ბრძანება N 2191

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 08.02.2023
№ დოკუმენტი 2191
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2191

08.02.2023

ი/მ "-------" (ს/ნ -------- )

(მის.: -------)

2022 წლის 19 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი N5) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 30 სექტემბრის №17669/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ "------" (ს/ნ ------- ) №72621/1/2022 საჩივარი 2022 წლის 1 ივლისის NAA1350952 საგადასასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას როგორც ფიზიკური პირი და არ ჰქონდა ახლო შეხება საგადასახადო კანონმდებლობასთან და არ ჰქონდა ინფორმაცია დეკლარირების გამონაკლისი წესების შესახებ, ისეთი როგორიცაა ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტიდან 30 კალენდარულ ვადაში დეკლარაციის წარდგენა. ამბობს, რომ სურდა მიმდინარე გადასახდელების შემცირება, კონსულტაციის შემდეგ კი ურჩიეს ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტა. ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლებას.

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ი/მ "-------" (პ/ნ ) მიერ შეცდომით შეწყვეტის დეკლარაციის ნაცვლად 2022 წლის 31 მარტს წარმოდგენილია საშემოსავლო გადასახადის 2021 წლის წლიური დეკლარაცია. 2022 წლის 18 მაისს „საქმიანობის შეჩერების შესახებ (ავტომატური +“) ID " ------" განცხადებაში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის თარიღად მითითებულია 01.04.2021 წელი. გადამხდელის მიერ აგრეთვე 2022 წლის 18 მაისს წარმოდგენილია „არასწორად წარმოდგენილი ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის დეკლარაციის ასახვის შესახებ“ ID "-----" განცხადება, რომლითაც ითხოვს 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, როგორც ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარდგენილ დეკლარაციად ჩათვლას (ბარათის დაკორექტირებას). გადამხდელის მოთხოვნის შესაბამისად ბარათი დაკორექტირდა 01.07.2022 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღრული მოთხოვნების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო გადასახადის 2021 წლის წლიური დეკლარაციის (შეწყვეტის ღილაკის მონიშვნით) წარდგენის 30 დღიანი ვადა ჰქონდა 19.05.2021 წლამდე. აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 1 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NAA1350952. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა 38511.14 ლარი.

2022 წლის 11 ოქტომბერს ი/მ "-------" (პ/ნ -------- ) წარმოადგინა განცხადება ID"-----" საქმიანობის 01.04.2021 წლიდან განახლების შესახებ, ასევე ID"-----" განცხადება 01.04.2022 წლიდან საქმიანობის შეჩერების შესახებ და წარმოდგენილი იქნა 2022 წლის ნულოვანი დეკლარაცია. ამავე დროს დაზუსტებული იქნა 2021 წლის წლიური დეკლარაცია.

2022 წლის 11 ოქტომბრის ი/მ "------" (პ/ნ --------- ) N"------" განცხადებით მოთხოვნილი იქნა ბარათის დაკორექტირება, კერძოდ 2021 წლის 1 აპრილის შეჩერების დეკლარაციის ანულირება და შედეგების ასახვა 2021 წლის წლიური დეკლარაციით. შესაბამისად, 19.05.2021 წლის სავადოთი დაექვემდებარა შემცირებას საშემოსავლო გადასახადი 385111.40 ლარის ოდენობით და 31.03.2022 წლის სავადო თარიღით დაექვემდებარა დარიცხვას 385111.40 ლარის ოდენობით.

2022 წლის 19 ივლისს "-------" შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში წარდგენილი ჰქონდა N72621/1/2022 საჩივარი, რომლის დაკმაყოფილებაზეც უარი ეთქვა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 აგვისტოს N21353 ბრძანებით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ 2022 წლის 30 სექტემბერს გააუქმა შემოსავლების სამსახურის 10.08.2022 წლის №21353 ბრძანება და მიუთითა, რომ მომჩივნის არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 20 იანვრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ი/მ "-------" (ს/ნ ------- ) ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 179254.89 ლარი, საურავი 39507.33 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც აღიარებული არ არის 38511.14 ლარის ოდენობით. ამასთან, 2022 წლის 20 ივლისის N002-2022-8509 ბრძანების საფუძველზე გაფორმებულია N------- ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ. ამასთანავე, შემდგომ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის განახლებამდე არ ევალება საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი/მ "-------" (პ/ნ -------- ) მიერ 2022 წლის 11 ოქტომბრის N"------" განცხადებით მოთხოვნილი იქნა ბარათის დაკორექტირება. კერძოდ 2021 წლის 1 აპრილის შეჩერების დეკლარაციის ანულირება და შედეგების ასახვა 2021 წლის წლიური დეკლარაციით. შესაბამისად 19.05.2021 წლის სავადოთი დაექვემდებარა შემცირებას საშემოსავლო გადასახადი 385111.40 ლარის ოდენობით და 31.03.2022 წლის სავადო თარიღით დაექვემდებარა დარიცხვას 385111.40 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა, ფაქტობრივი გარემოებებისა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 1 ივლისის NAA1350952 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი უნდა გაუქმდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ "-------" (ს/ნ -------- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 1 ივლისის NAA1350952 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.