გადაწყვეტილება №18641/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18641/2/2023
2.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "----------" (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 13.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18641/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ჯართის შეძენაზე ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. მეორადი აკუმულატორების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2022 წლის №021-58 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.12.2022 წლის №31660 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 498 274 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 290 103
დღგ - 20 501
საშემოსავლო გადასახადი - 269 602
ჯარიმა - 145 741
საურავი - 62 430
პროცედურული გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონის შეძენა-რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 4.07.2022 წლის №17353 ბრძანება და №021-58 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის 16.12.2022 წლის №31660 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1.საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ჯართის შეძენაზე ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმების პროცესში გადამხდელმა ვერ წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი ჟურნალები. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული მონაცემებითა და გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერებით.
ზემოაღნიშნული მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი საქონლის შესყიდვას ახორციელებდა დოკუმენტით. ამასთან, რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებით დაფიქსირებული საქონლის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება შესყიდვის დოკუმენტების მიხედვით, შეძენილი ჯართის რაოდენობას. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მოთხოვნათა საფუძველზე განისაზღვრა დოკუმენტების გარეშე შესყიდული ჯართის რაოდენობა და მისი შესყიდვის ღირებულება.
აღნიშნული ჯართი განხილულ იქნა ფიზიკური პირებისგან შეძენილად საწარმოს და სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესყიდვის დოკუმენტებით დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური ფასით. ამგვარად, გაანგარიშდა ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებული თანხები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი აქვს აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებული თანხები 315 265 ლარის ოდენობით.
შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებული თანხები აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს და შეადგენს 4 510 287 ლარს (აგროსილი თანხა საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან 3%-ით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1333 მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლით და მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლის მიერ, დოკუმენტის გარეშე შესყიდული ჯართის ღირებულება და რაოდენობის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, იგი განხილული იქნა ფიზიკური პირებისაგან შესყიდულად და ღირებულების განსაზღვრისათვის გამოიყენეს დოკუმენტებში დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური ფასი, აღნიშნული მიდგომა არასამართლიანია, რადგან შესყიდვის ფასი იცვლება ყოველდღიურად და მნიშვნელოვნად, ასეთი მიდგომით უსაფუძვლოდ და არასამართლიანადაა გაზრდილი 3-% იანი განაკვეთით დასაბეგრი ბაზა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
ს. შემოწმებისას დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით. შედეგად, განისაზღვრა დოკუმენტების გარეშე შესყიდული ჯართის რაოდენობა და მისი შესყიდვის ღირებულება. აღნიშნული ჯართი განხილულ იქნა ფიზიკური პირებისგან შეძენილად საწარმოს და სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესყიდვის დოკუმენტებით დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური ფასით. ამგვარად, გაანგარიშდა ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებული თანხები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი აქვს აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებული თანხები 315 265 ლარის ოდენობით. შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებული თანხები აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს და შეადგენს 4 510 287 ლარს (აგროსილი თანხა საშემოსავლოს ჩათვლით). საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან 3%-ით დაბეგვრას.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს შესაბამის არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ჯართის შეძენაზე ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების განსაზღვრა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.
2. ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმომ ვერ წარადგინა შემოწმებისას მოთხოვნილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. გადამხდელმა ახსნაგანმარტების სახით წარადგინა ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ. შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებსა და გადამხდელის ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, ასევე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გაანგარიშდა საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი პერიოდების მიხედვით სულ 718 750 ლარის ოდენობით (დარიცხული თანხა საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), რომელიც საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, აღნიშნული განაცემი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული ყოველდღიური ხარჯები, არ იქნა გათვალისწინებული საწარმოს დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება. შესაბამისად ითხოვს დაევალოს შემმოწმებლებს მოახდინონ შესაბამისი გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებსა და გადამხდელის ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გაანგარიშდა საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი პერიოდების მიხედვით სულ 718 750 ლარის ოდენობით (დარიცხული თანხა საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), რომელიც საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის საფუძველი გახდებოდა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი მომჩივანს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად და არც ფაქტიურად გააჩნდა, საბჭოს მიაჩნია, რომ გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთის საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.
3. მეორადი აკუმულატორების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება მეორადი აკუმულატორების შეძენა/რეალიზაცია (გამოწერილია ნულოვანი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რაზეც არ ხდება დღგ-ის დარიცხვა. საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი არ ეხება მეორადი აკუმულატორების მიწოდებას, ვინაიდან აღნიშნული საქონელი დაბეგვრის მიზნებისთვის არ განეკუთვნება არც შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართს და არც მათ ნარჩენებს, ანუ ლითონის ისეთ სახეობებს, რომლებიც წარმოდგენილია №7204 ქვეჯგუფში (შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი). შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 1.01.2021 წლამდე პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლით, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტით, 1.01.2021 წლიდან პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ სადავო შემთხვევაში მეორადი აკუმულატორი წარმოადგენს ფერადი ლითონის ტყვიის (ნარჩენს) ჯართს, რაც საგადასახადო კოდექსის 172 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. სწორედ ამიტომ მოხდა მეორადი აკუმულატორის ტყვიის რეალიზაციაზე ნულოვანი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა. მის მიერ მიღებული და რეალიზებული აკუმულატორი, არის გამოსაყენებლად უვარგისი იგი დაცლილია მჟავისაგან, მასში არ მიმდინარეობს რეაქცია და არ მიმდინარეობს ელექტრული მუხტების განცალკევება, რომელიც გროვდება დენის წყაროს პოლუსებზე და ჩნდება პოტენციალთა სხვაობა, შესაბამისად არ წარმოიქმნება ძაბვა, სწორედ ამიტომ მეორადი აკუმულატორი, რომელიც ჩვენ ანგარიშ-ფაქტურებშია მითითებული არის მეორადი ფერადი ლითონის ტყვიის ჯართი. მეორადი აკუმულატორის მიწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბეგრებოდა დღგ-ით თუ ის ვარგისი იქნებოდა დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს გარემოებათა გამო:
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგისგან გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებში და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებსა და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება მეორადი აკუმულატორების შეძენა/რეალიზაცია (გამოწერილია ნულოვანი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რაზეც არ ხდება დღგ-ის დარიცხვა. საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი არ ეხება მეორადი აკუმულატორების მიწოდებას, ვინაიდან აღნიშნული საქონელი დაბეგვრის მიზნებისთვის არ განეკუთვნება არც შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართს და არც მათ ნარჩენებს, ანუ ლითონის ისეთ სახეობებს, რომლებიც წარდგენილია №7204 ქვეჯგუფში (შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი). შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მეორადი აკუმულატორები არ განეკუთვნება შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართს და არც მათ ნარჩენებს, რომლებიც წარმოდგენილია №7204 ქვეჯგუფში (შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი), შესაბამისად საბჭო იზიარებს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა და აღნიშნული საქონლის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.