ბრძანება N 36205
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 36205
07/12/2020
ფ/პ -------------------
(იურ. მის.: -------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 19 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №86) განიხილა ფ/პ ----- ს 2020 წლის 06 ნოემბრის №54593/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 10 ივნისის №057-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი მიუთითებს, რომ ვინაიდან ის არის ფიზიკური პირი, იგი არ სარგებლობდა შემოსავლების სამსახურის პორტალით და მისთვის საგადასახადო შემოწმების შედეგები ცნობილი გახდა მოთხოვნის უზრუნველყოფის გატარების ეტაპზე, როდესაც მას მიუვიდა შეტყობინება საინკასო დავალების განხორციელების თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს გასაჩივრების ვადის აღდგენას.
გადამხდელი ითხოვს №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებას და საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების დაკორექტირებას.
საჩივრის წარმოდგენის ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი მის მიმართ შედგენილ 2020 წლის 25 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 2020 წლის 10 ივნისის №15093 ბრძანებასა და ამავე თარიღის №057-5 საგადასახადო მოთხოვნას არ გაცნობია ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით, ვერც საფოსტო დაწესებულების საშუალებით (გაეგზავნა ორჯერ იურიდიულ მისამართზე: -----) ვერ მოხერხდა დოკუმენტების ჩაბარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად, 2020 წლის 30 ივლისს განხორციელდა 2020 წლის 10 ივნისის №15093 ბრძანებისა და 2020 წლის 10 ივნისის №057-5 საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება.
აღნიშნული დოკუმენტები გადასახადის გადამხდელის მიერ ჩაბარებულად ჩაითვალა 2020 წლის 19 აგვისტოს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2020 წლის 25 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2020 წლის 10 ივნისის №15093 ბრძანება და 2020 წლის 10 ივნისის №057-5 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე 2-ჯერ, თუმცა აღნიშნული გზავნილი ვერ ჩაბარდა მომჩივანს, ადრესატის ადგილზე არ ყოფნის გამო.
სადავო დოკუმენტაციას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით 2020 წლის 29 ოქტომბერს, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა 2020 წლის 06 ნოემბერს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს სადავო აქტის გასაჩივრების და საჩივრის არსებითად განხილვის უფლება. ამდენად, გადასახადის გადამხდელს უნდა აღუდგეს სადავო აქტების საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გასაჩივრების ვადები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 21 მაისის №13494 ბრძანებით დაინიშნა ფ/პ ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შპს ----- სთან განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 01 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 25 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2020 წლის 10 ივნისის №15093 ბრძანება და ამავე თარიღის №057–5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 126 725 ლარი, მათ შორის გადასახადი 76 398 ლარი, ჯარიმა 39 717 ლარი და საურავი 10 610 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შემოწმებით დგინდება, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 245 882 ლარის ღირებულების ავტომანქანის კატალიზატორები, რაც დასტურდება შესყიდვის აქტებით. აღიშნული ოპერაციები, მეწარმეს არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი კუთვნილი გადასახადებით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, მე-80 და მე-100 მუხლებით, კატალიზატორების რეალიზაციიდან მიღებული თანხები ჩართო ერთობლივ შემოსავალში და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, შემოწმებამ საქათველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის შემოსავალი ცდებოდა 100 000 ლარიან ზღვარს და გადამხდელის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დგებოდა 2019 წლის 25 მარტიდან, აღნიშნული პერიოდიდან განხორციელებული კატალიზატორის რეალიზაციის თანხა ჩართო დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და დაბეგრა დღგ-ით. ამასთან, გადამხდელს დააკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთნ დაკავშირებით საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამასთან, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი აღიარებს შპს------- სთვის კატალიზატორების მიწოდების ფაქტს და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებთან მიმართებით ითხოვს №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქმეში არსებული მასალებსა და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრის მიზნით იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 02 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ----- ს 2020 წლის 06 ნოემბრის საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრის მიზნით იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
3.აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ., №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ., №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
- გადამხდელი ითხოვს გასაჩივრების ვადის აღდგენას.
-.გადამხდელი ითხოვს №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებას და საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დგინდება, დაინიშნა ფ/პ-ს საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი არ გაცნობია ელექტრონულად და ვერც საფოსტო დაწესებულების საშუალებით ვერ მოხერხდა დოკუმენტების ჩაბარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ს 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, განხორციელდა საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება.
მომჩივანი აღიარებს საწარმოსთვის კატალიზატორების მიწოდების ფაქტს და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებთან მიმართებით ითხოვს №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელს უნდა მიეცეს სადავო აქტის გასაჩივრების და საჩივრის არსებითად განხილვის უფლება. ამდენად, გადამხდელს უნდა აღუდგეს სადავო აქტების საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გასაჩივრების ვადები.
ამასთან აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრის მიზნით იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44(10); 44(11); 73(5,,ა“); 105; 299(4)