გადაწყვეტილება №19934/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19934/2/2023
25 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------------11.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19934/2/2023).
დავის საგანი:
1.ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ბინების კვადრატული მეტრის ფასის გაზრდა და შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;
2. არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა და შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის №006-563 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11299 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 581 087 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 290 229
დღგ - 227 111
მიწა-არასასოფლო - 552
მოგების გადასახადი - 43852
საშემოსავლო გადასახადი - 18714
ჯარიმა - 180 348
საურავი - 110 510
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის №31576 ბრძანება და №006-563 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11299 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სალაროს ნაშთის სესხად განხილვისას შესამოწმებელ პერიოდში არსებული კაპიტალის ოდენობის გათვალისწინება და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11299 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1.ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ბინების კვადრატული მეტრის ფასის გაზრდა და შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება
ფაქტების აღწერა
კომპანიამ ურთიერთდამოკიდებულ პირებს (დირექტორის მეუღლე და შვილი) მიაწოდა უძრავი ქონება - 2 საცხოვრებელი ფართი საკუთარ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში. გარიგების თანახმად, კვადრატული მეტრის ფასი განსაზღვრულია 100-280 აშშ დოლარი. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის, 981 მუხლის მე-4 ნაწილის, ასევე შესაბამის პერიოდში მოქმედი ამავე კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე და 161- ე მუხლების თანახმად, დაკორექტირდა რეალიზებული ბინების კვ.მ-ის ფასი (ფასი განისაზღვრა 550 აშშ დოლარი, იმავე პერიოდში რეალიზებული ბინების ფასების საშუალო), შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მართლზომიერად მიაჩნია სადავო ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ამასთან, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გააჩნდა დამფუძნებლის ვალი 132 000 ლარი. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლზე, აღნიშნავს, რომ შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდს. შემოწმებით, დაბეგვრის ერთ-ერთ ობიექტად განხილულია დირექტორის მეუღლეზე მიწოდებული ქონება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დათარიღებულია 2020 წლის 30 ოქტომბრით, ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემებით აღნიშნული ქონება გადაფორმებულია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, კერძოდ კი 2022 წლის 27 მაისს. (დანართი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).
მომჩივანი ითხოვს, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას და ერთ შემთხვევაში, სხვაობა საბაზრო ფასსა და ბინების გასაყიდ ფასს შორის განიხილოს დამფუძნებლის შენატანის დაბრუნებად, ხოლო მეორე შემთხვევაში, დასაბეგრი ოპერაციის გაუქმებას შესამოწმებელი პერიოდისა და დასაბეგრი ოპერაციის პერიოდის განსხვავების საფუძველზე, შესაბამისად, შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:
ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე:
ა) თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება;
ბ) ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
გ) საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში;
დ) საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
დადგენილია, რომ კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (დირექტორის მეუღლე და შვილი) მიწოდებულია უძრავი ქონება - 2 საცხოვრებელი ფართი საკუთარ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში. გარიგების თანახმად, კვ.მ-ის ფასი განსაზღვრულია 100-280 აშშ დოლარი. შემოწმების მიერ დაკორექტირდა რეალიზებული ბინების კვ.მ-ის ფასი და განისაზღვრა 550 დოლარი, იმავე პერიოდში რეალიზებული ბინების საშუალო ფასების შესაბამისად. ამასთან, დირექტორის მეუღლესთან გაფორმებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც წარდგენილია და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ დადგინდა დირექტორის მეუღლეზე და შვილზე ბინების მიწოდება საბაზროზე დაბალ ფასად, კერძოდ ამავე კორპუსში, ამავე პერიოდში ბინების რეალიზაცია ფიქსირდებოდა კვ.მ. 400-700 აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო ცოლსა და შვილზე განსაზღვრული და რეალიზებულია 100-280 აშშ დოლარის ფარგლებში. ამასთან, მეუღლეზე გაფორმებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრში გადაფორმებულია შემოწმების შემდგომ პერიოდში, ამდენად, დაიბეგრა კანონმდებლობის შესაბამისად.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა და შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ფაქტების აღწერა.
კომპანიას დეკემბრამდე უფიქსირდება სალაროში მზარდი ნაშთი. არაგონივრული ნაშთის მიზნობრიობა ვერ დადგინა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებით აღნიშნული თანხა მიჩნეულ იქნა გაცემულ/მიღებულ სესხის თანხებად. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოწმებით აღნიშნული დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას და შემდგომ ჩათვლას შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. ამასთან, ამავე კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, გაცემულ უპროცენტო სესხზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის (20%) გათვალისწინებით, დარიცხული სარგებელი ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომ საქმიანობის დაწყების დღიდან კომპანიას გააჩნია დამფუძნებლის ვალი, მათ შორის კაპიტალში შენატანი 240 000 ლარი, დამფუძნებლის ფულადი შენატანი 734 800 ლარი და ა.შ., რომელიც პერიოდულად მცირდებოდა დამფუძნებლის მიერ თანხის გატანის გზით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთმა შეადგინა 132 000 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის არც ერთ მომენტში დირექტორზე სესხად ჩათვლილი თანხა არ აღემატება ამავე პერიოდში მის მიერ შემოტანილ თანხას, ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული ვალდებულებების კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ნაშთის სესხად განხილვისას გაითვალისწინოს შესამოწმებელ პერიოდში არსებული კაპიტალის ოდენობა და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მომჩივნის არგუმენტაცია
დირექტორი და დამფუძნებელი შესამოწმებელ პერიოდში არის ერთი და იგივე პირი, --------------. საქმიანობის დაწყების დღიდან კომპანიას გააჩნია დამფუძნებლის ვალი. მათ შორის კაპიტალში შენატანი 240 000 ლარი, დამფუძნებლის ფულადი შენატანი 734 800 ლარი და ა.შ., რომელიც პერიოდულად მცირდებოდა დამფუძნებლის მიერ თანხის გატანის გზით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთმა შეადგინა 132 000 ლარი.
მომჩივანი ითხოვს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას და ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის არცერთ მომენტში დირექტორზე შემოწმების აქტით სესხად ჩათვლილი თანხა არ აღემატება ამავე პერიოდში მის მიერ შემოტანილ თანხას, შემოწმების აქტით ამ საკითხში დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად
გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად, ამჟამადაც აღნიშნავს, რომ კომპანიას გააჩნია დამფუძნებლის ვალი, მათ შორის კაპიტალში შენატანი 240 000 ლარი, დამფუძნებლის ფულადი შენატანი 734 800 ლარი და ა.შ., რომელიც პერიოდულად მცირდებოდა დამფუძნებლის მიერ თანხის გატანის გზით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთმა შეადგინა 132 000 ლარი. შესამოწმებელი პერიოდის არც ერთ მომენტში დირექტორზე სესხად ჩათვლილი თანხა არ აღემატება ამავე პერიოდში მის მიერ შემოტანილ თანხას, ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული ვალდებულებების კორექტირებას.
ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სალაროს ნაშთის სესხად განხილვისას შესამოწმებელ პერიოდში არსებული კაპიტალის ოდენობის გათვალისწინება და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან განთავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 180 348 ლარი და საურავი 110 510.22 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
არასდროს ქონია განზრახვა გადასახდელი გადასახადების შემცირებისა და გადახდისაგან თავის არიდების, ითხოვს, აღნიშნულის გათვალისწინებას და დამატებით დაკისრებული ჯარიმა-საურავისაგან სრულად გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ბინების კვადრატული მეტრის ფასის გაზრდა და შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;
2. არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა და შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება;
ფაქტობრივი გარემოებები
1.დადგენილია, რომ კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (დირექტორის მეუღლე და შვილი) მიწოდებულია უძრავი ქონება 2 საცხოვრებელი ფართი საკუთარ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში.შემოწმების მიერ დაკორექტირდა რეალიზებული ბინების კვ.მ-ის ფასი და განისაზღვრა, იმავე პერიოდში რეალიზებული ბინების საშუალო ფასების შესაბამისად. ამასთან, დირექტორის მეუღლესთან გაფორმებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც წარდგენილია და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
2.კომპანიას დეკემბრამდე უფიქსირდება სალაროში მზარდი ნაშთი. არაგონივრული ნაშთის მიზნობრიობა ვერ დადგინა.აღნიშნული თანხა მიჩნეულ
იქნა გაცემულ/მიღებულ სესხის თანხებად.აღნიშნული დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას და შემდგომ ჩათვლას შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. დარიცხული სარგებელი ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
3.შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;19(1);18(11);97(1,3)981(4ა);161(1ა,2);73(9);982(3ზ);101(1,2ბ);154(1ა);269(7);