ბრძანება N 17254
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17254
17 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 20 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ივლისის სხდომაზე (ოქმი №73) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 20 იანვრის №9665/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-645 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმებას წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა ორისის ასლი, რომელშიც დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, 2012 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით დამფუძნებელ დირექტორზე გაცემული თანხის ნაშთი ფიქსირდებოდა 2 072 294 ლარის ოდენობით, რომელიც ბუღალტერს კვალიფიცირებული ჰქონდა, როგორც საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა. შესამოწმებელ პერიოდში, 2018 წლის პირველ იანვარს, ბუღალტრულ პროგრამაში იმავე ოდენობის თანხა ფიქსირდებოდა ნაშთად. ტექნიკური შეცდომის არსებობას ადასტურებს ისიც, რომ კომპანიამ შემმოწმებელს წარუდგინა სასამართლოს განჩინება, სადაც მითითებულია, რომ 2009-2010 წლებში კომპანიის დამფუძნებელმა საქვეანგარიშოდ გაიტანა 1 124 886 ლარი. ასევე, კომპანიამ გადაიხადა დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე დაკისრებული ჯარიმა 350 000 ლარი. სწორედ მის ხელთ არსებული მტკიცებულებების შესწავლის შემდგომ მოახდინა შემმოწმებელმა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის კორექტირება და ნაცვლად 2 170 037 ლარისა დამფუძნებელ პირზე გაცემულად განიხილა 524 886 ლარი. ამასთან, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ფაქტობრივად არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა დირექტორზე გაეცა 524 886 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 14 მაისის №14325 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32951 ბრძანება და ამავე თარიღის №006–645 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 157 332 ლარი, მათ შორის გადასახადი 83 034 ლარი, ჯარიმა 25 701 ლარი და საურავი 48 597 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-------“-ს 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ბუღალტრულ პროგრამა ორისში უფიქსირდებოდა ანგარიშვალდებულ პირზე, გაცემული თანხები 524 886 ლარის ოდენობით (რეალურად უფქისირდებოდა 2 000 000 ლარზე მეტი თანხა, თუმცა გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებების/განჩინების წარმოდგენის შემდეგ, აუდიტორის მხრიდან განხორციელდა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის კორექტირება). აღნიშნული დავალიანება კომპანიას წარმოშობილი ჰქონდა 2012 წლიდან. შემოწმების პროცესში არაერთხელ განხორციელდა გადამხდელთან კომუნიკაცია. მათ სურდათ 524 886 ლარის დივიდენდად განხილვა, თუმცა ვერ წარმოადგინეს კომპანიის ორივე დამფუძნებლის თანხმობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მიმდინარეობს დამფუძნებლებს შორის დავა კომპანიის წილებთან მიმართებაში. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ მიიჩნია, რომ 524 886 ლარი წარმოადგენდა საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხას (არ მომხდარა კვალიფიკაციის შეცვლა). ვინაიდან არ ჩანდა თანხის უკან დაბრუნება კომპანიაში, საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხაზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშდა სარგებელი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამის პერიოდებში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმებით, მოგების გადასახადის დარიცხვა არ განხორციელებულა, ვინაიდან თანხის გაცემა ფიქსირდებოდა 2012 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში.
(აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 14 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, საწარმოს მიერ დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული ფულადი თანხები დაკვალიფიცირდა უსასყიდლო მომსახურების გაწევად და საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული თანხით გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი. ამასთან, საწარმოს მიერ საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული თანხა ჩაითვალა სარგებლად და სარგებლის თანხით გაიზარდა გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმების აქტითა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „-------“-ს 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ბუღალტრულ პროგრამა ორისში უფიქსირდებოდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხები 524 886 ლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანება კომპანიას წარმოშობილი ჰქონდა 2012 წლიდან. შემოწმების პროცესში არაერთხელ განხორციელდა გადამხდელთან კომუნიკაცია. მათ სურდათ 524 886 ლარის დივიდენდად განხილვა, თუმცა ვერ წარმოადგინეს კომპანიის ორივე დამფუძნებლის თანხმობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მხრიდან გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ წარდგენილი სასამართლო განჩინება და აღნიშნულის საფუძველზე დაკორექტირებულია საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის ოდენობა.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხაზე შესაბამისი პერიოდების მიხედვით დარიცხული სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ორგანიზაციას ბუღალტრულ პროგრამაში უფიქსირდებოდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხები, რომელიც წარმოშობილი ჰქონდა 2012 წლიდან. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან არ ჩანდა თანხის უკან დაბრუნება კომპანიაში, საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხაზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშდა სარგებელი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამის პერიოდებში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმებით, მოგების გადასახადის დარიცხვა არ განხორციელებულა, ვინაიდან თანხის გაცემა ფიქსირდებოდა 2012 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხაზე შესაბამისი პერიოდების მიხედვით დარიცხული სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 154