გადაწყვეტილება №25834/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 25834/2/2025
05 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 10.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25834/2/2025).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №001-153 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.08.2025 წლის №18281 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 257 648,46 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 168 127,63
დღგ - 147 583,56
საშემოსავლო გადასახადი - 205 44,07
ჯარიმა - 83 711,50
საურავი - 5809,33
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გაყინული თევზით ვაჭრობა. საქონლის შეძენას და რეალიზაციას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 2 მაისს, ამავე თარიღიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2.05.2024 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 30 ივნისის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელმა შემოწმების მიმდინარეობისას წარადგინა საბუღალტრო პროგრამა ფინაში ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა 2.05.2024 - 1.04.2025 პერიოდზე. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7711 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღწერა, რომლის მიხედვითაც სმფ-ების ნაშთი შეადგენს 0 ლარს. წარმოდგენილი ფაქტობრივი ნაშთი განსხვავდებოდა ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული ნაშთისგან (738 163 ლარი). 2025 წლის პირველი აპრილიდან 2025 წლის 28 აპრილამდე პერიოდის დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციების გათვალისწინებით გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. გაანგარიშებულ რპთ-ზე გავრცელდა შემოწმებით განსაზღვრული დოკუმენტური ფასნამატი (საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 10%). შესაბამისად, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრულ აღრიცხვა და შემმოწმებელთათვის ხელმისაწვდომი სხვა მონაცემები. ასევე ვალდებულებები დამფუძნებლის წინაშე. განკარგვადი თანხის ოდენობა შემცირდა 854 200 ლარით. შემოსავალების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 28 აპრილს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გამოვლენილი განკარგვადი თანხა, ,,ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე 9.07.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15529 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №001-153 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.08.2025 წლის №18281 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, და განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანოს მიერ საქონლის ნაშთის შემოწმების მომენტისათვის საქონლის ნაშთი არ იყო, ვინაიდან 17.04.2025 წელს მოხდა რეალიზაცია, რომელიც აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციაში დაბეგრილია. საგადასახადო აუდიტის მიერ ჩატარდა შემოწმება, რომელმაც არსებული ნაშთი გადაანაწილა გასულ თვეებზე და დაბეგრა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით, რასაც საზოგადოება არ ეთანხმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი განმარტავს, რომ საქონლის ნაშთის უქონლობის მიზეზი იყო 17.04.2025 წელს მისი რეალიზაცია.
საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7711 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღწერის შედეგად სმფ-ების ნაშთი არ გამოვლინდა. წარმოდგენილი ფაქტობრივი ნაშთი განსხვავდებოდა ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული ნაშთისგან (738 163 ლარი). ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი.
მომჩივანი არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტის გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრის შესახებ, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოები
საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღწერის შედეგად სმფ-ების ნაშთი არ გამოვლინდა. წარმოდგენილი ფაქტობრივი ნაშთი განსხვავდებოდა ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული ნაშთისგან. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრის შესახებ, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: უხლი 73.