გადაწყვეტილება №20370/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20370/2/2023
06 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 26.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20370/2/2023).
დავის საგანი:
1. დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. შემოსავლებს და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯს შორის სხვაობის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აპრილის №006-136 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივნისის №14708 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 264 565,54 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 170 149
დღგ - 76 138
საშემოსავლო გადასახადი - 93 670
მოგების გადასახადი - 341
ჯარიმა - 85 813
საურავი - 8 603,54
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა მიწის სამუშაოების შესრულება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის 23 მარტიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 27 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აპრილის №7927 ბრძანება და ამავე თარიღის №006-136 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივნისის №14708 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში არ იქნა წარმოდგენილი შემოწმებისთვის საჭირო პირველადი დოკუმენტაცია. შემოწმება ჩატარდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონულ ბაზებში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დღგ-ს 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული აქვს 17 205 (დღგ-ის ჩათვლით) ლარი, ხოლო შემოწმებით დადგენილი დღგ-ის ბრუნვა შეადგენს 697 476 ლარს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვს თანხები, ასევე მის მიერ გამოწერილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული. დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ 18%-იან დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობამ შეადგინა 680 271 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. შემოწმების პროცესში დეტალურად იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის ჩათვლაზე წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175- ე და 176-ე მუხლების მიხედვით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ს ჩასათვლელი თანხები. გადასახადის გადამხდელს დღგ-ის დეკლარაციებზე მიბმული ჰქონდა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაც ასახული არ ქონდა ჩასათვლელ თანხებში. გადამხდელს 2021 წლის მარტის თვეზე მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მიბმული და ჩათვლილი აქვს 2022 წლის ივლისის თვის დეკლარაციაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. ასევე შემოწმებისას მოხდა ჩასათვლელი თანხების შემცირება, ვინაიდან, კომპანიას სარესტორნო მომსახურებაზე მიღებული აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელთა ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი ვერ დგინდება. შესაბამისად მოხდა ჩასათვლელი თანხის შემცირება 65 ლარით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა - 697 476 ლარი, ხოლო ჩასათვლელმა დღგ-ის თანხამ მხოლოდ - 3700 ლარი, რაც ბუნებრივია არასწორია და ფაქტობრივად არის შეუძლებელი 697 476 ლარის დღგ-ის ბრუნვის პირობებში საწარმოს ჰქონდეს მხოლოდ 3700 ლარის დღგ-ის ჩათვლა.
უმოკლეს ვადაში იქნება წარმოდგენილი შესამოწმებელ პერიოდზე გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურები. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული ანგარიშფაქტურების საფუძველზე დაკორექტირდეს დღგ-ის ჩასათვლელი თანხები და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ისევე როგორც აქვს განხორციელებული ხარჯის ნაწილში ანალოგიურად დღგის ჩასათვლელი თანხები განსაზღვროს შემოწმების მიერ დადგენილი ხარჯების პროპორციულად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება; დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
დ) უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული დღგ. საგადასახადო კოდექსის 176-ე პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება.
ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).
აღსანიშნავია, რომ მომჩივანი მოწვეული იყო საბჭოს სხდომაზე, თუმცა მას საჩივრის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და არ წარმოუდგენია მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. შემოსავლებს და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯს შორის სხვაობის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში ვერ მოხდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. გაწეული ხარჯი განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით. გამოყენებულ იქნა მსგავსი ეკონომიკური საქმიანობის მქონე კომპანიის ხარჯის წილი შემოსავლიდან. შედეგად დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 4 ნაწილიდან 75% მიჩნეულ იქნა დადასტურებულ ხარჯად. შესაბამისად შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა 374 682 ლარი (468 353 აგროსილი) შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (ბრუნვა აქვს მხოლოდ 2022 წელს) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანი ასევე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არასწორად იქნა განსაზღვრული სალაროს ნაშთი. არ იქნა გათვალისწინებული დებიტორული დავალიანებები. როგორც აქტშია მითითებული, საწარმოს საერთოდ არ ჰქონია ხარჯის დამადასტურებელი საბუთი, რაც ბუნებრივია არის შეუძლებელი და უმოკლეს ვადაში წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტაციას. ასევე არასწორია ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხების აგროსვა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საწარმოს ფიზიკურად არ ჰქონდა აღნიშნული თანხები და თუ გავიზიარებთ, შემმოწმებელთა ლოგიკას, მაშინ აღნიშნული თანხა დამფუძნებელმა შემოიტანა და თუ შემოიტანა, მაშინ მისი გატანიც შესაძლებლობაც უნდა მიეცა შემმოწმებელს, რაც საბოლოო ჯამში ძირითადი გადასახადის ნაწილში შედეგს 0 მოგვცემს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 თებერვლის №21-14/10979 და 2023 წლის 01 მარტის №21-14/16927 წერილებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მომჩივანს დაევალა 2021 წლის 23 მარტიდან 2023 წლის 01 იანვრამდე პერიოდზე ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა 5 სამუშაო დღის ვადაში, თუმცა ინფორმაციის არასრულად წარდგენის გამო მის მიმართ 2023 წლის 28 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N188194 (400 ლარიანი) და 2023 წლის 17 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N188204 (1 000 ლარიანი). რადგან გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში არ მოხდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სრულად წარდგენა შემოწმებამ ხარჯის განსაზღვრისას იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებულ იქნა მსგავსი ეკონომიკური საქმიანობის მქონე კომპანიის ხარჯის წილი შემოსავლიდან.
შედეგად დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ნაწილიდან, №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად, 75% მიჩნეულ იქნა დადასტურებულ ხარჯად. შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა 374 682 ლარი (468 353 აგროსილი) შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღსანიშნავია, რომ მომჩივანი მოწვეული იყო საბჭოს სხდომაზე, თუმცა მას საჩივრის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და არ წარმოუდგენია მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აპრილის №006-136 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა - 85 813 ლარის ოდენობით და დაერიცხა საურავი -8 603,54 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან. სადავო შემთხვევაში კი არანაირი განზრახვა გადასახადის დამალვის არ არსებობს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. შემოსავლებს და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯს შორის სხვაობის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის 23 მარტიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 27 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აპრილის №7927 ბრძანება და ამავე თარიღის №006-136 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივნისის №14708 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 175; 176; 178; 73 (5); 101; 154; 269 (7).