გადაწყვეტილება №18773/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.03.2023
№ დოკუმენტი 18773/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18773/2/2023

30.03.202

გადაწყვეტილება

მომჩივანი: "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 2.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18773/2/2023).

დავის საგანი:

შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებების მონაცემების მიწოდებიდან ამოღება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2022 წლის №077-26 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33812 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 234 513,36 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 138 043

დღგ - 73 190

საშემოსავლო გადასახადი - 64 798

ქონების გადასახადი - 55

ჯარიმა - 62 043

საურავი - 34 427,36

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა ხის მორების გადამუშავება.

აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 26.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი აქვს დღგ-ის დეკლარაციები, რომელთა მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 264 992 ლარს.

გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს მიერ მოწოდებული საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივანი ახდენდა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებების გამოწერას არარსებულ ოპერაციებზე და რეალურად ხდებოდა აღნიშნულ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ხის მასალის რეალიზაცია. ასევე, რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ტრანსპორტირების განხორციელების შემდგომ აღნიშნული სასაქონლო ზედნადებების უსაფუძვლო გაუქმებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების გათვალისწინებით, მეწარმის შემოსავლები გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, მოწოდებული მასალებით დადგენილ რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა შესაბამისი სახეობის საქონლის გადასახადის გადამხდელის საშუალო შეწონილი თვის ფასები, შედეგად დაკორექტირდა შესაბამისი წლების ერთობლივი შემოსავალი. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ, ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2022 წლის №077-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33812 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველი ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შესამოწმებელ პერიოდში დაჯარიმებულია 6-ჯერ საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრასპორტირებისთვის. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმის მასალებით დადგენილია, რომ გადამხდელი წერდა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებს არარსებულ ოპერაციებზე და რეალურად ახდენდა აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ხის მასალის რეალიზაციას, რიგ შემთხვევებში კი ადგილი ჰქონდა ტრანსპორტირების განხორციელების შემდგომ სასაქონლო ზედნადებების უსაფუძვლო გაუქმებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები და რეალიზებულ საქონელზე შესაბამისი სახეობის საქონლის გადასახადის გადამხდელის საშუალო შეწონილი თვის ფასების გავრცელება მართლზომიერია. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯების პირველადი საგადასახადო დოკუმენტები შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ არის. შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით შემცირებულია შესაბამისი პერიოდების გამოსაქვითი ხარჯები. ხოლო, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით რეალიზებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაზეც გამოსაქვითი ხარჯი განსაზღვრული იქნა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების მიმდინარეობისას და არც დავის წარმოების პროცესში დამატებით არ აქვს წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ძირითადი მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ რეალიზაციაში ჩათვლილი იქნა შიდა გადაზიდვებით დაფიქსირებული ხე-ტყის მასალის (ფიცარი) რეალიზაცია, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ყველა გადაზიდვაში ფიქსირდება სახერხი საამქროს ცნობის ნომრები. რომ მომხდარიყო შიდა გადაზიდვების რეალიზაცია, საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს ფაქტიური და ბუღალტრული ნაშთი არ დაემთხვეოდა ერთმანეთს. ინვენტარიზაციის შედეგით არ გამოვლენილა არც დანაკლისი, არც ზედმეტობა.

გათვალიწინებული უნდა იქნას წარმოდგენილი არგუმენტი, შიდა გადაზიდვის რეალიზაცია ამოღებული უნდა იქნეს ბრუნვიდან, რაც შეამცირებს დასაბეგრ ბაზას და შესაბამისად დაკისრებულ ვალდებულებას, რის გადახდასაც შეძლებს დროულად. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებს ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. შესამოწმებელ პერიოდში 6-ჯერ არის დაჯარიმებული საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივანი ახდენდა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებების გამოწერას არარსებულ ოპერაციებზე და რეალურად ხდებოდა აღნიშნულ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ხის მასალის რეალიზაცია. ასევე, რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ტრანსპორტირების განხორციელების შემდგომ აღნიშნული სასაქონლო ზედნადებების უსაფუძვლო გაუქმებას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ ხდებოდა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული საქონელის რეალიზაცია, ასევე სათანადო საფუძვლების გარეშე ხდებოდა სასაქონლო ზედნადებების გაუქმება, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი მოითხოვს შიდა გადაზიდვის რეალიზაცია ამოღებულ იქნეს ბრუნვიდან, რაც შეამცირებს დასაბეგრ ბაზას და შესაბამისად დაკისრებულ ვალდებულებას, რის გადახდასაც შეძლებს დროულად. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებს ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, მომჩივანი ახდენდა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებების გამოწერას არარსებულ ოპერაციებზე და რეალურად ხდებოდა აღნიშნულ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ხის მასალის რეალიზაცია. ასევე, რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ტრანსპორტირების განხორციელების შემდგომ აღნიშნული სასაქონლო ზედნადებების უსაფუძვლო გაუქმებას.

მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ, ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ ხდებოდა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული საქონელის რეალიზაცია, ასევე სათანადო საფუძვლების გარეშე ხდებოდა სასაქონლო ზედნადებების გაუქმება, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:100(მე-3 ნაწილის „ბ“),161( პირველი ნაწილის „ა“),159(პირველი ნაწილის „ა"),102( პირველი ნაწილის „ა“) ,286(3 ნაწილი).