ბრძანება N 16952

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.07.2024
№ დოკუმენტი 16952
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16952

17 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------ის“ (ს/ნ ------------------)

(მის.: ----------------------------------)

2024 წლის 21 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 ივლისის სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა შპს „-------ის“ (ს/ნ ------------------) 2024 წლის 21 ივნისის №23336/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მაისის №065-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ თანხებს. მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 მაისის №10645 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------ის“ (ს/ნ ------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 20 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 22 მაისის №11701 ბრძანება და ამავე თარიღის №065-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 13 018 ლარი, მათ შორის, გადასახადი 8 031 ლარი, ჯარიმა 4 016 ლარი, საურავი 971 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

. შპს „-------ი“ (ს/ნ ------------------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 26 ივნისს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 10 დეკემბრიდან, საქმიანობის სფეროს წარმოადგენს -----ის მომსახურებასთან დაკავშირებული მომსახურება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ელექტრონული ანგარიშფაქტურების ნაწილი (ეა---------) არ აქვს მიბმული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაზე და დაბეგრილი, შესაბამისად, შემცირებული აქვს დღგ-ით დასაბგერი ბრუნვა ჯამში 44 415.25 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით პირს დაერიცხა დღგ და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

. გადასახადის გადამხდელის მიერ დაირღვა ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მოთხოვნები, კერძოდ, დღგ-ის დეკლარაციაში ანგარიშ-ფაქტურების რეესტრით არ არის ასახული შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.

. შპს „------ს“ შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი აქვს შპს „-------სგან“ (ს/ნ ------------) მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ---------), ხოლო საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ეა---------) მიღების პერიოდში არ აქვს შემცირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. პირს ოპერაციის განხორციელების პერიოდში ჩასათვლელი დღგ-ის თანხის შემცირება უნდა მოეხდინა ავანსის დღგ-ის თანხით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით, პირს დაერიცხა დღგ და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის მიხედვითაც, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

ამავე ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ნაწილი არ აქვს მიბმული და დაბეგრილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაზე, შესაბამისად, შემცირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი აქვს შპს „--------სგან“ მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიღების პერიოდში არ აქვს შემცირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა ავანსის დღგ-ის თანხით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსამოწმებელ პერიოდში გამოწერილი და დაუბეგრავი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, ასევე შპს „-------საგან“ მიღებული საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩასათვლელი დღგ-ის თანხის ავანსის დღგ-ის თანხით შეუმცირებლობის შედეგად დღგ-ში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერად განხორციელდა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე არგუმენტები/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები და მასზე ჯარიმის დაკისრება განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------ის“ (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ თანხებს..

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №10645 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №11701 ბრძანება და №065-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 13 018 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ელექტრონული ანგარიშფაქტურების ნაწილი არ აქვს მიბმული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაზე და დაბეგრილი, შესაბამისად, შემცირებული აქვს დღგ-ით დასაბგერი ბრუნვა .საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით პირს დაერიცხა დღგ და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

ასვე,დღგ-ის დეკლარაციაში ანგარიშ-ფაქტურების რეესტრით არ არის ასახული შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან,შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს ჩათვლილი აქვს მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა , ხოლო საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიღების პერიოდში არ აქვს შემცირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. პირს ოპერაციის განხორციელების პერიოდში ჩასათვლელი დღგ-ის თანხის შემცირება უნდა მოეხდინა ავანსის დღგ-ის თანხით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით, პირს დაერიცხა დღგ და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები და მასზე ჯარიმის დაკისრება განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 174(1.2); 175(1 „ა“); 176(1 „ა“);