მიღება.

ზემოაღნიშნულის ანალოგიურად, ააიპ ------------- მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახელმწიფო და საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, მიღებული თანხები ასევე ხმარდება სხვადასხვა სკოლებსა და დაწესებულებებში დებატების ორგანიზებას. აღნიშნული პროექტები ანალოგიურია იმათი, რომელიც ხორციელდება გრანტების სახით და შესაბამისად წარდგენილ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არსად არ არის გათვალისწინებული რაიმე ფორმით მოგების ანაზღაურება, იმდენად რამდენადაც ააიპ ---------- განზრახვა და მიზანი არ არის მოგების მიღება. მიღებული თანხები მხოლოდ ხმარდება სხვადასხვა ხარჯების ანაზღაურებას, კერძოდ ტრენერების დაქირავებას, ტრანსპორტირებას, მონაწილეთათვის სხვადასხვა საჩუქრების და სერთიფიკატების გადაცემას, საკანცელარიო მასალების შეძენას. საბოლოო ჯამში, დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია წარედგინება თანხის გამცემს. არც ერთ შემთხვევაში ააიპ ---------- რაიმე თანხას არ იღებს და არ აუღია უშუალოდ მონაწილე მასწავლებლის, მოსწავლეების თუ სტუდენტებისაგან, მათგან ვისთვისაც ხორციელდება ესა თუ ის აქტივობა. ის ყველა პროექტის სახით წარმოადგენს გარკვეულ გამტარს ყველა იმ თანხისა, რომელიც უსასყიდლოდ ხმარდება პროექტის მონაწილეებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით მიგვაჩნია რომ, იმდენად რამდენადაც ააიპ საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს არაკომერციულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს მისი საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე, ის არ არის სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი, რაც გულისხმობს იმას რომ ის არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისად არ წარმოადგენს დასაბეგრ პირს დღგ-ს მიზნებისათვის და არ ექვემდებარება მის მიერ განხორციელებული ოპერაციები დღგ-ით დაბეგვრას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ასევე გაუგებარია რა ტიპის შემოსავლები ჩაითვალა საგადასახადო აუდიტის პროცესში ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებულ შემოსავლად, რამეთუ, 2019 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ორგანიზებული გვაქვს 4 პროექტი:

---------- მუნიციპალიტეტი - საერთო თანხით 45 000 ლარი (არ იქნა დაბეგრილი შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით);

-------------სამინისტრო - საერთო თანხით 25 125 ლარი (დაიბეგრა დღგით);

სსიპ -------- - საერთო თანხით 70 000 ლარი (დაიბეგრა დღგ-ით);

--------- საერთო თანხით 2 625 ლარი (არ იქნა დაბეგრილი შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით).

ანალოგიური სიტუაციაა 2020 წელშიც, რომლის განმავლობაშიც ორგანიზებული გვაქვს 6 პროექტი:

ააიპ -----------საერთო თანხით 251 000 ლარი (არ იქნა დაბეგრილი შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით);

---------- საერთო თანხით 24 485 ლარი (არ იქნა დაბეგრილი შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით);

----------- საერთო თანხით 19 190 ლარი (არ იქნა დაბეგრილი შემმოწმებლების მხრიდან დღგით);

---------- საერთო თანხით 2 450 ლარი (დაიბეგრა შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით);

სსიპ ---------- საერთო თანხით 50 800 ლარი (დაიბეგრა დღგ-ით);

---------- მუნიციპალიტეტი - საერთო თანხით 42 072 ლარი (დაიბეგრა შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით);

2021 წლის საანგარიშო პერიოდზე ორგანიზებული გვაქვს 5 პროექტი:

----------- სამინისტრო - საერთო თანხით 41 853 ლარი (დაიბეგრა დღგ-ით);

ააიპ ---------- საერთო თანხით 68 970 ლარი (არ იქნა დაბეგრილი შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით);

----------- -საერთო თანხით 933 ლარი (არ იქნა დაბეგრილი შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით);

შპს ----------- საერთო თანხით 1 000 ლარი (არ იქნა დაბეგრილი შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით);

--------- მუნიციპალიტეტი - საერთო თანხით 50 000 ლარი (დაიბეგრა შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით).

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიერ განხორციელებული ყველა პროექტი თავისი შინაარსით ერთმანეთის ანალოგიურია, განსხვავებულია მხოლოდ დაფინანსების წყარო, რიგ შემთხვევებში პროექტს ახორციელებდა გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე, რიგ შემთხვევებში კი პროექტის დონორებს წარმოადგენენ როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირები.

შემოწმების აქტის ტექსტურ ნაწილში არანაირი განმარტება არ არის ჩამოყალიბებული აუდიტორების ხედვისა თუ რა პროექტები ჩაითვალა დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვად, მაშინ როდესაც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად „საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

მაშინ როდესაც შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ააიპ-ის მიერ განხორციელებული ყველა პროექტი თავისი შინაარსითა და ფორმით ერთმანეთის ანალოგიურია.

ჰიპოთეტურად რომც დავუშვათ, რომ აუდიტორების მსჯელობა მართებულია და აღნიშნული პროექტების დაფინანსებები წარმოადგენდნენ დღგ-ის ჩათვლის უფლებით დასაბეგრ ბრუნვებს, ამ შემთხვევაშიც საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო რეგისტრაციის ვადა დაუდგებოდა არა 2019 წელს (შემოწმების დასაწყისში) არამედ 2021 წლის დეკემბრის თვეში (რამეთუ ნებისმიერ უწყვეტ 12 თვეში აუდიტორების ლოგიკით აღიარებული დღგ-ის ჩათვლის უფლებით დასაბეგრი ბრუნვების ჯამმა 100 000 ლარიან ნიშნულს გადააჭარბა 2021 წლის დეკემბერში), შესაბამისად აუდიტორების მხრიდან დაცული, რომ ყოფილიყო დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, ნაცვლად შემოწმების აქტით განსაზღვრული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვისა 255 975 ლარი, უნდა განესაზღვრათ 77 842 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული აქტი დარიცხვის ნაწილში ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, რამეთუ 96–ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.

შესაბამისად ითხოვს მსჯელობა მოხდეს დარიცხვის მართებულობაზე და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აქტით დარიცხული დღგ-ის გადაანგარიშება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს 2.11.2023 წლის №20514/2/2023 გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებული იქნა საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება და მომჩივანი გათავისუფლდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან, შედეგად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ჯარიმა 11 157 ლარით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საბჭოს 2.11.2023 წლის №20514/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმის თანხა და მომჩივანს აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების არამართლზომიერად აღსრულებასთან დაკავშირებით არგუმენტები მითითებული არ აქვს.

აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 2.11.2023 წლის №20514/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

დღგ-ის ნაწილში განსაზღვრული შეღავათით გათავისუფლებული მომსახურების დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ სადავო საკითხი დაფიქსირებულია საბჭოს 2.11.2023 წლის №20514/2/2023 გადაწყვეტილებაშიც, რომლითაც მომჩივნის აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ასევე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 2.11.2023 წლის №20514/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2.11.2023 წლის №20514/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება. მომჩივანი თავისი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს განიხილავდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ბრუნვად და შესაბამისად, არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შემოწმების შედეგად, მიჩნეულ იქნა, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას და მის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლები საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებული იქნა საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება და მომჩივანი გათავისუფლდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან, შედეგად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

157(1);282(1);269(7);