ბრძანება N 27958
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27958
22 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.:-------, -------)
2025 წლის 10 ოქტომბრის და 19 ნოემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 13 და 27 ნოემბრის სხდომებზე (ოქმები №94; №98) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2025 წლის 10 ოქტომბრის №98327/1/2025 და 19 ნოემბრის №184285/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 სექტემბრის №037-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას. აღნიშნავს, რომ 2022 წელს ბრუნვის გაზრდა განპირობებულია ცოცხალი ქათმის (4000 ცალი) რეალიზაციაში ჩართვით, ამასთან, შემოწმების მიერ ინდივიდუალური მეწარმის განცხადების არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად, თითქოს 2022 წლის მაისის თვეში მას ქათმის ფერმა აღარ ქონდა, არ შეესაბამება რეალობას. ქათმის ფერმა 2023 წელსაც არსებობდა, ხოლო დაავადების შედეგად ფაქტობრივად 2023 წლის ბოლოს ფრინველი განადგურდა, აღნიშნულის მიუხედავად, 4000 ქათმის პირველადი ღირებულებით დაბეგვრა არასწორია. რაც შეეხება საკვების შეძენას, ფერმა საკვებით მარაგდებოდა ------- სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან მოყვანილი საკვებით.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობას. აცხადებს, რომ შემოწმების შედეგად 2022 წლის ხარჯებიდან ამოღებულია სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებები, მაშინ როდესაც უფიქსირდება 2022 წელს სატრანსპოტო საშუალების შეძენა, რაც გამოიყენებოდა მის ეკონომიკურ საქმიანობაში. ამავე დროს, 2022 წლის ხარჯებში უნდა იქნას გათვალისწინებული 2022 წელს შეძენილი და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქათმის ფერმის მანქანა-დანადგარები, რაზეც დამატებით შეუძლია წარმოადგინოს მტკიცებულებებს. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ 2024 წელს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე ჩატარდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებაც 2024 წელსვე დაიწყო. აქედან გამომდინარე, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება უნდა დაექვემდებაროს სრულად გამოქვითვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7831 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 11 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 8 სექტემბრის №19683 ბრძანება და ამავე თარიღის №037-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 442 125 ლარი, მათ შორის, გადასახადი 274 621 ლარი, ჯარიმა 127 263 ლარი და საურავი 40 240 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. ინდ. მეწარმე ------- გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 22 მარტს. გადასახადის გადამხდელი შემოსავალს იღებს ფართების იჯარიდან -------, რომელსაც აქირავებს ქსელურ სუპერმარკეტებსა და აფთიაქებზე, სატენდერო საქმიანობიდან (------- მუნიციპალიტეტისთვის გაწეული მომსახურება), ასევე ქათმის და კვერცხის რეალიზაციიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლით, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელს განხორციელებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, კერძოდ შესრულებულია სხვადასხვა სამუშაო იურიდიულ პირებზე, მათ შორის სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში, რომლებიც არ არის სრულად ასახული წარდგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში. შემოწმებით გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა შეადგენს 1 986 672 ლარს, რაც 533 476 ლარით აღემატება დეკლარირებულს. 2022 წელს შემოწმებით დადგენილი ბრუნვის გაზრდა განპირობებულია ცოცხალი ქათმის რეალიზაციაში ჩართვით. 2022 წლის დეკემბერში მეწარმეს იმპორტის რეჟიმით თურქეთის რესპუბლიკიდან შემოყვანილი ჰყავს 7000 ცალი ქათამი, ჯამში 85 651 ლარის ღირებულების. აქედან 3000 ცალი მიწოდებულია დეკემბრის თვეში, დანარჩენი ქათმის რეალიზაცია პირველად დოკუმენტებში აღარ ფიქსირდება. მეწარმემ განმარტა, რომ ქათმის ფერმა 2022 წლის მაისიდან აღარ აქვს, ასევე აღარ უფიქსირდება საკვების შეძენა. შემოწმების მიერ დარჩენილი 4000 ცალი ქათამი ჩაითვალა რეალიზებულად 2022 წლის დეკემბრის თვეში, ხოლო ღირებულებამ დღგ-ის გარეშე შეადგინა 51 322 ლარი. აღნიშნული თანხით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. 2024 წელს ერთობლივი შემოსავლის და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა განპირობებულია ------- მუნიციპალიტეტისთვის გაწეული მომსახურების არაღიარებით. ხშირ შემთხვევაში საფ-ები გამოწერილი არ არის. დასაბეგრი ბრუნვა დადგინდა ------- მუნიცპალიტეტსა და მეწარმეს შორის შედგენილი მიღება/ჩაბარების აქტებით. შემოწმებით დადგენილი შემოსავალი 2024 წელს 439 420 ლარით მეტია დეკლარირებულზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელს წლიური საშემოსავლო გადასახადი სრულად არ აქვს დეკლარირებული. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა ბაზამ შეადგინა 1 752 930 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 და 81-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, ხოლო რაც შეეხება აღნიშნულ შემოსავლებთან დაკავშირებულ გამოქვითვებს, გადასახადი გადამხდელს ზედმეტად აქვს გამოქვითული ხარჯები. შედეგად, ------- მიერ მიღებულ შემოსავალს და ხარჯებს შორის სხვაობა, სულ 670 286 ლარი, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით, 2024 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის გაანგარიშებისას ასევე გათვალისწინებულ იქნა წინა წლის ზარალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს განხორციელებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, კერძოდ შესრულებულია სხვადასხვა სამუშაო იურიდიულ პირებზე, მათ შორის სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში, რომლებიც არ არის სრულად ასახული წარდგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში. ასევე, 2022 წლის დეკემბერში მეწარმეს იმპორტის რეჟიმით თურქეთის რესპუბლიკიდან შემოყვანილი ჰყავს 7000 ცალი ქათამი, ჯამში 85 651 ლარის ღირებულების. აქედან 3000 ცალი მიწოდებულია დეკემბრის თვეში, დანარჩენი ქათმის რეალიზაცია პირველად დოკუმენტებში აღარ ფიქსირდება. შემოწმების მიერ დარჩენილი 4000 ცალი ქათამი ჩაითვალა რეალიზებულად, ასევე 2022 წლის დეკემბრის თვეში, ღირებულებამ დღგ-ის გარეშე შეადგინა 51 322 ლარი. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ასევე გაიზარდა ------- მუნიცპალიტეტსა და მეწარმეს შორის განხორციელებული ოპერაციით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის 2025 წლის 13 ნოემბრის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილვისას გადასახადის გადამხდელს მიეცა დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა, საკითხის განხილვა გადაიდო 2 კვირის ვადით, თუმცა დღეის მდგომარეობით, მათ შორის, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, ხოლო რაც შეეხება აღნიშნულ შემოსავლებთან დაკავშირებულ გამოქვითვებს, გადასახადი გადამხდელს ზედმეტად აქვს გამოქვითული ხარჯები. შედეგად, ------- მიერ მიღებულ შემოსავალს და ხარჯებს შორის სხვაობა, სულ 670 286 ლარი, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით, 2024 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის გაანგარიშებისას ასევე გათვალისწინებულ იქნა წინა წლის ზარალი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომლითაც არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობას და აცხადებს, რომ 2024 წელს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე ჩატარდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებაც 2024 წელსვე დაიწყო. აქედან გამომდინარე, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება უნდა დაექვემდებაროს სრულად გამოქვითვას. აღნიშნული სამუშაოების ღირებულების დასადგენად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია სამშენებლო ექსპერტიზა.
შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ხოლო საჩივარში მითითებულ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულების გამოქვითვასთან დაკავშირებით, შემოწმების პერიოდში გადამხდელს არ წარმოუდგენია შესაბამისი პოზიცია, შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ხელშეკრულება, რომლითაც უნდა დადგინდეს სადავო ქონების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, გადამხდელის მიერ მოთხოვნილია ზემოაღნიშნული სამუშაოების ღირებულების დადგენა 2025 წლის მდგომარეობით, მაშინ როდესაც გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილი განმარტებით, უძრავ ქონებებზე ჩატარდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები 2024 წელს, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებაც 2024 წელსვე დაიწყო.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, 2024 წელს უძრავ ქონებებზე ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დანახარჯების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვა შეთანხმდეს შემმოწმებელთან). თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) 2024 წელს უძრავ ქონებებზე ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დანახარჯების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვა შეთანხმდეს შემმოწმებელთან);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს განხორციელებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, კერძოდ შესრულებულია სხვადასხვა სამუშაო იურიდიულ პირებზე, მათ შორის სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში, რომლებიც არ არის სრულად ასახული წარდგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში. ასევე, 2022 წლის დეკემბერში მეწარმის მიერ იმპორტის რეჟიმით შემოყვანილი ქათმის რეალიზაცია პირველად დოკუმენტებში სრულად არ ფიქსირდება, რაც შემოწმების მიერ ჩაითვალა რეალიზებულად 2022 წლის დეკემბრის თვეში. ხშირ შემთხვევაში საფ-ები გამოწერილი არ არის. შემოწმებით დასაბეგრი ბრუნვა დადგინდა შედგენილი მიღება/ჩაბარების აქტებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს წლიური საშემოსავლო გადასახადი სრულად არ აქვს დეკლარირებული.
გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, ხოლო რაც შეეხება აღნიშნულ შემოსავლებთან დაკავშირებულ გამოქვითვებს, გადასახადი გადამხდელს ზედმეტად აქვს გამოქვითული ხარჯები. შედეგად, მომჩივანის მიერ მიღებულ შემოსავალს და ხარჯებს შორის სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით, 2024 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის გაანგარიშებისას ასევე გათვალისწინებულ იქნა წინა წლის ზარალი. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, 2024 წელს უძრავ ქონებებზე ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დანახარჯების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვა შეთანხმდეს შემმოწმებელთან). თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 102; 105(2); 159; 163;