გადაწყვეტილება №22245/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22245/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 14.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22245/2/2024).
დავის საგანი:
შემოწმებით დადგენილ ფასნამატი და გამოვლენილი დანაკლისი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №001-344 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.02.2024 წლის №1717 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 41 663 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 10 558
დღგ - 10 516
ქონების გადასახადი - (-681)
საშემოსავლო გადასახადი - 723
ჯარიმა - 29 104
საურავი - 2 001
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში იყენებდა საბუღალტრო პროგრამა „ორისსა“ და „1C“, რომელიც დაზიანდა - რამდენიმე თანამშრომლის მიერ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებებით და შემოწმებისათვის ვერ იქნა სრულად მოწოდებული საქონლის ნაშთების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №13984 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, 2023 წლის 20 ივნისის თარიღისათვის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით განისაზღვრა 281 744 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულ თარიღში ბუღალტრული ნაშთი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამ მიზნით შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღამდე, რისთვისაც გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემები, ასევე პროგრამაა „ორისში“ ასახული 2020-2022 წლების ჩამოწერილი საქონლის თანხობრივი თვითღირებულებების ოდენობა, რაც ნაწილობრივ შესაბამისობაში იყო ფინანსური ანგარიშგების პორტალზე წარდგენილ მონაცემებთან. ამდენად, გადამხდელის მიერ დეკლარირებული და შემოწმებით დადგენილი მარჟის (16,8%) გათვალისწინებით გამოვლინდა დანაკლისი თვითღირებულებით 164 415 ლარის ოდენობით.
ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 226 604 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია (ჯარიმა 10%) და მიეცა რეკომენდაცია - გამოვლენილი დანაკლისის 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში დეკლარირების შესახებ.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 28.12.2023 წლის №33575 ბრძანება და №001-344 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.02.2024 წლის №1717 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, ამავე მუხლის 28-ე ნაწილით და აღნიშნა, რომ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამოდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილი მარჟის (16,8%) გათვალისწინებით 2023 წლის 20 ივნისის თარიღისთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულ და ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვაობის დანაკლისად განხილვა და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით ჯარიმის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად.
რაც შეეხება გადამხდელის მიერ საჩივარზე წარმოდგენილ ცნობას, როგორც შემოწმების აქტიდან ირკვევა, ------- ფილიალში გამოვლენილ სალაროს დანაკლისზე გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ------- მთავარი სამმართველოს დადგენილება - დაზარალებულად ცნობის შესახებ, შესაბამისად სალაროს ნაშთზე დამატებით თანხების დარიცხვა არ მომხდარა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება დანაკლისს და ასევე ფასნამატის პროცენტს. გამოვლენილ ფასნამატი მიღებულია საშუალო არითმეტიკულის მეთოდით, რაც არ შეესაბამება რეალობას, რადგანაც პროგრამიდან აღებულ ინფორმაციას გააჩნია მცირედი უზუსტობები. მაგ: არის პროდუქცია რომელსაც შესაძენი ფასი 0 უწერია და შემდგომში მისი რეალიზაციიდან 100% მოგება ფიქსირდება ასეთი ფაქტი არის უმრავ პროდუქციაზე, №18363, რომელიც ითვალისწინებს 1% დანაკლისი ჩამოწერას კალენდარული წლის ჭრილში. რაც სავაჭრო ობიექტს არ გამოუყენებია არასდროს, შესაბამისად ამის გათვალისწინებით აღნიშნულის გამოყენებით 28500 ლარის ჩამოწერაა შესაძლებელი, ასვე გააჩნია 48000 ლარზე დაზარალებულის ცნობა, ასვე 1800 ლარზე შესაბამისად ეს ფაქტი ცვლის ამ მოცემულობას. სავაჭრო ობიექტს 14% მეტი ფასნამატი არ გააჩნია. მაგალითად მხოლოდ თამბაქოს რეალიზაცია შედგენს 993905.85 ლარს, სადაც ფასნამატი 5-6% არ აღემატება რაცაა არაა გათვალისწინებული. ასვე არსებობს შემოსავლების სამსახურის ბრძანება, რაც დადასტურებულია საგამოძიებო სამსახურის დოკუმენტებით.
შემოწმების და ინვენტარიზაციის შედეგად არსებულ სავაჭრო ობიექტს გააჩნდა ნაშთი 281 744 ლარის სარეალიზაციო ფასებით, ხოლო მის მიერ ხელმეორედ გადათვლებით არსებულ პერიოდზე გამოვლინდა მხოლოდ 38950 ლარის დანაკლისი თვითღირებულებით.
ითხოვს მოხდეს ხელახლა %-ის გაანგარიშება და ასევე დანაკლისი შემცირება, რომელიც საგადასახადო ორგანოს დათვლებით შედგება 164 415 ლარი ხოლო მის მიერ დათვლებით ეს თანხა შეადგენს 38950 ლარს. აგრეთვე გასათვალისწინებელი №18363 ბრძანების საფუძველზე 1% დანაკლისის ჩამოწერა და ასევე დაზარალებულად ცნობების საფუძველზე 54 000 ლარის ჩამოწერა აღნიშნულ ნაშთზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
შემოწმებისას დადგინდა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №13984 ბრძანებით განხორციელდა საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შესაბამისადაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით განისაზღვრა 281 744 ლარის ოდენობით 2023 წლის 20 ივნისის თარიღისათვის. ზემოაღნიშნულ თარიღში ბუღალტრული ნაშთის განსაზღვრისათვის შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით. ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, 2023 წლის 20 ივნისს კომპანიის ბუღალტრული ნაშთის განსაზღვრისათვის შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღამდე. კერძოდ, შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემები, ასევე პროგრამაა „ორისში“ ასახული 2020-2022 წლების ჩამოწერილი საქონლის თანხობრივი თვითღირებულებების ოდენობა, რაც ნაწილობრივ შესაბამისობაში იყო ფინანსური ანგარიშგების პორტალზე წარდგენილ მონაცემებთან. ამდენად, გადამხდელის მიერ დეკლარირებული და შემოწმებით დადგენილი მარჟის (16,8%) გათვალისწინებით გამოვლენილ იქნა დანაკლისი თვითღირებულებით 164 415 ლარის ოდენობით. ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დანაკლისი საბაზრო ღირებულებით განსაზღვრულ იქნა 226 604 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით თანხა). საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად პირი დაჯარიმა 10%-იანი განაკვეთით და მიეცა რეკომენდაცია - გამოვლენილი დანაკლისის 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში დეკლარირების შესახებ.
უსაფუძვლოა მომჩივნის არგუმენტი დაზარალებულად ცნობის შესახებ გათვალისწინებასთან დაკავშირებით, ვინაიდან შემოწმების აქტიდან ირკვევა, ------- ფილიალში გამოვლენილ სალაროს დანაკლისზე გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ------- მთავარი სამმართველოს დადგენილება - დაზარალებულად ცნობის შესახებ, შესაბამისად სალაროს ნაშთზე დამატებით თანხების დარიცხვა არ მომხდარა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტს ან რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებით დადგენილი ფასნამატით და საქონლის დანაკლისის გამოვლენისათვის ჯარიმის განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს შემოწმებით დადგენილ ფასნამატი და გამოვლენილი დანაკლისი.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის ვერ იქნა სრულად მოწოდებული საქონლის ნაშთების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი.
გადამხდელის მიერ დეკლარირებული და შემოწმებით დადგენილი მარჟის გათვალისწინებით გამოვლინდა დანაკლისი, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია (ჯარიმა 10%) და მიეცა რეკომენდაცია - გამოვლენილი დანაკლისის 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში დეკლარირების შესახებ.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.02.2024 წლის №1717 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებით დადგენილი ფასნამატით და საქონლის დანაკლისის გამოვლენისათვის ჯარიმის განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(9)