გადაწყვეტილება №20081/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.10.2023
№ დოკუმენტი 20081/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20081/2/2023

03 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 27.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20081/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება;

2. კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილებისგან განსხვავებულ მისამართებზე მიტანილი სამშენებლო მასალების უსასყიდლო მიწოდებად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №007-386 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13521 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 750 363 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 424 413

დღგ - 361 705

მოგების გადასახადი - 32 454

საშემოსავლო გადასახადი - 27 965

ქონების გადასახადი - 2 289

ჯარიმა - 214 942

საურავი - 111 008

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №007-386 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13521 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ეწეოდა სამშენებლო საქმიანობას და აშენებული აქვს ერთი კორპუსი - ქ. ------ში, -------ს ქუჩა №---ში. ბინები შემძენს ბარდება ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობაში. ბინების მიწოდებიდან მიღებული ავანსები და ასევე ავანსის გარეშე მიწოდების შემთხვევაში მთლიანი სარეალიზაციო თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის დაბეგრილი დღგ-ით. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის, საბანკო ამონაწერების და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც ბევრად აღემატება დეკლარირებულს. სხვაობა შეადგენს 1 825 335 ლარს. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის, 159- ე მუხლის და 163-ე მუხლების საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ ბინების მიწოდებიდან მიღებული ავანსები და ასევე ავანსის გარეშე მიწოდების შემთხვევაში მთლიანი სარეალიზაციო თანხები არ არის დაბეგრილი დღგ-ით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის, საბანკო ამონაწერებისა და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით მართლზომიერად გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს, მიეცეს შესაძლებლობა შემმოწმებელთან ერთად გაიაროს მიღებული ავანსების დაბეგვრის საკითხი, რათა სწორად განისაზღვროს დასაბეგრი ბრუნვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2023 წლის №91644-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ ბინების მიწოდებიდან მიღებული ავანსები და ასევე ავანსის გარეშე მიწოდების შემთხვევაში მთლიანი სარეალიზაციო თანხები არ არის დაბეგრილი დღგ-ით. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის, საბანკო ამონაწერების და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც ბევრად აღემატება დეკლარირებულს. სხვაობა შეადგენს 1 825 335 ლარს. ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა გადასახადის გადამხდელის მიერ შედგენილი იქნა შემოწმების მიმდინარეობისას. შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაემთხვა საბუღალტრო პროგრამის მონაცემებს. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების ცხრილი მომჩივანს გაეგზავნა ელ. ფოსტით და ამ ნაწილში შეუთანხმებელი პოზიციები არ ყოფილა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს ბინების მიწოდებიდან მიღებული ავანსები და ასევე ავანსის გარეშე მიწოდების შემთხვევაში მთლიანი სარეალიზაციო თანხები არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული მონაცემები.

აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილებისგან განსხვავებულ მისამართებზე მიტანილი სამშენებლო მასალების უსასყიდლო მიწოდებად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელს 2020 წლის დეკემბრიდან შეძენილი აქვს სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალა, ძირითადად არმატურა, ბეტონი და მიტანილი აქვს მისამართებზე, რომლებიც არ არის კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილები. ამავდროულად, აღნიშნულ პერიოდში უკვე დასრულებული აქვს ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა და თითქმის ამოწურულია გასაყიდი ბინები. საგადასახადო კოდექსის 983 და 159-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული ოპერაცია დაიბეგრა უსასყიდლო მიწოდებად. ღირებულებამ შეადგინა 183 944 ლარი და დაიბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ პუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 983 მუხლის პირველი ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალა, რომელიც მიტანილი აქვს ისეთ მისამართებზე, რომლებიც არ არის კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი. ამავდროულად, აღნიშნულ პერიოდში გადამხდელს დასრულებული აქვს ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა და თითქმის ამოწურულია გასაყიდი ბინები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული ოპერაციის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ კომპანიას ნაყიდი აქვს პროდუქცია სხვა მისამართზე, სადაც არ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას. აღნიშნული შემმოწმებელმა ჩათვალა უსასყიდლო მიწოდებად და დაბეგრა როგორც დღგ-ის გადასახადით, ასევე მოგების გადასახადით. მომჩივანი მიუთითებს, რომ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სამშენებლო მომსახურებაზე დამკვეთთან და აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა მასალების შესყიდვა და შესაბამისად მიღება-ჩაბარების გაფორმებისთანავე მოხდება სამუშაოს მიწოდება და შესაბამისად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაწერა და მისი დაბეგვრა. ითხოვს, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანს 2020 წლის დეკემბრიდან შეძენილი აქვს სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალა, ძირითადად არმატურა, ბეტონი და მიტანილი აქვს მისამართებზე, რომლებიც არ არის კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილები. ამავდროულად, აღნიშნულ პერიოდში უკვე დასრულებული აქვს ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა და თითქმის ამოწურულია გასაყიდი ბინები. შემოწმებით აღნიშნული ოპერაცია განხილულ იქნა უსასყიდლოდ მიწოდებად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება;

2. კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილებისგან განსხვავებულ მისამართებზე მიტანილი სამშენებლო მასალების უსასყიდლო მიწოდებად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ეწეოდა სამშენებლო საქმიანობას და აშენებული აქვს ერთი კორპუსი. ბინები შემძენს ბარდება ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობაში. ბინების მიწოდებიდან მიღებული ავანსები და ასევე ავანსის გარეშე მიწოდების შემთხვევაში მთლიანი სარეალიზაციო თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის დაბეგრილი დღგ-ით. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის, საბანკო ამონაწერების და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც ბევრად აღემატება დეკლარირებულს. სხვაობა შეადგენს 1 825 335 ლარს. მომჩივანს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელს 2020 წლის დეკემბრიდან შეძენილი აქვს სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალა, ძირითადად არმატურა, ბეტონი და მიტანილი აქვს მისამართებზე, რომლებიც არ არის კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილები. ამავდროულად, აღნიშნულ პერიოდში უკვე დასრულებული აქვს კორპუსის მშენებლობა და თითქმის ამოწურულია გასაყიდი ბინები. აღნიშნული ოპერაცია დაიბეგრა უსასყიდლო მიწოდებად. ღირებულებამ შეადგინა 183 944 ლარი და დაიბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1"ა"), 163(1)(2)(6"ბ"), 164(1), 73(9"ბ"), 97(1"გ"), 983(1).

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა""ა.ბ.დ")(8).