ბრძანება N 12806
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12806
08.06.2023
შპს „----------“ (ს/ნ ---------)
(მის.: -------------)
2023 წლის 7 მარტის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 მაისის სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ---------) 2023 წლის 7 მარტის №79550/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №081-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ მიუხედავად შემოსავლების სამსახურის მითითებისა, რომ მომხდარიყო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხის შესწავლა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, აღნიშნული არ განხორციელებულა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ დასკვნაში არ არის დაფიქსირებული გადამხდელის წარდგენილ მტკიცებულებებზე/არგუმენტებზე საწინააღმდეგო პოზიცია.
მომჩივნის განმარტებით, შპს „------------“ და შპს „---------“ შორის 2012 წლის 03 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება მშენებლობის მომსახურების სანაცვლოდ ფართის გადაცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც შპს „----------“ კუთვნილ 3,626 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, მის მიერვე შექმნილი და --------- მერიის არქიტექტურისა და ურბანული მოწყობის სამსახურის 2009 წლის 10 თებერვლის №01-22/77 გადაწყვეტილებით დამტკიცებული პროექტის მიხედვით კომპანიას უნდა აეშენებინა საცხოვრებელი სახლი, ანუ გაეწია სამშენებლო მომსახურება. ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, მშენებლობის დასრულების შემდგომ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ კომპანიას საკუთრებაში გადაეცემოდა აშენებული ფართების 72.3%, ხოლო შპს „---------“ აღნიშნული გადაცემის შემდეგ საკუთრებაში რჩებოდა დასრულებული შენობა–ნაგებობის მთლიანი ფართობის 27.7%, ანუ 8,704,7 კვ.მ. საცხოვრებელი ბინების სახით. მოცემული ხელშეკრულება ტიპიური ბარტერის ხელშეკრულებაა, რომლის დროსაც კომპანიამ გასწია სამშენებლო მომსახურება, რომლის ღირებულების სანაცვლოდ მიიღო ანაზღაურება ფართების სახით, ხელშეკრულებასაც ჰქვია მშენებლობის მომსახურების სანაცვლოდ ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2019 წლის მარტში კომპანიამ შპს „--------თან“ ხელშეკრულების შესაბამისად გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც კომპანიამ დაასრულა და დამკვეთს ჩააბარა სამშენებლო მომსახურების ძირითადი ნაწილი და ხელშეკრულების შესაბამისად, მის საკუთრებაში გადმოვიდა შეთანხმებული ფართები. აღნიშნულის საფუძველზე მოცემული თვის დეკლარაციით კომპანიამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლზე დაყრდნობით მიიღო ჩათვლა მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ ფართებზე. გადამხდელის განმარტებით, საგადასახადო შემოწმებამ ოპერაციის შინაარსი არასწორად განიხილა როგორც მიწის შესყიდვა და სანაცვლოდ ფართების გადაცემა შპს „---------თვის“, კომპანიას არ მიუღია საკუთრებაში მიწა, არც მშენებლობის განმავლობაში და არც დღეს არ გააჩნია საკუთრება აღნიშნულ მიწაზე, შესაბამისად, კომპანიამ შეასრულა სამშენებლო მომსახურება რომლის სანაცვლოდაც მიიღო კონკრეტული ფართები წინასწარ შეთანხმებული პირობებით და ადგილი არ აქვს მიწა-ბინების ბარტერის ოპერაციას. საგადასახადო შემოწმებამ კი სწორედ მოცემულ ოპერაციას შეუცვლა შინაარსი და კომპანიის მიერ ჩათვლილი თანხა სრულად გააუქმა იმ მოტივით, რომ კომპანიამ სამშენებლო მომსახურების ნაცვლად მიიღო მიწა.
გადამხდელი ასევე ითხოვს მოხდეს დამატებით იმ დღგ-ის ჩათვლა, რომელიც კომპანიამ მოცემული ბარტერული ოპერაციის ფარგლებში ვერ მოახერხა ტექნიკური მიზეზის გამო: კომპანიამ მის მიერ განხორციელებული მომსახურების მიწოდებაზე დარიცხული დღგ-ის თანხიდან - 1,386,819 ლარიდან ჩათვლა მიიღო მხოლოდ 1,117,003 ლარზე. შესაბამისად, დარიცხული თანხიდან შესამოწმებელ პერიოდში 269,816 ლარის ჩათვლა ვერ განხორციელდა, ვინაიდან 2015 წელს დარიცხული 140,034 ლარის დეკლარირება ვერ მოესწრო წინა შემოწმების დაწყების გამო და დავა ამ წინა შემოწმების ფარგლებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლოში, ხოლო 2016 წელს დარიცხულ 129,781-ში კი დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და დეკლარაცია მისი ჩაწერის საშუალებას არ იძლეოდა. გარდა ამისა, მომჩივანი ითხოვს წინა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დასაბეგრი ოპერაციის გაზრდის (მარჟის 2%-დან 7%მდე გაზრდის) შედეგად დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხების ჩათვლას.
მომჩივანი იმ გარემოებაზე მითითებით, რომ წინა და ახალი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ერთი და იმავე საკითხის შემოწმებისას საგადასახადო ორგანომ გამოიყენა ორი განსხვავებული მიდგომა და კომპანიას შეუძლებელია სცოდნოდა აღნიშნულის შესახებ, ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №216 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“ (ს/ნ ---------) 2020 წლის 6 აპრილის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---------“ (ს/ნ --------) 2020 წლის 6 აპრილის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქმეში წარმოდგენილი მასალების, ასევე, საჩივარში მითითებული გარემოებების/არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს შინაარსის გათვალისწინებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის და აღნიშნულის გათვალისწინებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერების საკითხი. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დამაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №216 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 2 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 8 თებერვლის №2254 ბრძანება და 9 თებერვლის №081-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
„შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №216 ბრძანების შესაბამისად საქმეში წარმოდგენილი მასალებით და საჩივარში მითითებული გარემოებების/არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით იქნა შესწავლილი შინაარსის გათვალისწინებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი და იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ ყოფილა დამატებითი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია, სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია მიწის ნაკვეთის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში − თითოეული მხარისათვის მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ-ის თანხა, თუ თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. ამასთანავე, ჩათვლა ხორციელდება სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღების მომენტში, მიღებული საქონლის/მომსახურების მიმართ ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა) გათვალისწინებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, 2012 წლის თებერვლის თვეში საწარმომ ხელშეკრულება გააფორმა შპს „-------თან”, რომლის თანახმადაც საწარმოს დაეკისრა საცხოვრებელი სახლის აშენება, შპს „----------“ საკუთრებაში გადაეცა მთლიანი ფართის 27.7%. საწარმომ 2019 წლის მარტის თვეში დაასრულა სამშენებლო მომსახურების მიწოდება. საწარმომ ბარტერის ფარგლებში მიღებული მიწის სანაცვლოდ ბინების და კომერციული ფართების მიწოდებისას ამავე საანგარიშო პერიოდში ჩაითვალა ბარტერულ ოპერაციაზე დარიცხული დღგ. ხოლო შემოწმებით, ვინაიდან გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ფარგლებში ერთ-ერთი ოპერაცია (მიწის ნაკვეთის მიწოდება) არ იბეგრება დღგ-ით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საწარმოს გაუუქმდა აღნიშნულ ოპერაციაზე მიღებული ჩათვლა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მხარეებს შორის 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე „მშენებლობის განხორციელების სანაცვლოდ ფართის გადაცემის შესახებ“. აღნიშნული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით, ქ. ------- მერიის არქიტექტურისა და ურბანული მოწყობის სამსახურის 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით დამტკიცებული პროექტის მიხედვით შპს „--------“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შემსრულებლის მიერ უნდა აშენდეს საცხოვრებელი სახლი. ამავე ხელშეკრულების 1.2 პუნქტის მიხედვით, დამკვეთს საკუთრებაში გადაეცემა შენობა-ნაგებობის მთლიანი ფართობის 27.7 პროცენტი საცხოვრებელი ბინების სახით, ხოლო შემსრულებელს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს განხორციელების სანაცვლოდ საკუთრებაში გადაეცემა მთლიანი საცხოვრებელი ფართობისგან დამკვეთის კუთვნილი 8 704,7 მ2 (27,7%) ფართობის გამოკლების შემდეგ დარჩენილი საცხოვრებელი ფართობი და მთლიანი კომერციული ფართობი. ორივე მხარის საკუთრებაში გადასაცემი ფართების ბინის ნომრები და სართულები წარმოდგენილია ხელშეკრულების დანართში.
შემოსავლების სამსახური ასევე ამახვილებს ყურადღებას გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, მოცემული ხელშეკრულება ტიპიური ბარტერის ხელშეკრულებაა, რომლის დროსაც კომპანიამ გასწია სამშენებლო მომსახურება, რომლის ღირებულების სანაცვლოდ მიიღო ანაზღაურება ფართების სახით, ხელშეკრულებასაც ჰქვია მშენებლობის მომსახურების სანაცვლოდ ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება. ამასთან, გადამხდელის განმარტებით, ვიდრე კომპანია შევიდოდა შპს „---------თან“ გარიგებაში, შპს „---------“ ანალოგიური ხელშეკრულებები გაფორმებული ჰქონდა სხვა ორ კომპანიასთან, თუმცა ორივე შემთხვევაში შეწყდა ხელშეკრულება. წინა ორი გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ საკუთრების უფლება მიწაზე ყოველთვის რჩებოდა შპს „--------“, რომელსაც აღნიშნული საკუთრება არ დაუთმია, მათ შორის, არც ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში. დღეის მდგომარეობითაც მიწის მესაკუთრეს ისევ წარმოადგენს შპს „----------“. ამდენად, მიწის მიწოდების განზრახვა „---------“ მხრიდან არ ყოფილა, მისი მიზანი იყო სამშენებლო მომსახურების მიღება და შესაბამისად, ოპერაციის გადაკვალიფიცირება მიწის მიწოდებად არამართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის, თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №216 ბრძანება, რომლითაც დაევალა, შინაარსის გათვალისწინებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის და აღნიშნულის გათვალისწინებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით შპს „---------“ მიერ განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა დაუსაბუთებელია და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, აღნიშნული ბარტერის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციის მიწის ნაკვეთის მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი „შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №216 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის და ბარტერის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციის მიწის ნაკვეთის მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის განმარტებით, მასსა და შპს-ს შორის 2012 წლის 03 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება მშენებლობის მომსახურების სანაცვლოდ ფართის გადაცემის შესახებ. მომჩივანი აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმებამ ოპერაციის შინაარსი არასწორად განიხილა, როგორც მიწის შესყიდვა და სანაცვლოდ ფართების გადაცემა შპს-თვის, კომპანიას არ მიუღია საკუთრებაში მიწა, არც მშენებლობის განმავლობაში და არც დღეს არ გააჩნია საკუთრება აღნიშნულ მიწაზე, შესაბამისად, კომპანიამ შეასრულა სამშენებლო მომსახურება რომლის სანაცვლოდაც მიიღო კონკრეტული ფართები წინასწარ შეთანხმებული პირობებით და ადგილი არ აქვს მიწა-ბინების ბარტერის ოპერაციას. საგადასახადო შემოწმებამ კი სწორედ მოცემულ ოპერაციას შეუცვლა შინაარსი და კომპანიის მიერ ჩათვლილი თანხა სრულად გააუქმა იმ მოტივით, რომ კომპანიამ სამშენებლო მომსახურების ნაცვლად მიიღო მიწა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით კომპანიის მიერ განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა დაუსაბუთებელია და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, აღნიშნული ბარტერის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციის მიწის ნაკვეთის მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი „შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №216 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9), 18(10), 43(4).
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის: 161(1), 168(1"ქ"), 174 (1"გ").