ბრძანება N 23069
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23069
29 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---)
2024 წლის 24 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 სექტემბრის, 12 სექტემბრის და 3 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №95, №98 და №107) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2024 წლის 24 ივლისის №90960/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივნისის №031-7 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს არაპირდაპირი მეთოდით სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნას საწვავის ხარჯი. განმარტავს, რომ სატენდერო პირობების თანახმად ვალდებულია მიაწოდოს საკვები პროდუქტები ძირითადად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ადგილზე საკუთარი ავტომობილებით, მათ შორის, მაცივარი-ავტომობილებით. აღნიშნავს, რომ კომპანიის საწყობი მდებარეობს დაბა ---ში, საიდანაც ხდებოდა დისტრიბუცია, ისეთ რეგიონებში, როგორებიცაა: --- რაც დაკავშირებულია დისტრიბუციის მაღალ ხარჯებთან.
მიუხედავად იმისა, რომ შემმოწმებელმა გაითვალისწინა შეძენილი საწვავი ხარჯებში, რეალური ხარჯი წარმოადგენდა გაცილებით მეტს, ვინაიდან იყო შემთხვევები, როცა დოკუმენტურად ვერ ხერხდებოდა საწვავის შეძენა, თუმცა ფაქტობრივად გავლილი მანძილების და საშუალო წვის დათვლის შემდგომ შესაძლებელია დადგინდეს რომ საწვავის ხარჯი შეადგენდა მეტს, ვიდრე დოკუმენტურადაა შეძენილი. გადამხდელი გამოთქვამს მზაობას აუდიტორს წარუდგინოს საწვავის ხარჯვის დამადასტურებელი კალკულაციები სასაქონლო ზედნადებებში მითითებული დაწყების მისამართის და დასრულების მისამართების მიხედვით.
2. გადამხდელი ითხოვს სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში მივლინების დღიური ნორმების გათვალისწინებას. აცხადებს, რომ სხვადასხვა რეგიონებში საკვები პროდუქტების დისტრიბუციას ახდენდა 2 ადამიანი, რისთვისაც კომპანია აღნიშნულ პირებს სალაროდან უხდიდა მივლინების თანხებს. გადამხდელი გამოთქვამს მზაობას აუდიტორს წარუდგინოს მივლინების დღიური ნორმების გაანგარიშება.
3. გადამხდელი ითხოვს სალაროში არსებული 103 000 ლარი გადაკვალიფიცირდეს, როგორც გაცემული სესხი შპს „---ზე". განმარტავს, რომ კომპანიამ მიიღო დისკვალიფიკაცია 1 წლით და მუშაობის გასაგრძელებლად დააფუძნა შპს „---“ (ს/ნ ---), სადაც დირექტორი და ერთპიროვნული გადაწვეტილების მიმღებია ---, შპს „---ს“ დირექტორი. ვინაიდან, აღნიშნული ორი კომპანია წარმოადგენდა ერთი და იმავე ადამიანების ინტერესების გამტარებელ კომპანიას, მიიღეს გადაწყვეტილება შპს „---ს“ მიესესხებინა შპს „---თვის" თანხა 103 000 ლარის ოდენობით ეტაპობრივად, რათა ახალ კომპანიას შეძლებოდა ოპერირება. სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გადამხდელი აცხადებს, რომ ვინაიდან ორ ურთიერთდამოკიდებულ კომპნაიასთან გვაქვს საქმე, ხელშეკრულების გაფორმება არ მომხდარა წერილობით ფორმით. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს შპს „---ის“ ბანკის ამონაწერი, საგადახდო დავალებები და ურთიერთშედარების აქტი.
4. გადამხდელი ითხოვს სალაროს ნაშთი შემცირებას 14 600 ლარით. განმარტავს, რომ მოგებული ჰქონდა ტენდერი №---, რომლის ფარგლებშიც უნდა შეეძინა სხვადასხვა დასახელების პროდუქტი. მიუთითებს, რომ აღნიშნულის შესახებ გაცხადებულია „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში“, სადაც მოცემულია თუ ვისგან უნდა მომხდარიყო საქონლის შეძენა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთულ ცხრილში ჩანს, რომ ვაშლის შეძენა უნდა მოხდეს ფ/პ --ისგან (პ/ნ ---), ხოლო სტაფილოს და კარტოფილის შეძენა ფ/პ ---ისგან (პ/ნ ---). განმარტავს, რომ აღნიშნულ პირებს შპს „---მ" 2023 წლის 28 დეკემბერს გადაუხადა ავანსი ნაღდი ანგარიშსწორებით, რათა მომხდარიყო ფასის ფიქსირება. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ფულის გადაცემის აქტები.
5. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების დროს დაშვებულია ხარვეზები. აცხადებს, რომ ძირითად უზუსტობებს იწვევს შემოწმების შედეგად 2021 წლის 1 იანვრის თარიღით ხელოვნურად განსაზღვრული საწყისი ნაშთები თითოეული ჯგუფის მიხედვით, რომლის შედეგადაც გაზრდილია 2023 წლის 31 დეკემბრის საბოლოო ნაშთი. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ შპს „---“ პერიოდულად წინასწარ ტვირთავდა სასაქონლო ზედნადებს ტრანსპორტირების დაწყებამდე. ზოგიერთ შემთხვევაში, გამორჩენილია გააქტიურების თარიღის მითითება მეორე დღით, რაც იწვევს იმ კონკრეტულ დღეს საქონლის გამინუსებას ნაშთებში.
6. საბაზრო ფასით განსაზღვრულ ღირებულებასა და სასაქონლო ზედნადებში ასახულ ღირებულებას შორის სხვაობის დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვასთან დაკავშირებით, გადამხდელი ითხოვს საბაზრო ფასის განსაზღვრა მოხდეს ბაზარზე არსებული ფასის შესაბამისად. ხოლო, ბაზარზე არსებული ფასი მისი მოსაზრებით, არის ის ფასი, რა ფასადაც განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე საქონლის მიწოდება. აცხადებს, რომ საწარმოს დირექტორზე და დირექტორის მამაზე მიყიდული აქვს საქონელი ტრანსპორტირების გარეშე.
მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ურთიერთდამოკიდებულ პირებზე განხორციელდა საქონლის რეალიზაცია ადგილზე, მიწოდების ხარჯის გაწევის გარეშე, არ შეიძლება იყოს შესადარი ასობით კილომეტრში მისაწოდებელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფასებთან. ასევე აღნიშნავს, რომ მიწოდებული საქონლის შეძენა, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შეეძლოთ იმ ფასად, რა ფასადაც შპს „---“ ახორციელებს მათ შეძენას.
7. გადამხდელი მიუთითებს შეცდომა/არცოდნაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 თებერვლის №3006 ბრძანების საფუძველზე შპს „---ს“ (ს/ნ ---) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 13 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივნისის №14715 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №031-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 181 384 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 108 911 ლარი, ჯარიმა 53 113 ლარი და საურავი 19 360 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1-4. არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების, ხარჯების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, საბანკო ანგარიშის ამონაწერის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დგინდება განკარგვადი თანხა 334 965 ლარის ოდენობით, რომელზეც გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. აღნიშნული თანხა მიღებულია ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით შესყიდული საქონლის საკომპენსაციო თანხის - 204 580 ლარის დაკლების შედეგად, ასევე შემოწმებით განსაზღვრული დამატებით დღგ-ით დაბეგრილი თანხის - 144 192 ლარის დამატების შედეგად. აღნიშნული თანხა ჩაითვალა 2023 წლის დეკემბრის თვეში დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
5. გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები, შესაბამისად შეუძლებელია დადგინდეს დაბეგვრის ობიექტები. გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სწორად და დროულად არ არის აღრიცხული შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, არ არის აღრიცხული ყველა ოპერაცია, რის გამოც შეუძლებელია კონტროლის განხორციელება მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საწარმოს დეკლარირებული დღგით დასაბეგრი ბრუნვა (დღგ-ის ჩათვლით) თითქმის სრულად ემთხვევა სასაქონლო ზედნადებებში ასახულ თანხებს (სასაქონლო ზედნადების თანხის ჯამი მხოლოდ 170 ლარით აღემატება დღგ-ის ბრუნვას). დეკლარაციებში დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებთან ერთად ასახულია, როგორც დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები.
გადასახადის გადამხდელმა ვერ განმარტა საქართველოს საგადასახადო კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე გაათავისუფლა ოპერაციები დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე, ხოლო დღგ-ის ჩათვლის უფლებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ისარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა) საფუძველზე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ: შეძენილი და დოკუმენტით რეალიზებული საქონელი დაჯგუფდა მსგავსი მახასიათებლების მიხედვით. ჯგუფზე დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი. დადგინდა იმ საქონლის ჯგუფი და თვითღირებულება, რომელიც არ არის უვარგისობის საფუძვლით ჩამოწერილი და არ ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია. შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთად არსებული საქონელი დაექვემდებარა რეალიზაციას, რომელზეც გავრცელდა შესაბამის ჯგუფზე დადგენილი ფასნამატები. მიღებული ჯამური თანხა (144 192 ლარი) გადანაწილდა შესაბამის თვეებზე საერთო ბრუნვის თანხაში შესაბამისი თვის ბრუნვის ხვედრითი წილის პროპორციულად. ზოგიერთ თვეში დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები არასწორად არის განსაზღვრული. შემოწმებით განხორციელდა სათანადო კორექტირება. დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლების საფუძველზე დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
6. საწარმოს დირექტორზე სასაქონლო ზედნადებით მიწოდებული საქონლის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 7 556 ლარს, ხოლო დირექტორის მამაზე (არადაქირავებული პირი) მიწოდებული საქონლის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 22 676 ლარს. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული კონკრეტული საქონლის ღირებულება ნაკლებია სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული შესაბამისი საქონლის ღირებულებაზე.
ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული საქონლის ღირებულება განისაზღვრა შესაბამის საანგარიშო პერიოდში საბიუჯეტო ორგანიზაციაზე მიწოდებული შესაბამისი საქონლის საკომპენსაციო თანხის მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე, საბაზრო ფასით განსაზღვრულ ღირებულებასა და სასაქონლო ზედნადებში ასახულ ღირებულებას შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე სასაქონლო ზედნადებებში მითითებულ საანგარიშო პერიოდებში საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი აცხადებს, რომ სატენდერო პირობების შესაბამისად, ვალდებული იყო მიეწოდებინა საკვები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საკუთარი მაცივარ-ავტომობილებით. ამასთან აღნიშნავს, რომ კომპანიის საწყობი მდებარეობს დაბა----ი, საიდანაც ხდებოდა დისტრიბუცია სხვადასხვა რეგიონებში, რაც დაკავშირებული იყო მაღალ ხარჯებთან. აღნიშნავს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც დოკუმენტურად ვერ იძენდა საწვავს, თუმცა ფაქტობრივად გავლილი მანძილების და საშუალო წვის დათვლის შემდგომ შესაძლებელია დადგინდეს საწვავის რეალური ხარჯი. გადამხდელი გამოთქვამს მზაობას აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საწვავის ხარჯვის დამადასტურებელი კალკულაციები სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მისამართების მიხედვით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების მიხედვით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით საწვავის ხარჯის გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადასტურდება საწვავის ფაქტობრივი ხარჯის რეალობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (მ.შ ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით) და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში მივლინების დღიური ნორმების გათვალისწინებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეაპრტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია/მტკიცებულებები მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით, კერძოდ, არ იქნა წარდგენილი დაქირავებული პირებისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, სალაროს შემოსავლის, გასავლის ორდები და ა.შ. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს სალაროში არსებული 103 000 ლარის გადაკვალიფიცირებას შპს „----ზე“ გაცემულ სესხად, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეაპრტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი იყო დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაცია, შპს „---ს" (ს/ნ ---) მიერ გაცემული და მიღებული სესხის ხელშეკრულებების წარმოდგენა.
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ მოთხოვნილი მონაცემების წარმოდგენა არ განხორციელდა. საჩივარზე თანდართული შპს „---ის“ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით არ დასტურდება შპს „---ს“ მიერ შპს „---ზე“ სესხის გაცემა. საბანკო ანგარიშზე თანხის შემტან პირს წარმოადგენს ---, ხოლო დანიშნულებაში მითითებულია სალაროდან ანგარიშზე თანხის შეტანა.
2022 წლის 19 ივნისიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში ---ის მიერ შპს „---ის“ საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხის ჯამი შეადგენს 528 000 ლარს, ხოლო ანგარიშიდან გატანილი თანხის ჯამი შეადგენს 1 388 300 ლარს.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრირებად ანგარიშგების პორტალზე შპს „---ს“ მიერ ატვირთული ფინანსური ანგარიშგების მონაცემით 01.01.2021-ის მდგომარეობით სალაროს ნაშთი შეადგენდა 146 404 ლარს, თუმცა საგადასახადო შემოწმებით სალაროს საწყისი ნაშთის ოდენობა განსაზღვრულ იქნა „0“ ლარის ოდენობით, ხოლო 31.12.2022 წლის მდგომარეობით სალაროს ნაშთი შეადგენდა 91 679 ლარს.
ფინანსური ანგარიშგებით 31.12.2022 წლის მდგომარეობით საწარმოს არ უფიქსირდება სესხად გაცემული თანხები. აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია შპს „---ის“ საგადასახადო შემოწმება, რომლის მასალების შესწავლით დგინდება, რომ შპს „---ს“ არ უფიქსირდება სესხის მიღება შპს ----აგან“. შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი სესხის ხელშეკრულება, ხოლო საბანკო ანგარიშიდან ამონაწერში თანხის შეტანა ხორციელდება შპს „---ის“ დამფუძნებლის მეუღლის ----ის მიერ. ამასთან, კამერალური საგადასახადო შემოწმებისას საჩივარში დაფიქსირებული სესხი არ არის გათვალისწინებული შპს „---ს“ ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ითხოვს №--- ტენდერის ფარგლებში ფ/პ ---გან (პ/ნ ---) და ფ/პ ----სგან (პ/ნ ----) საქონლის შესაძენად გადახდილი ავანსის თანხით, 14 600 ლარით, სალაროს ნაშთის შემცირებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნულ პირებთან გაფორმებული აქტები, ფულის გადაცემის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოების თანახმად, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და კონტროლის განხორციელება ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების დროს დაშვებულია ხარვეზები, კერძოდ:
რძე ლიტრაჟობაში არ არის გადაყვანილი.
სასაქონლო ზედნადები №----ით მიღებულია 40.6 კგ ვაფლი, ხოლო გაანგარიშების ცხრილში მითითებულია 40.6 ყუთი, რაც საგრძნობლად ზრდის ამ პოზიციის საბოლოო ნაშთს.
ზეთი კომპანიას ძირითადად შესყიდული აქვს ცალობაში, მაგალითად 1 ლ-იანი ზეთი 1 ცალი, ხოლო რეალიზებულია კგ-ებშიც. 1 ლიტრიან ზეთის ბოთლში ჩასხმულია 0.92 კგ ზეთი, შესაბამისად, აღნიშნული ზომის ერთეულების არევაც იწვევს საბოლოო ნაშთების ცვლილებას და ა.შ. გადამხდელი აცხადებს, რომ ძირითად უზუსტობებს იწვევს შემოწმების შედეგად 2021 წლის 1 იანვრის თარიღით ხელოვნურად განსაზღვურლი საწყისი ნაშთები თითოეული ჯგუფის მიხედვით, რომლის შედეგადაც გაზრდილია 2023 წლის 31 დეკემბრის საბოლოო ნაშთი.
აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ შპს „---“ პერიოდულად წინასწარ ტვირთავდა სასაქონლო ზედნადებს ტრანსპორტირების დაწყებამდე. ზოგიერთ შემთხვევაში, გამორჩენილია გააქტიურების თარიღის მითითება მეორე დღით, რაც იწვევს იმ კონკრეტულ დღეს საქონლის გამინუსებას ნაშთებში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით, კერძოდ, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე, კერძოდ, დირექტორზე და დირექტორის მამაზე მიწოდებული აქვს საქონლი, რომელთა ღირებულება ნაკლებია სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული შესაბამისი საქონლის ღირებულებაზე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადების ნაწილი არის ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადები, რომელთა ჯამი შეადგენს 14 828 ლარს. ამასთან, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე საქონელი ძირითადად მიწოდებულია თვითღირებულებაზე დაბალი ფასით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული საქონლის ღირებულების განსაზღვრა შესაბამის საანგარიშო პერიოდში საბიუჯეტო ორგანიზაციაზე მიწოდებული შესაბამისი საქონლის საკომპენსაციო თანხის მიხედვით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის; 2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) არაპირდაპირი მეთოდით საწვავის ხარჯის გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადასტურდება საწვავის ფაქტობრივი ხარჯის რეალობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (მ.შ ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით) და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1-4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს არაპირდაპირი მეთოდით სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას საწვავის ხარჯის, მივლინების დღიური ნორმების გათვალისწინებას, ასევე სალაროში არსებული თანხის გადაკვალიფიცირებას გაცემულ სესხად და სალაროს ნაშთის შემცირებას.
5. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების დროს დაშვებულია ხარვეზები.
6. საბაზრო ფასით განსაზღვრულ ღირებულებასა და სასაქონლო ზედნადებში ასახულ ღირებულებას შორის სხვაობის დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვასთან დაკავშირებით, გადამხდელი ითხოვს საბაზრო ფასის განსაზღვრა მოხდეს ბაზარზე არსებული ფასის შესაბამისად.
7. გადამხდელი მიუთითებს შეცდომა/არცოდნაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1-4. არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების, ხარჯების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, საბანკო ანგარიშის ამონაწერის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში განკარგვადი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
5. შემოწმებით ნაშთად არსებული საქონელი დაექვემდებარა რეალიზაციას, რომელზეც გავრცელდა შესაბამის ჯგუფზე დადგენილი ფასნამატები. დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლების საფუძველზე დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.
6. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული საქონლის ღირებულება განისაზღვრა შესაბამის საანგარიშო პერიოდში საბიუჯეტო ორგანიზაციაზე მიწოდებული შესაბამისი საქონლის საკომპენსაციო თანხის მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე, საბაზრო ფასით განსაზღვრულ ღირებულებასა და სასაქონლო ზედნადებში ასახულ ღირებულებას შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწვავის ხარჯები განსაზღვროს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-4-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს 73 (4,5,9); 101; 154; 18; 19; 269 (7).