ბრძანება N 5164

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.03.2023
№ დოკუმენტი 5164
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5164

17.03.2023

შპს „-----------“ის (ს/ნ ------------)

(მის.: -------------)

2022 წლის 18 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა შპს „------------“ის (ს/ნ -----------) საჩივარი №76665/1/2022, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ოქტომბრის №042-28 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, საკონტროლო შესყიდვის შედეგების გამოყენებით გაანგარიშებული ფასნამატის ცხრილების სისწორეს. აღნიშნავს, რომ გამოყენებულია წინა პერიოდის შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატი (ბენზინი - 8,25%, დიზელი - 9,67%). მიუთითებს, რომ ფასნამატის გაანგარიშებისას საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების შედეგად გამოვლენილი სარეალიზაციო ფასების თვითღირებულება არ არის გაანგარიშებული საბოლოოდ შესყიდული სასაქონლო მატერიალური მარაგების შეძენების მიხედვით. ითხოვს საკითხის ხელახალ შესწავლას და არასწორად დარიცხული თანხების შემცირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №14297 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------)“ის (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 17 ოქტომბრის №26266 ბრძანება და №042-28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 74 639 ლარი, მათ შორის გადასახადი 43 608 ლარი, ჯარიმა 20 902 ლარი და საურავი 10 129 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ნავთობპროდუქტებით, კერძოდ, დიზელის და ბენზინის საწვავით ვაჭრობა. საწარმოს თავისი ძირითადი საქმიანობა შეწყვეტილი აქვს 2021 წლის აგვისტოს თვიდან. შპს -----------)“ (ს/ნ -----------) შესამოწმებელ პერიოდში საქონლის მიწოდებას ახდენდა სამი ა.გ.ს.-ის საშუალებით, რომელიც განთავსებული იყო ---------- რეგიონის სხვადასხვა რაიონში. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საწვავის რეალიზაციას მეტწილად ახდენდა საცალოდ, საკონტროლო-სალარო აპარატების მეშვეობით, თუმცა, ასევე გააჩნდა დოკუმენტური გაყიდვებიც. შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2021 წლის 16 ივნისს, საწარმოს მიმართ განხორციელებულია მიმდინარე კონტროლის პროცედურები, რითაც დგინდება საწვავის რეალიზაციის ჟურნალში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასსა და საკონტროლო შესყიდვის ფასებს შორის სხვაობები (კერძოდ, საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირებულია უფრო მაღალი სარეალიზაციო ფასი, ვიდრე იმავე დღეს საწვავის რეალიზაციის ჟურნალში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასი). ამასთანავე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმებით შემოსავალი განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ, საცალოდ რეალიზებულ საწვავზე გავრცელდა საკონტროლო შესყიდვების შედეგად გამოვლენილი ფასნამატი. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საგადასახადო შემოწმების შედეგად, კომპანიის მიერ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გამოყენებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი. შედეგად, შემოწმებით დადგენილი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებულ და დეკლარირებულ შემოსავალს შორის გამოვლინდა სხვაობა (ამასთანავე, არ ფიქსირდება აღნიშნული სხვაობიდან მიღებული თანხის ფაქტობრივი ნაშთი), რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად მიჩნეულ იქნა ანგარიშვალდებული პირისთვის (დამფუძნებელი და დირექტორი - ----------) გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის შედეგებით გამოვლინდა, რომ საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასი აღემატებოდა იმავე დღის საწვავის რეალიზაციის ჟურნალში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე, შესაბამისი პერიოდის საკონტროლო შესყიდვის შედეგების მიხედვით განსაზღვრული ფასნამატის გავრცელება და მიღებული შემოსავლების დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს (-----------)“ის (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა დიზელის და ბენზინის საწვავით ვაჭრობა.გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საწვავის რეალიზაციას მეტწილად ახდენდა საცალოდ, საკონტროლო-სალარო აპარატების მეშვეობით, თუმცა, ასევე გააჩნდა დოკუმენტური გაყიდვებიც. შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ 2021 წლის 16 ივნისს, საწარმოს მიმართ განხორციელებულია მიმდინარე კონტროლის პროცედურები, რითაც დგინდება საწვავის რეალიზაციის ჟურნალში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასსა და საკონტროლო შესყიდვის ფასებს შორის სხვაობები.საცალოდ რეალიზებულ საწვავზე გავრცელდა საკონტროლო შესყიდვების შედეგად გამოვლენილი ფასნამატი.პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.ასევე, ემოწმებით დადგენილი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებულ და დეკლარირებულ შემოსავალს შორის გამოვლინდა სხვაობა მიჩნეულ იქნა ანგარიშვალდებული პირისთვის გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:63(3);73(5);158(1);159(1ა);163(1,2);164(1);73(9);101(1);154(ა);