გადაწყვეტილება № 27583/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.07.2026
№ დოკუმენტი 27583/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27583/2/2026

22 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს„------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----15.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27583/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №001-68 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.05.2026 წლის №11374 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 85 069,85 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 52 582 ლარი.

დღგ - 49 578

საშემოსავლო გადასახადი - 2 580

ქონების გადასახადი - 424

ჯარიმა - 25 036

საურავი - 7 451,85

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შპს „-----“ საქმიანობის საგანია ჩინეთიდან იმპორტირებული სათამაშოებით საბითუმო ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 16.01.2024 წლიდან 1.01.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით იჯარით ჰქონდა აღებული სასაწყობე ფართი შპს „--- შპს ----“ (ს/ნ ---), ხოლო 2025 წლის ივლისში ხელშეკრულება სასაწყობე ფართის იჯარაზე გააფორმა შპს „----“ (ს/ნ ----). სასაწყობე ფართი მდებარეობს ----, სოფელ ----. შპს „----“ (ს/ნ ----) სავაჭრო ობიექტი არ გააჩნია. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 22%-ს. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის 45% დოკუმენტურია, თუმცა, საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა ვერც შემოწმების და ვერც გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ განხორციელდა. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას წარმოადგინა საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ ასლი. საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საბუღალტრო პროგრამით შეუძლებელია განხორციელდეს კონტროლი გადასახადის გადამხდელის საქონლის მოძრაობაზე, რადგან საქონელი აღრიცხული და ჩამოწერილია ჯამურად, რის გამოც წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამას საგადასახადო შემოწმება დღგ-ის ნაწილში არ დაეყრდნო. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, წარმოედგინა საქონლის მოძრაობის ამსახველი ცხრილი ან/და დოკუმენტური რეალიზაცია შეძენებთან დაეკავშირებინა ფასნამატის დადგენის მიზნებისთვის, თუმცა, გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ცხრილი ვერ წარადგინა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 18 თებერვლის №3513 ბრძანების საფუძველზე, 18.02.2026 წელს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რა დროსაც გადასახადის გადამხდელთან გამოვლინდა საქონლის ნაშთი 659 965.06 ლარის ოდენობით საბაზრო ღირებულებით. გარდა აღნიშნულისა, შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი საქონლის ნაწილზე (საბაჟო დეკლარაცია №------) არ ჰქონდა მიღებული დღგ-ის ჩათვლა.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 18 თებერვალს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურის შედეგებისა და მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებული ფასნამატის გათვალისწინებით, დადგინდა გადასახადის გადამხდელის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, დაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში შპს „----“ (ს/ნ -----) მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ზემოაღნიშნული აუდირებული ფასნამატი და მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. გარდა ამისა, საგადასახადო შემოწმებით, №------ საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხა გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მესამე მხარისგან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული შემოსავლები, ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი და ხარჯი, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ბიუჯეტთან ანგარიშსწორება. დადგინდა, რომ ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 7 459,72 ლარს. გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.02.2026 წლის №3361 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის ოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს არ გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში, ხოლო გადასახადის გადამხდელის კუთვნილი ნაღდი ფული 600 აშშ დოლარის ოდენობით ინახება დირექტორის, საცხოვრებელ ბინაში, რომელიც კავშირში არ მომჩივნის ეკონომიკურ საქმიანობასთან. აღნიშნული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით, გამოვლინდა ფულის ნაშთი, განკარგვადი თანხა, რომელიც არ ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არც გადასახადის გადამხდელის სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადს გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №001-68 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსხურში.

შემოსავლების სამსახურის 25.05.2026 წლის №11374 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მ-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

რეალიზაცია ხდება საწყობიდან, რადგან სავაჭრო ობიექტი არ აქვს. შპს ,,----“-ს (ს/ნ ----) მიერ საქონლის რეალიზაციის ფაქტიური ფასნამატი შეადგენს 22 %- ს, რაც დეკლარირებულია საწარმოს მიერ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის 45% დოკუმენტურია, რაც ცოტას არ წარმოადგენს, ხოლო მიღებული საქონელის 100% არის იმპორტირებული, მიუხედავათ ამისა შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა ვერც შემოწმების და ვერც გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ განხორციელდა. მომჩივნის მხრიდან ფასნამატი დადგენილი იყო და დეკლარირებულიც, რაც შეადგენდა 22 %-ს, ხოლო შემმოწმებლების მხრიდან შესაძლებელი იყო მისი განსაზღვრა, რადგან როგორც შემოწმების აქტშია დაფიქსირებული მიერ დეკლარირებული ბრუნვის 45% დოკუმენტურია, ხოლო მიღებული საქონელის 100% არის იმპორტირებული, ამიტომ საჭიროება არ მოითხოვდა სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დაედგინა ფასნამატი, რაც წარმოუდგენლად არარეალურია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ გორის მუნიციპალიტეტში არ არსებობს მსგავსი სავაჭრო ობიექტი. როგორც შემმოწმებლის მხრიდან არის აღნიშნული ბუღალტრის მიერ აღრიცხული და ჩამოწერილი იყო ჯამურად თანხობრივად, მაგრამ ფასნამატის დადგენა შესაძლებელია, რაც მოითხოვდა შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას, რაც საწარმოს შემოწმების მომენტისათვის არ გააჩნდა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 22%-ს, დეკლარირებული ბრუნვის 45% იყო დოკუმენტური, თუმცა, საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი ვერც შემოწმების და ვერც გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ დადგინდა. დაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში შპს „-----“ მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებული ფასნამატი და მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ხოლო, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გაანგარიშებული საწარმოს განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივანი აპელირებს დოკუმენტური ფასნამატის გავრცელებაზე, თუმცა, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ვერ გაიმიჯნა და დაიდენტიფიცირდა/ვერ დაკავშირდა შეძენილი საქონელი დოკუმენტით რეალიზებულ საქონელთან, ამდენად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. ამასთან, მომჩივანს მიეცა წინადადება, წარმოედგინა საქონლის მოძრაობის ამსახველი ცხრილი ან/და დოკუმენტური რეალიზაცია შეძენებთან დაეკავშირებინა ფასნამატის დადგენის მიზნებისთვის, თუმცა გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ცხრილი ვერ წარადგინა.

საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ვერ წარადგინა ახალი არგუმენტები ან მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 22%-ს, ხოლო დეკლარირებული ბრუნვის 45% იყო დოკუმენტურად დადასტურებული, თუმცა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის დადგენა ვერც შემოწმებამ და ვერც გადამხდელმა შეძლო. შესაბამისად, დაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რასაც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებული ფასნამატი, ხოლო მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.

ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გაანგარიშებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(9);101(1)154(1);