გადაწყვეტილება №24658/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24658/2/2025
10 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------ის“ 28.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 24658/2/2025).
დავის საგანი:
1. დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის N 054-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.01.2025 წლის N 460 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 62 620,83 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 40 489
ჯარიმა - 20 244
საურავი - 1 887,83
პროცედურული გარემოებები
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სატრანსპორტო მომსახურება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 01.07.2024 წელს ამავე თარიღში რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის თემატური, კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2024 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით.
საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 20.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე 23.12.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის N 26902 ბრძანება 24.12.2024 წლის N 054-6 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.01.2025 წლის N 460 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა:
საზოგადოების მიერ 2024 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი დეკლარაციით დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 329 519 ლარს, ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენდა 36 359 ლარს. შემოწმებით, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე (გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) დაყრდნობით დადგინდა, რომ 2024 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის ბრუნვა შეადგენდა 554 459 ლარს (დღგ-ის გარეშე).
გამოვლენილ სხვაობაზე (224 940 ლარი (დღგ-ის გარეშე)) მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი 40 489 ლარის ოდენობით. შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ნაწილში სხვაობა არ გამოვლენილა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივნის არგუმენტაცია
აგვისტოს თვის დასაბეგრი ბრუნვა იყო 554 458,92 ლარი, დეკლარირებული იყო 329 518,51 ლარი. ანგარიშ-ფაქტურა წარდგენილი იყო მოგვიანებით 224 940,41 ლარზე (სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან ხდება სხვადასხვა წონის ტვირთის გადაზიდვა სხვადასხვა მანძილზე, სხვადასხვა ღირებულებით). ასევე აგვისტოს თვეზე გაგზავნილი იყო მოთხოვნები მიღებულ მომსახურებებზე, რათა მიეღოთ ჩათვლა, რომლებზედაც გადახდილი ჰქონდათ თანხები. ნაწილი ანგარიშ-ფაქტურები ამ მომსახურებიდან მიღებულია შემოწმების პერიოდში და არ იყო გათვალისწინებული შემმომწმებლის მიერ ანგარიშ-ფაქტურა ეა-81 ------ (457,83 ლარი) და აკ ------ 285,09 (ლარი 742,93). მომჩივანი ითხოვს მოხდეს აგვისტოს თვეში 742,93 ლარის ჩათვლა, რის შემდგომაც გადაიხდიან გადასახადს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
მომჩივნის განმარტებით ნაწილი ანგარიშ-ფაქტურები 2024 წლის აგვისტოში გაწეული მომსახურებიდან მიღებულია შემოწმების პერიოდში და არ იყო გათვალისწინებული შემმოწმებლის მიერ, მაგალითად ანგარიშ-ფაქტურა ეა-81 ------- (457,83 ლარი) და აკ -------- (285,09 ლარი) მომჩივანი ითხოვს მოხდეს აგვისტოს თვეში 742,93 ლარის ჩათვლა რის შემდგომაც საზოგადოება გადაიხდის გადასახადს.
მომჩივანს აღნიშნული გარემოება აღწერილი ჰქონდა შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი, მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლის განხორციელების ნაწილში საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს მომჩივნის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლის განხორციელების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა:
20.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად 2024 წლის აგვისტოს თვის დეკლარაციაში საგადასახადო ვალდებულებების შემცირებისთვის მომჩივანს განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელმაც 24.12.2024 წლის N 054-6 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით შეადგინა 20 244 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დეკლარაციის დაზუსტება არ მოხდა შეცდომის და გამოუცდელობის (არ ცოდნის) გამო, რომ არ იყო მიღებული მოთხოვნილი ჩასათვლელი ანგარიშ-ფაქტურები. იმედოვნებდნენ, რომ შემოსავლების სამსახური არ დააჯარიმებდა მოთხოვნილი ანგარიშ-ფაქტურების მიღებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური გააფრთხილებდა (მისი პრაქტიკიდან გამომდინარე) დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტების შესახებ, რის შედეგადაც დააზუსტებდნენ დეკლარაციას.
რადგან დაშვებულია შეცდომა (არცოდნის გამო) არ დაკორექტირდა დღგ-ის დეკლარაცია და დაელოდნენ მისაღებ ანგარიშ-ფაქტურებს, (სამეწარმეო საქმიანობა დაწყებულია 2024 წლის ივლისის თვიდან) და ეს შეცდომა გამოწვეულია გამოუცდელობით, მომჩივანი ითხოვს 20244 ლარის ოდენობის ჯარიმისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე საფუძვლიანი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო მისი შეცდომით/არცოდნით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.01.2025 წლის N 460 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს მომჩივნის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლის განხორციელების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სატრანსპორტო მომსახურება.
საზოგადოების მიერ 2024 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი დეკლარაციით დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვასა და შემოწმებით, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე (გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) დაყრდნობით დადგინდა სხვაობა. გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.
შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ნაწილში სხვაობა არ გამოვლენილა.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე საფუძვლიანი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო მისი შეცდომით/არცოდნით.
ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (7); 275 (2).