ბრძანება N 600
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 600
21 იანვარი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.:„-------“)
2025 წლის 22 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 22 დეკემბრის №99519/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 დეკემბრის №024-124 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი განკარგვადი თანხის ოდენობას და აღნიშნულის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საფოსტო გზავნილების სიების ორგანიზება, ტრანსპორტირების დოკუმენტების მომზადება და გაგზავნა/გაცემის შესახებ ინფორმაციის შეგროვება. დამკვეთი არის „-------“კომპანია „-------“, რომელიც საწარმოს უხდის მომსახურების საფასურს 100 ევროს ოდენობით თითო რეისზე, როგორც "------"--"------"-ის, ასევე "------"-"------"-ის მიმართულებით.
რაც შეეხება იმ გზავნილებს, რომლებიც თითქოს შპს „------- -ის“ მიერაა გადაზიდული, გადამხდელი აღნიშნავს, რომ წარმოადგენს პარტნიორი კომპანიების ახსნა-განმარტებებს, სადაც ნათლად მითითებულია, რომ შპს „-------ის“ მიერ არ ხდება ამანათების გადატანის საფასურის აღება. გარდა ამისა, ასევე წარმოადგენს „-------“ კომპანია „-------“-სა და ქართულ გადამზიდავ კომპანიებს შორის არსებულ ხელშეკრულებებს, რომლებიც ნათლად ადასტურებს, რომ ამანათების გადაზიდვის საფასურს (1კგ-ის საფასური 0,5 ცენტი) იღებენ წარმოდგენილი კომპანიები.
გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი, კერძოდ ტრანსპორტირების კომპონენტი, რამაც ერთ რეისზე შეადგინა 900 ევრო, სულ 633 727 ლარი, თუმცა გაურკვეველია რა მოსაზრებას ეფუძნება შემმოწმებელი, ვინაიდან მსგავსი ხარჯი შპს „-------“ არასდროს გაუწევია. ამასთან, წარმოუდგენელია ამანათის გადაზიდვის საფასურის გადახდა ორივე მიმართულებაზე ხდებოდეს საქართველოში, ვინაიდან როგორც წესი ამანათის მიმღები იხდის საფასურს ადგილზე და არა გამგზავნი. ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აქტში მოყვანილი გარემოებები და დამატებით დარიცხული თანხები არ შეესაბამება სინამდვილეს. აქვე აღნიშნავს, რომ ნებისმიერ საქმიანობას შემოსავალთან ერთად აქვს ხარჯიც, შემმოწმებელმა ერთობლივ შემოსავლად განსაზღვრა 6 127 977 ლარი, ხოლო გამოსაქვით ხარჯად მხოლოდ 633 727 ლარი, რაც სრულიად აბსურდულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის სრულად გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1604 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 28 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 2 დეკემბრის №26427 ბრძანება და ამავე თარიღის №024-124 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 508 747 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 371 458 ლარი, ჯარიმა 685 729 ლარი და საურავი 451 560 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს „-------“-დან საქართველოში და პირიქით, საქართველოდან „-------“-ში ამანათების გამოგზავნა/გაგზავნა. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. კომპანიის მხრიდან მოწოდებულია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები. შემოწმების მიერ მოხდა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან, მ.შ. საბაჟო დეპარტამენტიდან ინფორმაციის მიღება გაგზავნილი და გამოგზავნილი ამანათების ზუსტი რაოდენობების დასადგენად. გადამხდელის მხრიდან არ ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუღალტრული ჩანაწერების წარმოება, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობის შინაარსი, შემოსავლის წყარო და გადაზიდვების სრული ჯაჭვი ბუნდოვანია. ასევე არ არის მოწოდებული გაანგარიშებები, რომელიც გვაჩვენებს რეალურ სურათს შემოწმების პროცესში. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. აღნიშნული შემოწმების პროცესში, შემმოწმებლების მიმართვის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, კომპანია დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე. ასევე, დადგინდა ამანათების გაგზავნისა და გამოგზავნის ღირებულება ერთ კილოგრამ ტვირთზე. დადგინდა, რომ საწარმოს ჯამში ტრანსპორტირებული აქვს 115 123 ცალი ამანათი ჯამში 1 306 906 კილოგრამის ოდენობით. შემოწმების მიერ დადგენილი ფასი, კერძოდ: 1.5 ევრო „-------“-დან საქართველოში ამანათების გამოგზავნის დროს და 5 ლარი საქართველოდან „-------“-ში ამანათების გაგზავნის დროს გამრავლდა შესაბამის რაოდენობაზე, საიდანაც გაანგარიშდა შპს ,,------“ მიერ მიღებული/მისაღები შემოსავალი, რამაც შეადგინა 6 127 977 ლარი. ასევე, გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი, კერძოდ, ტრანსპორტირების კომპონენტი, რამაც ერთ რეისზე შეადგინა 900 ევრო, სულ 633 727 ლარი, ასევე სხვა ხარჯები 8 417 ლარის ოდენობით. დადგინდა შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობით განკარგვადი თანხა 5 485 833 ლარი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ასევე ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოწმების მიერ მოხდა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან, მ.შ. საბაჟო დეპარტამენტიდან ინფორმაციის მიღება გაგზავნილი და გამოგზავნილი ამანათების ზუსტი რაოდენობების დასადგენად. ასევე, დადგინდა ამანათების გაგზავნისა და გამოგზავნის ღირებულება ერთ კილოგრამ ტვირთზე. საწარმოს ჯამში ტრანსპორტირებული აქვს 115 123 ცალი ამანათი ჯამში 1 306 906 კილოგრამის ოდენობით. შემოწმების მიერ დადგენილი ფასი, კერძოდ: 1.5 ევრო „-------“-დან საქართველოში ამანათების გამოგზავნის დროს და 5 ლარი საქართველოდან „-------“-ში ამანათების გაგზავნის დროს გამრავლდა შესაბამის რაოდენობაზე, საიდანაც გაანგარიშდა შპს ,,-------“ მიერ მიღებული/მისაღები შემოსავალი, რამაც შეადგინა 6 127 977 ლარი. ასევე, გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი. შედეგად, შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობით განკარგვადი თანხა 5 485 833 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი განკარგვადი თანხის ოდენობას და აღნიშნულის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში და პირიქით ამანათების გამოგზავნა/გაგზავნა.საქმიანობის შინაარსი, შემოსავლის წყარო და გადაზიდვების სრული ჯაჭვი ბუნდოვანია. ასევე არ არის მოწოდებული გაანგარიშებები, რომელიც გვაჩვენებს რეალურ სურათს შემოწმების პროცესში. შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.კომპანია დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე. ასევე, დადგინდა ამანათების გაგზავნისა და გამოგზავნის ღირებულება ერთ კილოგრამ ტვირთზე. დადგინდა, რომ საწარმოს ჯამში ტრანსპორტირებული აქვს 115 123 ცალი ამანათი ჯამში 1 306 906 კილოგრამის ოდენობით.ტრანსპორტირების კომპონენტი, რამაც ერთ რეისზე შეადგინა 900 ევრო, სულ 633 727 ლარი, ასევე სხვა ხარჯები 8 417 ლარის ოდენობით. დადგინდა შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობით განკარგვადი თანხა 5 485 833 ლარი, რომელიც სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ასევე ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154.