გადაწყვეტილება №18596/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18596/2/2023
2.03.2023
გადაწყვეტილება
მომჩივანი: "--------" (ს/ნ "--------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "--------"-ის 3.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18596/2/2023).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №136-9 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.12.2022 წლის №31314 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 284 265,79 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 161 383,75
დღგ - 99 119
საშემოსავლო გადასახადი - 62 264,75
ჯარიმა - 80 964
საურავი - 41 918,04
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და აქსესუარებით.
აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.201 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №136-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.12.2022 წლის №31314 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანი ახორციელებდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების იმპორტს ჩინეთიდან, რეალიზაციას კი იჯარით აღებულ ფართში, მისამართზე: "--------". ასევე, გააჩნდა სასაწყობე ფართი ამავე მისამართზე.
შემოწმებისას გადამხდელმა წარადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება, სადაც მიუთითებდა, რომ სმფ-ები არ აღირიცხებოდა ბუღალტრულ პროგრამაში, არამედ აღირიცხებოდა თანხობრივად. ყოველი წლის ბოლოს კი ხდებოდა სმფ-ების საბოლოო ნაშთის დადგენა საშუალო სარეალიზაციო ფასებიდან გამომდინარე და არსებული ფაქტობრივი ნაშთის შესაბამისად. წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, 2019 წელს საწარმოს გააჩნდა ზარალი 140 522 ლარის, რომლის ნაწილი გადატანილი ჰქონდა შემდგომ წლებში. 2020 და 2021 წელს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა შესაბამისად 24%-ს და 30%-ს. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ მეწარმე შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ დგინდებოდა საცალოდ რეალიზებული საქონლის სახეობა, რაოდენობა, სარეალიზაციო ფასი და თვითღირებულება, ვერ იშიფრებოდა სასაქონლო ნაშთები. გამოვლინდა არსებითი სხვაობა მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/(დეკლარირებულ) ფასნამატსა და დოკუმენტური რეალიზაციით განსაზღვრულ ფასნამატს შორის.
შემოწმებით დადგინდა, რომ 2019 წელს დოკუმენტური წლიური საშუალო ფასნამატი შეადგენდა 66%-ს, 2020 წელს-57%-ს, ხოლო 2021 წელს 59%-ს. 2022 წლის 28 მარტს შემოსავლების სამსახურის №7691 ბრძანების საფუძველზე მეწარმის ობიექტზე ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, შემმოწმებლებს გადაეცა ინვენტარიზაციის მასალები, კერძოდ, ფაქტობრივი აღწერის ნაშთი 28.03.2022 წლის მდგომარეობით, რომლის სარეალიზაციო ღირებულებამ საბაზრო ფასით შეადგინა ჯამში 727 552 ლარი. გადამხდელმა მიაწერა იმპორტის დეკლარაციები ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ სმფების ნაშთზე, ხოლო შემოწმების მიერ თვითღირებულება დადგინდა საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის საფუძველზე. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ინვენტარიზაციით სმფების ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 421 396 ლარი, ხოლო ინვენტარიზაციით დადგენილმა ფასნამატმა კი 46,3%. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და გადამხდელის შემოსავალი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო ჯგუფებად (ფეხსაცმელი, ჩანთა, ტანსაცმელი და სხვ.) და განისაზღვრა თითოეული ჯგუფის თვითღირებულება. 2019, 2020 და 2021 წლებში თითოეული ჯგუფის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამის ჯგუფზე იდენტიფიცირებული დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2022 წელს შემოწმებამ გამოიყენა ინვენტარიზაციის შედეგად შესაბამისი ჯგუფების მიხედვით დადგენილი ფასნამატი (საშუალო ფასნამატმა შეადგინა 46,3%). შედეგად, დადგინდა შესაბამისი პერიოდების რეალიზაცია. ამასთან, დეკლარირებულ საწყის და საბოლოო მარაგებში საქონლის თითოეული ჯგუფის წილი განისაზღვრა შესაბამის საანგარიშო პერიოდში მისი შეძენის წილის პროპორციულად მთლიანი პერიოდის შეძენაში. 27.06.2019 წელს მეწარმის ობიექტზე მოხდა ხანძარი, რომლის შედეგად დაიწვა 186 950 ლარის სარეალიზაციო საქონელი (აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილია სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნა). შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია ხანძრის შედეგი (გამოკლებულია შემოწმებით დადგენილი რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულებიდან).
აღნიშნული პრინციპით განისაზღვრა მეწარმის ყოველი წლის ერთობლივი შემოსავალი (გათვალისწინებულია დეკლარირებული საწყისი და საბოლოო სმფ-ის ნაშთები, ასევე, ინვენტარიზაციის შედეგად განსაზღვრული სმფ-ის ნაშთი 28.03.2022 წლის 28 მარტის მდგომარეობით 421 396 ლარი, ასევე გაანგარიშდა ნაშთი 1.04.2022 წლის მდგომარეობით, რამაც შეადგინა 418 990 ლარი), რომელიც შედარდა დეკლარირებულ მონაცემებთან და გამოვლენილი სხვაობით - ჯამში 175 017 ლარით, გაიზარდა 2019-2021 წლების ერთობლივი შემოსავალი.
ასევე, ჯამში დაკორექტირდა (გაიზარდა) 2019-2021 წლების და 2022 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის თვეების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, სულ 550 622 ლარით (პროპორციულად გადანაწილდა თითოეული საანგარიშო პერიოდის დეკლარირებული მონაცემის წილის მიხედვით დეკლარირებულ მთლიან (წლის ჭრილში) ბრუნვაში). აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 159-ე მუხლების შესაბამისად. ასევე, მეწარმის შემოსავლები საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელს ჩინეთიდან იმპორტზე გააჩნდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (ინვოისები). 2019 წელს საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დადეკლარირებული ჰქონდა 444 367 ლარის, 2020 წელს - 400 902 ლარის, ხოლო 2021 წელს 473 125 ლარის ღირებულების სმფ-ები. შემოწმების შედეგად გაანგარიშებული სმფ-ის ნაშთი განსხვავდებოდა (ნაკლებია) დეკლარირებული მონაცემებისგან. კერძოდ, შემოწმებით დადგენილი სმფ შეადგენდა: 2019 წელს - 336 593 ლარს, 2020 წელს 329 165 ლარს, ხოლო 2021 წელს - 423 732 ლარს. სმფ-ების ღირებულების გაანგარიშებისას გათვალისწინებული იყო დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, მათ შორის, შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები (ინვოისები), სატრანსპორტო ხარჯის დოკუმენტები და საბაჟო გადასახდელები საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად. გამოვლენილი სხვაობებით შემცირდა შესაბამის წელს სმფ-ის ღირებულებები. მეწარმეს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 148-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 106-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმებით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება 2019, 2020, 2021, 2022 წლების აუდიტორების მიერ დადგენილ დოკუმენტურ ფასნამატს. ასევე, 28.03.2022 წელს ინვენტარიზაციის შედეგად გამოყვანილ ფასნამატს და დამწვარ საქონელზე გამოანგარიშებულ თვითღირებულებას. გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ ფასნამატის დათვლისას რიგ შემთხვევაში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომები, მათ შორის ერთიდაიგივე დასახელების საქონელზე, რომელიც განსხვავდება სარეალიზაციო ფასებით მიწერილი უნდა იყოს არა უახლოესი იმპორტის დოკუმენტი/სასაქონლო ზედნადები, არამედ ფასის შესაბამისად უფრო ადეკვატური.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საბჭო მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მეწარმე შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ დგინდებოდა საცალოდ რეალიზებული საქონლის სახეობა, რაოდენობა, სარეალიზაციო ფასი და თვითღირებულება, ვერ იშიფრებოდა სასაქონლო ნაშთები. გამოვლინდა არსებითი სხვაობა მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ (დეკლარირებულ) ფასნამატსა და დოკუმენტური რეალიზაციით განსაზღვრულ ფასნამატს შორის.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომდგენელმა განმარტა, რომ ჯგუფებად დაყოფილ სმფ-ებზე ფასნამატის გაანგარიშება მოხდა უმაღლესი საინვოისო ღირებულების (თვითღირებულება) უახლოეს რეალიზაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ინვენტარიზაციას, გადასახადის გადამხდელმა მიაწერა იმპორტის დეკლარაციის ნომრები ინვენტარიზაციის მომენტში არსებულ სმფ-ის ნაშთზე, ხოლო შემოწმების მიერ დაკორექტირდა აღნიშნულ დეკლარაციებში გადამხდელის მიერ მითითებული არასწორი თვითღირებულებები, ვინაიდან ზოგ შემთხვევაში გადამხდელს მითითებული ჰქონდა რამოდენიმე დასახელების ფეხსაცმლის საშუალო თვითღირებულება და არა კონკრეტული საქონლის თვითღირებულება. ამასთან, ხანძრის შედეგად დამწვარ საქონელთან დაკავშირებით, შემმოწმებელმა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც განსაზღვრული იყო დამწვარი საქონლის საბაზრო ღირებულება. შემმოწმებელმა აღნიშნული ღირებულება დაიყვანა თვითღირებულებამდე შემოწმებით დადგენილი ფასნამატის გათვალისწინებით და გამოაკლო შემოწმებით დადგენილი მთლიანი რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულებას.
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა - 80 964 ლარი. ასევე დაეკისრა საურავი - 41 918,04 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს გადაანგარიშების შესაბამისად შეუმცირდეს დარიცხული გადასახადი და გათავისუფლდეს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას. კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება 2019, 2020, 2021, 2022 წლების აუდიტორების მიერ დადგენილ დოკუმენტურ ფასნამატს. ასევე, 28.03.2022 წელს ინვენტარიზაციის შედეგად გამოყვანილ ფასნამატს და დამწვარ საქონელზე გამოანგარიშებულ თვითღირებულებას.
2.ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ დგინდებოდა საცალოდ რეალიზებული საქონლის სახეობა, რაოდენობა, სარეალიზაციო ფასი და თვითღირებულება, ვერ იშიფრებოდა სასაქონლო ნაშთები. გამოვლინდა არსებითი სხვაობა მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ (დეკლარირებულ) ფასნამატსა და დოკუმენტური რეალიზაციით განსაზღვრულ ფასნამატს შორის.
რაც შეეხება ინვენტარიზაციას, გადასახადის გადამხდელმა მიაწერა იმპორტის დეკლარაციის ნომრები ინვენტარიზაციის მომენტში არსებულ სმფ-ის ნაშთზე, ხოლო შემოწმების მიერ დაკორექტირდა აღნიშნულ დეკლარაციებში გადამხდელის მიერ მითითებული არასწორი თვითღირებულებები, ვინაიდან ზოგ შემთხვევაში გადამხდელს მითითებული ჰქონდა რამოდენიმე დასახელების ფეხსაცმლის საშუალო თვითღირებულება და არა კონკრეტული საქონლის თვითღირებულება. ამასთან, ხანძრის შედეგად დამწვარ საქონელთან დაკავშირებით, შემმოწმებელმა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც განსაზღვრული იყო დამწვარი საქონლის საბაზრო ღირებულება. შემმოწმებელმა აღნიშნული ღირებულება დაიყვანა თვითღირებულებამდე შემოწმებით დადგენილი ფასნამატის გათვალისწინებით და გამოაკლო შემოწმებით დადგენილი მთლიანი რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულებას.
გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭომ მიიჩნია, გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.შესაბამისად,არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:100(მე-3 ნაწილის „ბ“),102(პირველი ნაწილის „ა“),105(I,II),159(I-ის "ა"),161(I-ის "ა") ,163,164,275