ბრძანება N 28588
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28588
21 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----)
(მის.: -------)
2023 წლის 16 აგვისტოს და 22 სექტემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმი №114) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) 2023 წლის 16 აგვისტოს №83094/1/2023 და 22 სექტემბრის №83750/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №002-162 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ კომპანიის რეალური ფასნამატი წლების მიხედვით 20-23%-ია, რომლის დასადასტურებლადაც დამატებით წარმოადგენს მტკიცებულებებს ცხრილის სახით.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს განკარგვადი თანხის გაანგარიშებას და განმარტავს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა შპს „-------გან“ შეძენილი საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების ხარჯი, რადგანაც ჩათვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად. აღნიშნავს, რომ თითოეული რეისის ღირებულება 1 500 ლარია, სულ თანხობრივად ჯამში 207 000 ლარი, ყველა დაქირავებული მძღოლი ინდივიდუალური მეწარმეა და მათ თავად ეკუთვნოდათ კუთვნილი გადასახადის გადახდა. აგრეთვე, აღნიშნავს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა ქსელურ სუპერმარკეტებში კომპანიის მიერ შეტანილ პროდუქციაზე თანამონაწილეობის თანხა (ფასდაკლება) 8% სულ 56 800 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ მტკიცებულების სახით საჩივრის დანართად წარმოდგენილი აქვს შპს „-----ს“ მიერ ქსელურ სუპერმარკეტებთან გაფორმებული ოქმები, შესაბამისი გაანგარიშებებით, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ქსელში რეალიზებული პროდუქციის ღირებულების 8% განიხილება, როგორც „დისტრიბუტორის“ ამ შემთხვევაში შპს „------ს“ დავალიანება „მწარმოებლის“ მიმართ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6743 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 18 ივლისის №17450 ბრძანება და ამავე თარიღის №002-162 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 312 268 ლარი, მათ შორის გადასახადი 170 099 ლარი, ჯარიმა 85 050 ლარი და საურავი 57 119 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა სასმელი და საკვები პროდუქტების საბითუმო რეალიზაციას (დისტრიბუცია). საქონლის შესყიდვა ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული შემოსავალი ფიქსირდებოდა 2 416 662 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენდა 2 350 539 ლარს (დღგ-ის გარეშე). კომპანიას არ ჰქონდა საბუღალტრო აღრიცხვა, არ ხდებოდა კონტროლი სმფ-ის მოძრაობაზე, ფულადი სახსრების მოძრაობაზე, დეკლარირებული ფასნამატი სრულ საანგარიშო პერიოდზე საშუალოდ 2-3 % იყო. ამდენად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გაკეთდა ანალიზი სარეალიზაციო საქონლის ფასნამატის შესახებ მისი სახეობრივი კატეგორიების ჭრილში, დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი მაქსიმალურად დაკავშირდა, ასევე, დოკუმენტურად შეძენილ საქონელთან უახლოესი შეძენის თარიღით დაფიქსირებული ფასების დადგენის მიზნით. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა გაშიფრულად საქონლის მოძრაობის ამსახველი ცხრილები რამდენიმე თვეზე, შეჯერებული ანალიზით საბოლოოდ დადგინდა თითოეულ კატეგორიაში შემავალი საქონლის ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებისა და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ების მიხედვით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, როგორც დოკუმენტურად, ისე საცალოდ. საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი თითოეული კატეგორიის ჭრილში. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად დეკლარირებულსა და ფაქტობრივად გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლებისა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერების დამუშავებით დადგინდა სალაროს არაგონივრული უძრავი ფულადი ნაშთები. კომპანია არ აწარმოებდა ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვას, არ ჰქონდა აღებული/გაცემული სესხი კერძო/იურიდიული პირებიდან, არ აფიქსირებდა კაპიტალში შენატანს. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად, გარკვეული თანხები ჩაითვალა საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და მოგების გადასახადში, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, კომპანიას კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, არ ხდებოდა სმფ-ებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი, ამდენად, შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი მაქსიმალურად დაკავშირდა დოკუმენტურად შეძენილ საქონელთან უახლოესი შეძენის თარიღით. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საქონლის მოძრაობის ამსახველი ცხრილები რამდენიმე თვეზე, შეჯერებული ანალიზით საბოლოოდ დადგინდა თითოეულ კატეგორიაში შემავალი საქონლის ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებისა და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ების მიხედვით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, როგორც დოკუმენტურად, ისე საცალოდ. საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი თითოეული კატეგორიის ჭრილში.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, არ ახდენდა სმფ-ებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლს, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის გავრცელება შესაბამისი კატეგორიების ჭრილში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვას და შემოწმებით დადგინდა სალაროს არაგონივრული უძრავი ფულადი ნაშთები, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, კომპანიას გააჩნდა შპს „------გან“ შეძენილი საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების ხარჯი და თითოეული რეისის ღირებულება შეადგენდა 1 500 ლარს, სულ თანხობრივად ჯამში 207 000 ლარს. აგრეთვე, აღნიშნავს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა ქსელურ სუპერმარკეტებში კომპანიის მიერ შეტანილ პროდუქციაზე ფასდაკლების თანხა 8%, სულ 56 800 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომჩივანი განმარტავს, რომ საჩივრის დანართად წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ქსელში რეალიზებული პროდუქციის ღირებულების 8% განიხილება, როგორც შპს „------ს“ დავალიანება „მწარმოებლის“ მიმართ.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული), ასევე, საქონლის ტრანსპორტირებაზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქონლის ტრანსპორტირებაზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად განსაზღვრულ ფასნამატს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს განკარგვადი თანხის გაანგარიშებას და განმარტავს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა შპს-გან შეძენილი საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების ხარჯი, რადგანაც ჩათვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა სასმელი და საკვები პროდუქტების საბითუმო რეალიზაციას (დისტრიბუცია). საქონლის შესყიდვა ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული შემოსავალი ფიქსირდებოდა 2 416 662 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენდა 2 350 539 ლარს (დღგ-ის გარეშე). კომპანიას არ ჰქონდა საბუღალტრო აღრიცხვა, არ ხდებოდა კონტროლი სმფ-ის მოძრაობაზე, ფულადი სახსრების მოძრაობაზე, დეკლარირებული ფასნამატი სრულ საანგარიშო პერიოდზე საშუალოდ 2-3 % იყო. ამდენად, შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედეგად დეკლარირებულსა და ფაქტობრივად გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლებისა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერების დამუშავებით დადგინდა სალაროს არაგონივრული უძრავი ფულადი ნაშთები. კომპანია არ აწარმოებდა ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვას, არ ჰქონდა აღებული/გაცემული სესხი კერძო/იურიდიული პირებიდან, არ აფიქსირებდა კაპიტალში შენატანს. შემოწმებით გარკვეული თანხები ჩაითვალა საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და მოგების გადასახადში, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული), ასევე, საქონლის ტრანსპორტირებაზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 61(3), 73(4)(5"ა")(9"ბ"), 158(1), 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1), 43(4), 8(12), 96"ა", 97(1"ა"), 981(1), 130(1), 154(1"ზ").
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა").