ბრძანება N 12768
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12768
11 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 23 იანვრის და 21 მაისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 აპრილის, 8 და 21 მაისის სხდომებზე (ოქმები: №29, №38, №41) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 23 იანვრის №100302/1/2026 და 21 მაისის №102498/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №081-369 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადს, კერძოდ, ფიზიკური პირების მიერ ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მომსახურების გაწევად მიჩნევას და მათთვის გადახდილი თანხების წყაროსთან დაბეგვრას. მომჩივანი მიუთითებს, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან გადამხდელს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება. არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, ვინაიდან ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში განხორციელებულ განაცემსაც შემოწმება განიხილავს გადახდის წყაროსთან დასაბეგრად, კომპლექსურია და გულისხმობს ანაზღაურებას, როგორც მოქმედებისგან თავის შეკავების კუთხით, რაც შესაძლოა განხილულ იქნეს გადახდის წყაროსთან დასაბეგრ განაცემად, ასევე, კომპენსაციებს, რაც შინაარსობრივად მიწის მესაკუთრე ფიზიკური პირებისათვის ნასყიდობის (ბარტერის) ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი კომპენსაციების იდენტურია და არ უნდა ექვემდებარებოდეს გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში ხდება მხოლოდ ამ უკანასკნელი ტიპის კომპენსაციების გაცემა.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ, ფიზიკურ პირებზე ფართების გადაცემის ბარტერად განხილვას და დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ ვინაიდან კომპანიას მშენებარე ობიექტთან დაკავშირებით სამართლებრივი ურთიერთობები დაწყებული აქვს 2018 წლამდე, საგადასახადო ვალდებულებების დადგენის მიზნით გამოყენებული უნდა იქნას 2018 წლამდე მოქმედი სამართლებრივი ნორმები. ბარტერის ოპერაციასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები უნდა განისაზღვროს გრძელვადიანი კონტრაქტების ფარგლებში, იმ ნორმით, რომელიც მოქმედებდა სამეურნეო ოპერაციის განხორციელების დროს. დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით გამოყენებული უნდა იქნას ობიექტის თვითღირებულების გათვალისწინებით დადგენილი მომსახურების ღირებულება 10%-იანი ფასნამატით. ასევე, გადამხდელი მიუთითებს, რომ ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია ბარტერის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული საორიენტაციო ფასის გამოყენება დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, როდესაც ფასი ხელშეკრულებაში მითითებულია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ გადასაცემ ფართსა და ფაქტობრივად გადაცემულ ფართს შორის სხვაობის დაფიქსირების შემთხვევაში, კომპენსაციის განსაზღვრის მიზნებისთვის. ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ფართების გადაცემა (ფართის გადამცემი მხარისათვის) განიხილება მომსახურების მიწოდებად და დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას გამოყენებული უნდა იქნას არა საქონლის (1 კვ.მ. ფართის) ფასი, არამედ სამშენებლო მომსახურების ღირებულება. ითხოვს, ბარტერის ოპერაციასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით შემოწმებამ იხელმძღვანელოს საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტში მოქმედი საგადასახადო ნორმებით და მოახდინოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
3. არ ეთანხმება რეალიზებული ფართების დღგ-ით დაბეგვრას და ხელშეკრულების მიხედვით, თანხის სრულად ანაზღაურებულად მითითების შემთხვევაში, ამ თანხების დირექტორის ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ პროექტის მიმდინარეობის პროცესში კომპანია ახდენს ფართების რეალიზაციას და ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების ფარგლებში მყიდველებისგან იღებს ავანსებს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანია მიღებულ ავანსებს ასახავს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ფართების მყიდველებისგან ავანსის სახით მიღებული აქვს 3 062 118 ლარი, ხოლო დეკლარირებული (დღგ-ის დეკლარაციაში ასახული) არის 4 066 832 ლარი, ანუ 1 004 714 ლარით მეტი. შესაბამისად, მოხდა დებიტორული დავალიანების დაფიქსირება და ფართების მიწოდების დაბეგვრა სახელშეკრულებო თანხიდან გამომდინარე ისე, რომ არ მომხდარა თანხების სრულად მიღება. ამასთან, აცხადებს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის კაპიტალში ირიცხება დამფუძნებლის შენატანი. შესაბამისად, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით მიღებული თანხების გაცემამდე, უნდა მოხდეს მისი შემცირება კაპიტალში არსებული დამფუძნებლის შენატანის ნაშთით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ისეთი ფართების გამოვლენის ფაქტი, რომელთა ღირებულებაც არ მონაწილეობს დასაბეგრი ბაზის ფორმირებაში, საჭიროებს დამატებით შესწავლას და კომპანიაში შემოსული თანხების სრულად იდენტიფიცირებას პროექტის მიმდინარეობის სრული პერიოდის გათვალისწინებით. ასევე, გადამხდელს მიზანშეწონილად მიაჩნია, აუდიტორთან ერთად მოხდეს ფულადი სახსრების გაანგარიშების განხილვა და დასაბეგრი ბაზის კორექტირება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22625 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 24 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 დეკემბრის №28546 ბრძანება და ამავე თარიღის №081-369 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 091 011 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 053 142 ლარი, ჯარიმა 528 140 ლარი და საურავი 509 729 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „-------" (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლიდან, ხოლო 12.03.2019 თარიღიდან წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა -------, ------- (მიწის საკადასტრო კოდი: -------). შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულია ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები (ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ORIS), ასევე, საბანკო ამონაწერები, უძრავი ქონების რეალიზაციის ხელშეკრულებები და განმარტებები მოთხოვნილ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2019 წლის 10 ივნისს დადებული აქვს ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ფიზიკურ პირებთან, რომლის მიზანია სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელება და მეორე მხრივ ფიზიკური პირების უძრავი ქონების დაცვა. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გადასახადის გადამხდელმა აიღო ვალდებულება მშენებლობით გამოწვეული შესაძლო სამომავლო ზიანი აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის და თანხის მიხედვით და ასევე, გადაუხადოს მეორე მხარეს (ფიზიკურ პირებს) ალტერნატიული საცხოვრებელი ქირის საფასური. ასევე, ფიზიკურმა პირებმა აიღეს თავის მხრივ ვალდებულება ------- საქალაქო სასამართლოში კომპანიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელზე უარის თქმის და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-14, 154-ე მუხლების და ზემოთხსენებული ფაქტობრივი გარემოებებისა გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ასევე, გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა -------, ------- (მიწის საკადასტრო კოდი: -------). საჯარო რეესტრის მონაცემებით აღნიშნული მიწის ნაკვეთი საწარმოს საკუთრებაში ფიქსირდება 2015 წლიდან. მიწის მესაკუთრეებთან გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულებების ნაწილში, რომლის მიხედვითაც შპს „-------“ საკუთრებაში აქვს მიღებული -------, ------- (მიწის საკადასტრო კოდი: -------) არსებული მიწის ნაკვეთი, აღნიშნულის სანაცვლოდ 2022-2023 წლებში ფიზიკური პირებისათვის გადაცემულია ფართები. საწარმო სამშენებლო სამუშაოებს არ ასრულებდა საკუთარი ძალებით, მშენებლობას ახორციელებდა შპს „-------", მშენებლობის პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია 2022 წელს, აშენებული ფართების უმეტესი ნაწილი რეალიზებულია (საკუთრების უფლება გადაცემულია საჯარო რეესტრის მონაცემებით) 2022-2023 წლებში ან/და მიწოდებულია ბარტერული ოპერაციების ფარგლებში. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულია ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები (ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ORIS), ასევე, საბანკო ამონაწერები, უძრავი ქონების რეალიზაციის ხელშეკრულებები და განმარტებები მოთხოვნილ საკითხებთან დაკავშირებით.
შემოწმების პროცესში განხორციელებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ ფიზიკური პირებისათვის გადასაცემი ფართის ჯამური ოდენობა შეადგენდა 1983,5 კვადრატულ მეტრს (23 საცხოვრებელი ბინა და 6 კომერციული ფართი), აღნიშნული ფართი წარმოადგენდა მთლიანი ასაშენებელი ფართის (8 792 კვ.მ) 22,56%-ს. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოსა და ფიზიკური პირების (8 ფიზიკური პირი) ურთიერთშეთანხმებით 1 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ღირებულება განისაზღვრა 500-550 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 1 კვ.მ. კომერციული ფართის ღირებულება 1 000 აშშ დოლარის ოდენობით. საჯარო რეესტრის მონაცემების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმოს მიერ ფიზიკური პირებისათვის ფართების გადაცემა განხორციელებულია 2022-2023 წლებში. შემოწმების ფარგლებში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გამოთხოვილ იქნას ინფორმაცია -------, ------- (ს.კ -------) მდებარე საცხოვრებელ კორპუსში არსებულ თითოეულ ბინაზე მოხმარებული ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის შესახებ. სს „-------“-ს (ს/ნ -------), შპს „-------“ (ს/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირებისათვის ფართების გადაცმის მომენტში საცხოვრებელ კორპუსში გამრიცხველიანების პროცესი დასრულებული იყო, ხოლო მობინადრეები უკვე მოიხმარდნენ ელ. ენერგიას, გაზსა და წყალს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს აღნიშნული ფართების გადაცემის ნაწილში დეკლარირება გახორციელებული არ აქვს. არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით შემოწმების მიერ ფართების გადაცემის მომენტში ჩათვლილ იქნა, რომ საწარმოს მიერ უნდა შესრულებულიყო საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ს ნაწილში, შესაბამისად, დასაბეგრი ბრუნვის ოდენობები გაანგარიშებულ იქნა სახელშეკრულებო ფასების შესაბამისად (გადაფორმების დღისათვის არსებული კურსის გათვალისწინებით). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი თანხების ოდენობა ჯამში გაიზარდა 2 768 618 ლარით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შემოწმების პროცესში შესწავლილია როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე, საჯარო რეესტრის ბაზები და მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები. აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგინდა, ისეთი ბინების არსებობის ფაქტი რომელთა გადაფორმება (საკუთრების უფლების გადაცემა) განხორციელებულია შესამოწმებელ პერიოდში თუმცა აღნიშნული ბინების ღირებულება მონაწილეობას არ იღებს დღგ-ს 18%-იანი ბრუნვის გაანგარიშებაში. ამასთანავე აღნიშნული რეალიზაციები არ არის აღრიცხული არც ბუღალტრულ ჩანაწერებში. ამასთანავე საკუთრების გადაცემის მომენტში, საჯარო რეესტრში გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ უძრავი ქონების საფასური გადახდილია სრულად.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 159-ე, 160-ე, 163-ე, მე-80, მე-100, 101-ე და 154 მუხლებით, ასევე, ამავე კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გამოთხოვილ იქნას ინფორმაცია -------, ------- (ს.კ -------) მდებარე საცხოვრებელ კორპუსში არსებულ თითოეულ ბინაზე მოხმარებული ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის შესახებ. სს „-------“-ს (ს/ნ -------), შპს „-------“ (ს/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირებისათვის ფართების გადაცმის მომენტში საცხოვრებელ კორპუსში გამრიცხველიანების პროცესი დასრულებული იყო, ხოლო მობინადრეები უკვე მოიხმარდნენ ელ. ენერგიას, გაზსა და წყალს. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული პროგრამის ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები და საჯარო რეესტრის მონაცემები. არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით შემოწმების ფარგლებში ზემოთხსენებული ბინების დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა საკუთრების გადაცემის მომენტში, ხოლო იმ ხელშეკრულებებთან მიმართებაში სადაც მითითებული იყო, რომ თანხა მიღებულია სრულად, ჩაითვალა რომ აღნიშნული თანხები ხელფასის სახით გაცემულია საწარმოს დირექტორზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება ვალდებულების შესრულება – მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საწარმოს 2019 წლის 10 ივნისს დადებული აქვს ხელშეკრულება ფიზიკურ პირებთან, რომლის მიზანია სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელება და მეორე მხრივ ფიზიკური პირების უძრავი ქონების დაცვა. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გადასახადის გადამხდელმა აიღო ვალდებულება მშენებლობით გამოწვეული შესაძლო სამომავლო ზიანი აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის და თანხის მიხედვით და ასევე, გადაუხადოს ფიზიკურ პირებს (ხელშეკრულების მხარეებს) ალტერნატიული საცხოვრებელი ქირის საფასური. ხოლო ფიზიკურმა პირებმა, თავის მხრივ, ------- საქალაქო სასამართლოში კომპანიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელზე უარის თქმის და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ აიღეს ვალდებულება. ზემოაღნიშნულის შედეგად, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება: გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ ივლისამდე პერიოდებზეც აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია შპს „-------“ (ს/ნ -------) გასვლითი საგადასახადო შემოწმება. წინა შემოწმების ფარგლებში ზემოხსენებული ოპერაციები შეფასებულ იქნა, როგორც ბარტერული ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა აქტივების გაცვლა, ერთი მხრივ, მიწის ნაკვეთებისა და მეორეს მხრივ ბინების/კომერციული ფართების. შესაბამისად, წინა შემოწმების ფარგლებში, ვინაიდან აღნიშნული ფართები ჯერ მიწოდებული (საკუთრებაში გადაცემული) არ იყო ფიზიკური პირებისათვის, დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არ განხორციელებულა. აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ არცერთ პერიოდში, გადაცემული ბინებისა და კომერციული ფართების ღირებულების დაბეგვრა გადამხდელის მიერ განხორციელებული არ არის (თუნდაც ნაწილობრივად). ამასთან, ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებები დადებულია 2015, 2016 და 2017 წლებში, ხოლო მშენებლობის პროცესი დაწყებულია 2019 წლიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ფიზიკური პირებისათვის ფართების გადაცემა განხორციელებულია 2022-2023 წლებში, დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში გადამხდელს ვალდებულებები განესაზღვრა საკუთრების გადაცემის პერიოდების მიხედვით, რა დროსაც დასაბეგრი ბაზა განსაზღვრულია ხელშეკრულებაში მითითებული ფასის შესაბამისად (აღნიშნულთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ფასის ცვლილება არ განხორციელებულა, ვინაიდან ხელშეკრულების დადების მომენტისთვის არსებული საბაზრო ფასები არსებითად არ განსხვავდებოდა ბარტერის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული 1 კვ.მ ასაშენებელი ფართის ფასისგან).
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ რეალზიებულია ბინები, აღნიშნული რეალიზაციები არ არის აღრიცხული არც ბუღალტრულ ჩანაწერებში. ხოლო საკუთრების გადაცემის მომენტში, საჯარო რეესტრში გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ უძრავი ქონების საფასური გადახდილია სრულად. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული პროგრამის ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები და საჯარო რეესტრის მონაცემები. არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით შემოწმების ფარგლებში ზემოთხსენებული ბინების დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა საკუთრების გადაცემის მომენტში, ხოლო იმ ხელშეკრულებებთან მიმართებაში სადაც მითითებული იყო, რომ თანხა მიღებულია სრულად, ჩაითვალა რომ აღნიშნული თანხები ხელფასის სახით გაცემულია საწარმოს დირექტორზე და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმების შედეგად განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადი.
2. ფიზიკურ პირებზე ფართების გადაცემის ბარტერად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა.
3. არ ეთანხმება რეალიზებული ფართების დღგ-ით დაბეგვრას და დირექტორის ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2019 წლის 10 ივნისს დადებული აქვს ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ფიზიკურ პირებთან, რომლის მიზანია სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელება და მეორე მხრივ ფიზიკური პირების უძრავი ქონების დაცვა. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გადასახადის გადამხდელმა აიღო ვალდებულება მშენებლობით გამოწვეული შესაძლო სამომავლო ზიანი აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის და თანხის მიხედვით და ასევე, გადაუხადოს მეორე მხარეს (ფიზიკურ პირებს) ალტერნატიული საცხოვრებელი ქირის საფასური. გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
2. 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ ივლისამდე პერიოდებზეც აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია მომჩივანის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. წინა შემოწმების ფარგლებში ოპერაციები შეფასებულ იქნა, როგორც ბარტერული ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა აქტივების გაცვლა, ერთი მხრივ, მიწის ნაკვეთებისა და მეორეს მხრივ ბინების/კომერციული ფართების. წინა შემოწმების ფარგლებში, ვინაიდან აღნიშნული ფართები ჯერ მიწოდებული (საკუთრებაში გადაცემული) არ იყო ფიზიკური პირებისათვის, დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არ განხორციელებულა. აღნიშნული ფართების ღირებულების დაბეგვრა გადამხდელის მიერ განხორციელებული არ არის. ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებები დადებულია 2015, 2016 და 2017 წლებში, ხოლო მშენებლობის პროცესი დაწყებულია 2019 წლიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ფიზიკური პირებისათვის ფართების გადაცემა განხორციელებულია 2022-2023 წლებში, დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში გადამხდელს ვალდებულებები განესაზღვრა საკუთრების გადაცემის პერიოდების მიხედვით, რა დროსაც დასაბეგრი ბაზა განსაზღვრულია ხელშეკრულებაში მითითებული ფასის შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა დღგ.
3. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული პროგრამის ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები და საჯარო რეესტრის მონაცემები. არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით შემოწმების ფარგლებში ბინების დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა საკუთრების გადაცემის მომენტში, ხოლო იმ ხელშეკრულებებთან მიმართებაში სადაც მითითებული იყო, რომ თანხა მიღებულია სრულად, ჩაითვალა რომ აღნიშნული თანხები ხელფასის სახით გაცემულია საწარმოს დირექტორზე და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 159; 163; 164;