ბრძანება N 5167

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.03.2024
№ დოკუმენტი 5167
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5167

11 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 5 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №18457/21-10-22 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 24 იანვრის №EL239427 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ---------- გამშვებ პუნქტზე შემოვიდა მათ მიერ წინასწარ დეკლარირებული საქონელი, რომელიც მოხვდა მწვანე დერეფანში, რის შემდეგაც ავტომობილი გამოცხადდა მათ კუთვნილ საწყობში და იმავე ღამეს მოხდა მისი დაცლა. დაცლის პროცესში აღმოჩენილ იქნა, რომ საქონლის გამომგზავნ კომპანიას წინასწარ დეკლარირებულ საქონელთან ერთად მანქანა დაუტვირთავს სხვა პროდუქციითაც, რომელზეც ცალკე ინვოისი იყო გამოწერილი. კომპანიას კი ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ 4 წლიანი საქმიანობის განმავლობაში არ ჰქონიათ მსგავსი სამართალდარღვევა და აღნიშნულზე მითითებით ითხოვს დასავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 18 იანვარს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ საბაჟო კონტროლის ზონაში შემოვიდა №---------- სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო შპს „----------“ (ს/ნ ----------) კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი (საერთო წონა – 13 283 კგ). აღნიშნული საქონლის ნაწილი – 11437.24 კგ სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, წინასწარ იყო დეკლარირებული თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში №---------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით.

საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა წინასწარ დეკლარირებული საქონლის შეფასება და №---------- საბაჟო დეკლარაციას მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“.

ვინაიდან №---------- სატრანსპორტო საშუალებაში ასევე განთავსებული იყო 1 846 კგ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე დარეგისტრირდა №---------- აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „----------“.

2024 წლის 23 იანვრის შპს „----------“ (ს/ნ ----------) №---------- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა, რომ №---------- სატვირთო ავტომობილი, სადაც განთავსებული იყო №---------- აღრიცხვის მოწმობაში მითითებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ნაცვლად, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში (----------), სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქის ახსნა და საქონლის გადმოტვირთვა.

2024 წლის 23 იანვარს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა დაათვალიერა ზემოაღნიშნულ საწყობში განთავსებული საქონელი, რის შედეგადაც საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

ვინაიდან შპს „----------“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტს, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“-ის უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 24 იანვარს შედგენილ იქნა №EL239427 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3265.44 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან ერთად 2024 წლის 24 იანვარს გამოიცა №EL11116/2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 3265.44 ლარი (იმპორტის გადასახადი – 1 218 ლარი; დღგ – 2047.44 ლარი) და საურავი 3.26 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, ნაცვლად საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე წარდგენისა, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე გამოცხადდა კომპანიის საწყობში, სადაც გადმოიტვირთა და განიკარგა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, რაც არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დასკირებული პასუხისმგებლობა მართზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქონლის გამომგზავნ კომპანიას წინასწარ დეკლარირებულ საქონელთან ერთად მანქანა დაუტვირთავს სხვა პროდუქციითაც, რომელზეც ცალკე ინვოისი იყო გამოწერილი. კომპანიას კი ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ 4 წლიანი საქმიანობის განმავლობაში არ ჰქონიათ მსგავსი სამართალდარღვევა და აღნიშნულზე მითითებით ითხოვს დასავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, ნაცვლად საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე წარდგენისა, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე გამოცხადდა კომპანიის საწყობში, სადაც გადმოიტვირთა და განიკარგა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, რაც არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172.