ბრძანება N 27253

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.11.2023
№ დოკუმენტი 27253
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27253

06 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------,-------)

2023 წლის 13 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბრის და 12 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №95; №106) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 13 აგვისტოს №83018/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ივლისის №002-151 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ დღგ-ს გადახდას ახორციელებდა სეზონურად, რადგან მუდმივად მინუსში გადიოდა. მიიჩნევს, რომ შემოწმებამ მათი ფასები არ გაითვალისწინა და დაერიცხა არარეალურად ბევრი გადასახადი. მიუთითებს, რომ ყველა საბუთი აქვს და არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 აპრილის №8854 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“- ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 20 იანვრიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 ივლისის №16632 ბრძანება და 2023 წლის 11 ივლისის №002-151 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 296 125 ლარი, მათ შორის, გადასახადი 188 635 ლარი, ჯარიმა 95 946 ლარი, საურავი 11 544 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

● გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელთან დაკავშირება მოხდა და შესაბამისად მონაწილეობდა შემოწმების პროცესში. დადგინდა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ანგარიშის ამონაწერი, ასევე, ახსნა-განმარტებები სამეურნეო ოპერაციებზე. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. ამასთანავე, ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციისას დადგინდა, რომ გადამხდელს შემოწმების პროცესში სმფ-ის ნაშთი არ გააჩნია.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რეალიზებული პროდუქცია დაიყო კატეგორიების და დაბეგვრის ტიპის მიხედვით. დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციით დადგინდა კატეგორიების ფასნამატები, უახლოესი შეძენა - უახლოესი გაყიდვის პრინციპით. მიღებული ფასნამატი გავრცელდა საცალო რეალიზაციაზე. გაანგარიშდა მთლიანი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში და გადანაწილდა დაბეგვრის ტიპის მიხედვით დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

● შემოწმების მიერ განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (01.04..2023) სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, შემდეგი მეთოდით: არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი (დღგის ჩათვლით) ჩაითვალა სალაროში შემოსულად, ასევე, გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერებით, სადაც ფიქსირდება სესხის აღება დაემატა ფულად თანხებს. სალაროდან გასული თანხები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ხარჯის დოკუმენტების მიხედვით, ასევე, საბანკო ამონაწერით, სადაც ფიქსირდება სესხის ძირი თანხის, პროცენტის, საკომისიოს გადახდები. შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ, ასევე არ არის წარმოდგენილი არარეზიდენტ მომწოდებლებთან ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, შემოწმებით არარეზიდენტ მომწოდებლებთან იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულების 75%-ის ჩაითვალა გადახდილად აღნიშნულ მომწოდებლებთან. ამასთანავე, გადამხდელს დებიტორული დავალიანება აქვს ერთ-ერთ მყიდველთან (წარმოადგინა შედარების აქტი), რაც თავის მხრივ გათვალისწინებული იქნა ფულის მოძრაობაში. თანხის დარჩენილი ნაწილი დაკვალიფიცირდა ხელფასად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს განესაზღვრა, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, რეალიზებული პროდუქცია დაიყო კატეგორიების და დაბეგვრის ტიპის მიხედვით. დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციით დადგინდა კატეგორიების ფასნამატები, უახლოესი შეძენა - უახლოესი გაყიდვის პრინციპით. ზემოაღნიშნული პრინციპით გამოთვლილი ფასნამატი გავრცელდა საცალო რეალიზაციაზე. გაანგარიშდა მთლიანი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში და გადანაწილდა დაბეგვრის ტიპის მიხედვით დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.

ასევე, შემოწმების პროცესში განხორციელდა შპს „-------“-ის სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშება, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (01.04..2023) ნაღდი ფულის ნაშთის დადგენის მიზნით. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი (დღგ-ის ჩათვლით) და საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული აღებული სესხის თანხები ჩაითვალა სალაროში შემოსულად. ასევე, სალაროდან გასული თანხები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ხარჯის დოკუმენტების მიხედვით და საბანკო ამონაწერით, სადაც ფიქსირდება სესხის ძირი თანხის, პროცენტის, საკომისიოს გადახდები. ამასთან, ვინაიდან შემოწმებისთვის არ იყო წარდგენილი არარეზიდენტ მომწოდებლებთან ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოწმების მიერ არარეზიდენტ მომწოდებლებთან იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულების 75% ჩაითვალა გადახდილად. აგრეთვე, ფულის მოძრაობის ანალიზისას გათვალისწინებულ იქნა გადამხდელს დებიტორული დავალიანება, რომელზეც გადამხდელმა წარადგინა შედარების აქტი. ზემოაღნიშნული მეთოდით გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით. დადგინდა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების პროცესში სმფ-ის ნაშთი არ გააჩნია.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რეალიზებული პროდუქცია დაიყო კატეგორიების და დაბეგვრის ტიპის მიხედვით. დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციით დადგინდა კატეგორიების ფასნამატები, უახლოესი შეძენა - უახლოესი გაყიდვის პრინციპით. მიღებული ფასნამატი გავრცელდა საცალო რეალიზაციაზე. გაანგარიშდა მთლიანი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში და გადანაწილდა დაბეგვრის ტიპის მიხედვით დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.

შემოწმების მიერ განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (01.04..2023) სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, შემდეგი მეთოდით: არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი (დღგ-ის ჩათვლით) ჩაითვალა სალაროში შემოსულად, ასევე, გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერებით, სადაც ფიქსირდება სესხის აღება დაემატა ფულად თანხებს. სალაროდან გასული თანხები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ხარჯის დოკუმენტების მიხედვით და საბანკო ამონაწერით. შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი არარეზიდენტ მომწოდებლებთან ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, შემოწმებით არარეზიდენტ მომწოდებლებთან იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულების 75% ჩაითვალა გადახდილად აღნიშნულ მომწოდებლებთან. თანხის დარჩენილი ნაწილი დაკვალიფიცირდა ხელფასად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 159