გადაწყვეტილება №25950/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25950/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 1.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25950/2/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 1 ივლისის №081-156 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 12 სექტემბრის №20080 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 337 604.17 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 200 986.02
ჯარიმა - 105 533.40
საურავი - 31 084.75
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურება. საწარმო გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 28 ივნისიდან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5190 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 28 ივნისიდან 2025 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების და ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 1 ივლისის №14376 ბრძანება და №081-156 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 337 604.17 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 29 ივლისის გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 12 სექტემბრის №20080 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულია მოქმედი ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი, ოთხი სს „საქართველოს ბანკის“ და ორი სს „თიბისი ბანკის“ ტერმინალი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დასაბეგრი ბრუნვები დეკლარირებული აქვს 2 313 460 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნულ პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ამონაწერების მონაცემებზე დაყრდნობით, შემოწმებით დადგენილი ბრუნვა შეადგენს 3 644 314 ლარს. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საწარმოს პირველადი დოკუმენტაციის მონაცემთა ანალიზით დადგინა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დღგ-ის თანხით 38 576 ლარი, რომელზეც არ არის განხორციელებული დღგ-ის ჩათვლა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 174-ე და175-ე მუხლების გათვალისწინებით, ჩასათვლელი თანხები გაიზარდა 38 576 ლარით და შემცირდა გადასახადი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164- ე, 168-ე, 43-ე მუხლებზე და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტებთან, ჩეკების შეცდომით ამორტყმასა და გამოვლენილი დანაკლისის 10%-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 4 ნოემბერს წარდგენილი განცხადება შეცდომით ამორტყმულ ჩეკთან დაკავშირებით (პირვანდელი ჩეკის თანხა - 672 ლარი, ახალი ჩეკის თანხა - 450 ლარი). ასევე, გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა პოსტერმინალში უკან დაბრუნებული თანხები. გამოვლენილი დანაკლისის 10%-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით კი აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შემოწმება ჩატარდა თემატურად, ბრძანებით გათვალისწინებული იყო საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. აქედან გამომდინარე, შემოწმება ჩატარდა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებით განსაზღვრულ ფარგლებში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო საკითხის შესწავლის დროს, რეალიზაციების/გაანგარიშებების უზუსტობას აქვს ადგილი - შესამოწმებელ პერიოდში იმ ოდენობით შემოსავლების მიღებას ადგილი არ ჰქონია, რასაც საგადასახადო ორგანო ედავება გადასახადის გადამხდელს.
უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოს სპეციფიკის, გამოცდილი კადრების არ ქონის გამო, ხშირია შეცდომები/გაუგებრობები, მათ შორის, არასწორად/არაზუსტად/შეცდომით საკონტროლო-სალარო აპარატის და/ან პოს-ტერმინალის ჩეკის ამორტყმა, რომელიც შემდეგ უყურადღებოდ რჩებოდა. საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რომ თითქოს მომსახურების მიწოდებები სრულად არ იყო დეკლარირებული და ადგილი ჰქონდა დამალული შემოსავლების არსებობას კომპანიაში, რაც არასწორია. თუ რეალურად ის შემოსავლები იყო კომპანიაში, რაც საკონტროლო-სალარო აპარატში და პოს-ტერმინალებში არის მითითებული (აღარაფერს ამბობს გაანგარიშებების უზუსტობაზე), მაშინ მისი არასრულად დეკლარირების ინტერესი გადასახადის გადამხდელს რატომ უნდა ჰქონოდა, აქ ხომ დამალული არ იყო არაფერი და ვერც იქნებოდა. პრობლემაც სწორედ ის იყო, რომ რეალურად ამ ოდენობით შემოსავლები ხსენებულ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ მიუღია, დეკლარირებული იყო ის შემოსავლები, რასაც ფაქტიურად იღებდა კომპანია და შეცდომით/არასწორად ამორტყმული ჩეკები მხედველობაში არ მიიღებოდა. კიდევ ერთხელ დასძენს, რომ დამალული შემოსავლების ინტერესი რომ ყოფილიყო, ასეთ შემთხვევაში შესაბამისად გაცილებით ნაკლები ჩეკი იქნებოდა ამორტყმული, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. პრობლემა, როგორც აღნიშნა, იმან შექმნა, რომ შეცდომით/არასწორად ხდებოდა ჩეკის ამორტყმა, რაც თავის დროზე სათანადო რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული. მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის განმარტებით და დეკლარირებული მონაცემებით და საკონტროლო-სალარო აპარატის და/ან პოს-ტერმინალის მონაცემები მხედველობაში არ უნდა მიეღო. ამ ნაწილში საგადასახადო ორგანოს უნდა გამოეთხოვა განმარტება (საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლი) გადასახადის გადამხდელისგან და მისი გათვალისწინებით უნდა მოეხდინა სადავო საკითხის შესწავლა. ასევე, მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელებისგან უნდა მიეღო ინფორმაცია, გაწეული ხარჯების ანალიზი უნდა მოეხდინა და ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა დაედგინა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები შესამოწმებელ პერიოდში და არა ისე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.
მოცემულ შემთხვევაში შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ საქონელზე კალკულაციის გამოყენებით უნდა მომხდარიყო მზა კერძების წარმოება კომპანიის ფასნამატის გათვალისწინებით - შპს „-------“ დეკლარირებული შემოსავლების ფარგლებში; შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა მოეხდინა პროდუქტის წარმოებაზე გამოყენებული საქონლის ჩამოწერა და დარჩენილი საქონელი, როგორც დანაკლისი - 10%-იანი ფასნამატით, უნდა მოეხდინა მისი რეალიზაცია/დაბეგვრა (საქონლის გაფუჭების შემთხვევებზე რომ არაფერი არ თქვას), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ზემოთ აღნიშნული ხარვეზების არ არსებობის შემთხვევაში, სადავო საკითხზე გაცილებით ნაკლები სადავო თანხების დარიცხვა მოხდებოდა საწარმოზე, ვიდრე ეს მოცემულ შემთხვევაშია. მიაჩნია, რომ ზემოთ ხსენებული სადავო საკითხი სათანადოდ არ იქნა შესწავლილი/გამოკვლეული შემოსავლების სამსახურის 12/09/2025 წლის №20080 ბრძანების მიღების დროს. აღნიშნული ბრძანება ვერ აქარწყლებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებს. შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული აქტები არასწორია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დასაბეგრი ბრუნვები დეკლარირებული აქვს 2 313 460 ლარის ოდენობით, ხოლო საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ამონაწერების მონაცემებზე დაყრდნობით, შემოწმებით დადგენილი ბრუნვა შეადგენს 3 644 314 ლარს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა დღგ.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5190 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების და ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ან ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 1 ივლისის №081-156 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 337 604.17 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 200 986.02 ლარი, ჯარიმა - 105 533.40 ლარი და საურავი - 31 084.75 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
თუ სანქციის სახით დამატებით 136 000 ლარზე მეტი თანხის გადახდაზე მიედავებით საწარმოს, იგი მომავალში ვეღარ შეძლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც კიდევ უფრო მეტ ახალ გაუგებრობას და პრობლემას წარმოშობს მომავალში; ტვირთი საკმაოდ დიდია და აღნიშნული საქმიანობის პარალიზებას იწვევს – ყველა თანმდევი შედეგით. ფიქრობს, ეს არავის ინტერესში არ უნდა შედიოდეს; სანქციის ნაწილში სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა თუ არა პირი – მარტო ამ მიდგომით მსჯელობა არ არის საკმარისი; სანქციის გამოყენების/არგამოყენების თაობაზე მსჯელობისას მიზანშეწონილობის საკითხის უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს; რამდენად მოიტანს სიკეთეს სანქციისგან გადამხდელის გათავისუფლებაზე უარი – ხომ არ მოხდება კომპანიის საქმიანობის პარალიზება, დაიკარგება სამუშაო ადგილები, დაიწყება და გაგრძელდება წლების განმავლობაში სასამართლო დავები თანხების გადახდის/დაკისრების მოთხოვნით და ამ ნაწილში იქნება დამატებით სასამართლოს და სასამართლოს გარეშე ხარჯები, რომ არაფერი ვთქვათ დავის პერიოდში გასაჩივრებული აქტებით გადამხდელზე დამატებით დარიცხული კუთვნილი ძირითადი თანხების გადახდის შეჩერებაზე – იმის გამო რომ სახელმწიფომ დამატებით სანქციის სახით მიიღოს თანხები გადამხდელისგან. ფიქრობს, ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები საერთოდ დაუსაბუთებელი და არასწორია და მისი მიღების დროს არ არის გათვალისწინებული ის, თუ რა იქნება ასეთი ქმედების შედეგები მომავალში. მიაჩნია, რომ ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. ეს საკითხი სათანადოდ არ იქნა შესწავლილი/გამოკვლეული გასაჩივრებული აქტების მიღების დროს.
მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7-ე ნაწილის შესაბამისად, საწარმო უნდა გათავისუფლდეს სადავო აქტებით დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმა-საურავი).
გადამხდელის და სახელმწიფოს ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის ვალდებულებიდან (საგადასახადო კოდექსის 51.1.ბ მუხლი), სზაკ 53-ე, 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში შემმოწმებელს უნდა გამოეკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ზემოთ აღნიშნული დარღვევების არ არსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება - სზაკ 601 მუხლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების და ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ან ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 269(7)