გადაწყვეტილება №18668/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18668/2/2023
2.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“ 17.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18668/2/2023).
დავის საგანი:
1. ავტომობილების რეალიზაციიდან მიღებული თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. სალაროს უძრავი ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე უპროცენტო სესხად განხილვა;
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2022 წლის №006-142 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.12.2022 წლის №33178 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 33 349 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 14 283
დღგ - 2 554
მოგების გადასახადი - (-2)
საშემოსავლო გადასახადი - 11 062
ქონების გადასახადი - 669
ჯარიმა - 14 059
საურავი - 5 007
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ქიმწმენდა, რეცხვა, სასტუმროს ერთჯერადი ინვენტარით მომარაგება და რესტორნის ელექტრო მოწყობილობების (ელექტრო ღუმელი და მისი აქსესუარები) და დანადგარების რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 12.04.2022 წლის №9227 ბრძანება და №006-142 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2022 წლის №33178 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ და მე-2 სადავო საკითხებზე გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა/გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2022 წლის №33178 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ავტომობილების რეალიზაციიდან მიღებული თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (კონტრაქტი, მიღება-ჩაბარების აქტები) შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2019 წლის 27 მარტს და 2021 წლის 30 მარტს რეალიზებული აქვს ორი მსუბუქი ავტომობილი. ამასთან, სახელშეკრულებო თანხები მიღებული აქვს სრულად. აღნიშნული თანხები არ არის ასახული ბუღალტრულ ანგარიშებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, ავტომობილების რეალიზაციიდან მიღებული თანხები, დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულის შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა/გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას 2019 წლიდან გააჩნდა ვალდებულება კომპანიაში შეტანილი კაპიტალის სახით, ფაქტობრივი გარემოება წარმოადგენს შემდეგს: დირექტორმა, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს კომპანიის დამფუძნებელს ავტომობილების რეალიზაციიდან მიღებული თანხით შეამცირა კაპიტალი, ხარვეზი არის, ის რომ არ მიაწოდა, როგორც ავტომობილის რეალიზაციის, ასევე მიღებული თანხით კაპიტალის შემცირების შესახებ ინფორმაცია ბუღალტერს, ამიტომ არ არის ასახული ეს ოპერაცია ბუღალტერიაში (არც რეალიზაცია, არც კაპიტალის შემცირება) ეს გამოიწვია მენეჯმენტის მიერ საკითხის შეცდომა/არცოდნამ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2022 წლის №33178 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა/გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 28.12.2022 წლის №33178 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. სალაროს უძრავი ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე უპროცენტო სესხად განხილვა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანია კონტრაგენტებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ძირითადად უნაღდო ანგარიშსწორების გზით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2019 წლის იანვრის თვიდან უფიქსირდება სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი. შემოწმებით, ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი მეთოდური მითითების შესაბამისად და სალაროს უძრავი ნაშთი გონივრული საკასო ხარჯის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით, ჩაითვალა მისი წარმოშობის მომენტიდან საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. ასევე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად, თანხის 20%-იანი განაკვეთით გამოანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა სალაროს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულის შედეგად, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთანავე, გაცემული სესხის დაბრუნების მომენტში მოხდა დაბრუნებული თანხების ჩათვლა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით შეესწავლა/გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა, რომ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი არის ერთი და იგივე პიროვნება, რომელიც სრულად არის პასუხისმგებელი სალაროს ნაშთზე და ზოგადად კომპანიის მუშაობაზე, მას პირადი კაპიტალის სახით შეტანილი აქვს საწარმოში შემოწმების ბოლო პერიოდით 136 320 ლარი, ასევე დამატებით სესხები ბანკებიდან. საგადასახადო კოდექსის თანახმად, საწარმოს კაპიტალში შეტანილი თანხა და ასევე მისი გატანა არ წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას, ასევე კომპანიის სალარო მეურნეობა და შეტანილი კაპიტალი არის მჭიდროდ ერთმანეთთან კავშირში, ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად - სალაროს ნაშთი, რომელიც არის შეტანილ კაპიტალზე ნაკლები არ შეიძლება განიხილებოდეს არაგონივრულ ნაშთად. ითხოვს გათვალისწინდეს ფაქტიური გარემოებები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2022 წლის №33178 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა/გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 28.12.2022 წლის №33178 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2022 წლის №006-142 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 14 059 ლარი და საურავი - 5 007 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, მუშაობის მანძილზე არ ჰქონია სხვა რაიმე ჯარიმა შემოსავლების სამსახურის მხრიდან. ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად განთავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისაგან
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
2.მომჩივანი მიიჩნევს ,რომ საწარმოს კაპიტალში შეტანილი თანხა და ასევე მისი გატანა არ წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას, ასევე კომპანიის სალარო მეურნეობა და შეტანილი კაპიტალი არის მჭიდროდ ერთმანეთთან კავშირში, ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად - სალაროს ნაშთი, რომელიც არის შეტანილ კაპიტალზე ნაკლები არ შეიძლება განიხილებოდეს არაგონივრულ ნაშთად. ითხოვს გათვალისწინდეს ფაქტიური გარემოებები.
3.მომჩივანი ითხოვს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად განთავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისაგან.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმებით, ავტომობილების რეალიზაციიდან მიღებული თანხები, დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულის შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
2.კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა. ამასთანავე, გაცემული სესხის დაბრუნების მომენტში მოხდა დაბრუნებული თანხების ჩათვლა
3.აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2022 წლის №006-142 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურის 28.12.2022 წლის №33178 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2.შემოსავლების სამსახურის 28.12.2022 წლის №33178 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3.საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
101,154,269(7).