ბრძანება N 16833
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16833
12.07.2023
ბრძანება
ფ/პ --------- (პ/ნ --------)
(მის: -------------
2023 წლის 21 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა ფ/პ -------- (პ/ნ --------) №81834/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №EL213671 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ნივთების ძირითადი ნაწილი იყო დეკლარირებული. მხოლოდ 2 სკამი და დივანი არ დაუდეკლარირებია, რადგან დივანი შედიოდა ოთხეულში, რის გამოც ცალკე დივნად არ მიიჩნია, სკამები კი პირადი მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 17 ივნისს ფ/პ ------- (პ/ნ -------) მიერ №11112/C14296 საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დადეკლარირდა 1494.57 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი (საერთო წონით – 104 კგ). აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ შეირჩა „წითელი დერეფანი“.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: მ/მ რბილი დასაჯდომი სავარძელი – 2 ერთეული, მ/მ ხის სკამი – 2 ერთეული და მ/მ ლითონის სკამი ნაჭრის ზედაპირით – 1 ერთეული.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №005596/2023 (19.06.2023) დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა – 1 472 თურქული ლირა (162.21 ლარი).
ვინაიდან, --------- მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, ამასთან, საქონლის გაშვებამდე შემოწმებისას აღმოჩენილი არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება (162.21 ლარი) აღემატებოდა დეკლარირებული საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს (74.73 ლარი), გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 19 ივნისს შედგენილ იქნა №EL213671 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც -------- (პ/ნ -------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნაგანმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიო ჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:
ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;
ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივანს საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დადეკლარირებული ჰქონდა 1494.57 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი, ხოლო 162.21 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (მეორადი ავეჯი) დეკლარირება არ მოუხდენია და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოჰქონდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, დეკლარირების გარეშე, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია.
გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით კი შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სამართალდარღვევისთვის გამოყენებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს. ამასთან, ქმედება არ არის ჩადენილი განმეორებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, გამოყენებულ უნდა იქნეს გაფრთხილება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. 2023 წლის 19 ივნისის №EL213671 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა შეიცვალოს გაფრთხილებით;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის № 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ნივთების ძირითადი ნაწილი იყო დეკლარირებული. მხოლოდ 2 სკამი და დივანი არ დაუდეკლარირებია, რადგან დივანი შედიოდა ოთხეულში, რის გამოც ცალკე დივნად არ მიიჩნია, სკამები კი პირადი მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ვინაიდან,მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, ამასთან, საქონლის გაშვებამდე შემოწმებისას აღმოჩენილი არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება (162.21 ლარი) აღემატებოდა დეკლარირებული საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს (74.73 ლარი), გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 19 ივნისს შედგენილ იქნა №EL213671 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, გამოყენებულ უნდა იქნეს გაფრთხილება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 5, 27(1), 73(1"ა"), 163(1)(15), 168(1)(3).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.