გადაწყვეტილება №27659/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.07.2026
№ დოკუმენტი 27659/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27659/2/2026

29 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 26.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27659/2/2026).

 

დავის საგანი:

არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციის ნაწილში გავრცელებული საბაზრო ფასი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2025 წლის №024-143 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2026 წლის №12453 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 223 940.92 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 696 868.70

დღგ -269 002.09

საშემოსავლო გადასახადი - 427 866.61

ჯარიმა - 353 064.70

საურავი - 174 007.52

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს, ------- მრავალსართულიანი საცხოვრებელი და კომერციული ფართების მშენებლობა, კომპანია დაფუძნებულია 2017 წლის ივნისს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

- კომპანიას ------- აშენებული აქვს 4 მრავალბინიანი კორპუსი, რომელთაგან ყველა დასრულებულია და მიღებულია ექსპლუატაციაში. საგადასახადო შემოწმების პროცესში, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოკვლეული და შესწავლილი იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები.

აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები, გადასახადების შემცირების მიზნით, ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. კერძოდ, კომპანიას, კონკრეტული პროექტის ფარგლებში, მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%-ზე მეტი რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს. გარდა ამისა, დადგინდა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის მოტივით, რეალური საბაზრო ღირებულების მითითება.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 49-ე და მე-18 მუხლების გათვალისწინებით, გარკვეული რაოდენობის ბინებზე და კომერციულ ფართებზე (მათ შორის ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებულ კომერციულ ფართზე) გავრცელდა საბაზრო ფასი, რომელიც დადგინდა გადასახადის გადამხდელის მიერ საჯარო წყაროებში განთავსებული ინფორმაციის, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან იმავე საანგარიშო პერიოდებსა და ტერიტორიაზე დაფიქსირებული ფასების, ელექტრონულ ვებ-გვერდებზე წარდგენილი ფასების ცვალებადობის დინამიკის და სხვა ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. ამასთან, შემოწმებით დასაშვებად იქნა მიჩნეული საბაზრო ფასიდან 30%-იანი გადახრა. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებთ, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები პერიოდების შესაბამისად.

- ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას, გათვალისწინებულ იქნა ყველა შემოსავალი, მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. გაანგარიშდა განკარგვადი თანხა, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას, 2024 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდში, სრულყოფილად არ აქვს ასახული გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები, რაც დამატებით დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის მე80, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე.

შემოწმების შედეგად, კომპანიას დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 დეკემბრის №28874 ბრძანება და №024-143 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.06.2026 წლის №12453 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებულ ოპერაციასთან დაკავშირებით:

ა) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებული/მისაღები შემოსავლის სხვაობის თანხის კვალიფიკაციის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დადგინდა, რომ ურთიერთდამოკიდებული პირი არ წარმოადგენს საწარმოს დაქირავებულ პირს, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულებით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 5.06.2026 წლის №12453 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-18 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 ნაწილებზე და მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 157-ე მუხლის „რ.ა“ და „რ.ბ“ ქვეპუნქტებზე, 158- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებულ ოპერაციაზე, საჯარო წყაროებში განთავსებული ინფორმაციის, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან იმავე საანგარიშო პერიოდებსა და ტერიტორიაზე დაფიქსირებული ფასების, ელექტრონულ ვებ-გვერდებზე წარმოდგენილი ფასების ცვალებადობის დინამიკის და სხვა ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საბაზრო ფასისა და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ, ურთიერთდამოკიდებულ პირთან მიმართებაში საჩივარში წარდგენილ არგუმენტაციაზე, კერძოდ:

- გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საბაზრო ფასის სწორად განსაზღვრის პირობებში, საბაზრო ფასსა და გარიგებს ფასს შორის სხვაობა უნდა დაბეგრილიყო მოგების გადასახადით;

- გადასახადის გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც მისი განმარტებით ბანკის მიერ შეფასებულია აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე მითითებით, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციაზე შემოწმების მიერ კვალიფიკაციის, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებული პირისთვის მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ფასის შემოსავალში გათვალისწინება (ფულის ნაშთის მიზნებისთვის) და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა დაუსაბუთებელია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებული/მისაღები შემოსავლის სხვაობის თანხის კვალიფიკაციის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დადგინდა, რომ ურთიერთდამოკიდებული პირი არ წარმოადგენს საწარმოს დაქირავებულ პირს, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

ამასთან, ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულებით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე საბაზრო ფასის გავრცელება არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია გადასახადის გადამხდელის უფლებები, გაუგებარია რა წერია აქტში, მოყვანილია გაურკვეველი დასაბუთებები, რაღაც 10%-იანი გადახრების დასაშვებობა, ასევე ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ მიმღებ მხარეს არ ქონდა დღგის ჩათვლის მოტივი, საბოლოოო ჯამში, როგორც ირკვევა, რეალიზაციის ნაწილზე შემოწმებამ გაავრცელა საბაზრო ფასი, ხოლო დადგენილ ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა კი განიხილა ხელფასად.

შემოწმების აქტის მიხედვით:

- კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%-ზე მეტი რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს;

- შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება;

- კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს.

რაზეც აღნიშნავს შემდეგს:

- თუ აღნიშნულით ის იგულისხმება, რომ შესაბამის დოკუმენტებში ასახული ფასები არ ასახავს გარიგების რეალურ ფასს, მაშინ აღნიშნულს დასაბუთება სჭირდება, რაც შემოწმების მასალებით, ასევე დავის პროცესში წარმოდგენილი არგუმენტებით და შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით არ დასტურდება. კომპანიამ ასახა ის ფასი და ღირებულება, რაც რეალურად წარმოადგენდა გარიგების საგანს;

- ის რომ ბინის შემძენი ფიზიკური პირია, საერთოდ არ მიაჩნია არგუმენტად. ეს შემოწმების დადგენამდეც ასე იყო და საერთოდაც, ამ სფეროში, ბინების აბსოლუტური უმრავლესობა იყიდება ფიზიკურ პირებზე, რაც კანონმდებლობით შეზღუდული არ არის და მასზე დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმიც არ ვრცელდება;

- არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ფასი თითქოსდა არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. პირიქით, დამატებით წარმოადგენს მტკიცებულებებს იმის დასამტკიცებლად, რომ ზუსტადაც, ხელშეკრულებებში მითითებული რეალიზაციის თანხები ასახავს გარიგების რეალურ ფასებს.

საგადასახადო კანონმდებლობაში არ არის ჩანაწერი, რომელიც საგადასახადო ორგანოს მისცემდა სამშენებლო კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე მიწოდებულ ბინებზე საბაზრო ფასის გავრცელების უფლებას.

სადავო შემთხვევაში, კომპანიას გააჩნია ყველა საჭირო დოკუმენტი და ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მიწოდებული საქონლის (ბინის) ღირებულებები სწორად არის ასახული დოკუმენტაციაში და შესაბამისად სწორადაა დაბეგრილი:

ა) სახეზეა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულებები;

ბ) გააჩნია ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები, რომლებშიც იგივე თანხებია მითითებული რაც საბოლოო ნასყიდობაშია;

გ) არ არის დადგენილი, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტაციაში ასახული თანხები არ ასახავს რეალობას;

დ) მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ასეთი ვალდებულება არ გააჩნია, თხოვეს ბინის მესაკუთრეებს და მათ ნოტარიულად დაადასტურეს ის ფაქტი, რომ დოკუმენტებში ასახული თანხები შეესაბამება რეალობას;

ე) ასევე, როგორც კლიენტები ეუბნებიან, შემოწმებამ მესამე მხარესთან (ნაწილთან) თავადაც გადაამოწმა ხელშეკრულებაში მითითებული ფასების სისწორე და ვისაც კითხეს, ყველამ დაუდასტურა მისი ნამდვილობა. ამის საწინააღმდეგოდ კი, არ არსებობს არცერთი ისეთი ფაქტი, სადაც მესამე მხარე უარყოფდა ხელშეკრულებაში მითითებული ფასის ნამდვილობას.

შესაბამისად, გაუგებარია რა გახდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენების საფუძველი ან/და საერთოდ რა შუაშია 73-ე მუხლი. 73-ე მუხლის გამოყენება მაშინ იქნებოდა რელევანტური, მათ შორის რეალიზაციის თანხის დასადგენად, როდესაც დაბეგვრის ობიექტის დადგენა შეუძლებელი იქნებოდა, ხოლო მათ შემთხვევაში კი, ყველა საჭირო დოკუმენტაცია სახეზეა, მათ შორის სახელმწიფო ორგანში რეგისტრირებული და ორმხრივად დადასტურებული დოკუმენტები.

არაურთიერთდამოკიდებულ პირთან მიწოდების ნაწილში დარიცხვა არამართლზომიერია და დაუსაბუთებელია. შესაბამისად, ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ლოგიკის გაყოლის შემთხვევაშიც, კიდევ უფრო გაუგებარია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, სადაც ურთიერთდამოკიდებულ პირებზე საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნებისათვის კომპანიას მიეცა შესაძლებლობა წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია (იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული ფასი), ხოლო არაურთიერთდამოკიდებულზე, სადაც ისედაც უკანონოდ არის გავრცელებული ე.წ. საბაზრო ფასი, არათუ საკითხი არ დააკმაყოფილა, თავად საბაზრო ფასზეც კი არ გაუჩნდა კითხვა და ისევ კითხულობს, თუ უკანონოდ გავრცელებულ საბაზრო ფასზე რა მტკიცებულებები გააჩნია შემოსავლების სამსახურს იმის დასამტკიცებლად, რომ სწორედ ის ფასია საბაზრო, რომელიც მათ დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ფასის გავრცელების საფუძვლები არ არსებობს, სასამართლო დავის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია გამოხატავს მზადყოფნას გაწიოს დამატებით ხარჯი, შეუკვეთოს და დავების განხილვის საბჭოს წარმოუდგინოს სერტიფიცირებული ექსპერტების დასკვნები იმ გონივრულ დროში, რა დროსაც მოითხოვს ასეთი ექსპერტიზის ჩატარება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილების თანახმად:

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ.ა“ და „რ.ბ.“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:

რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში;

რ.ბ) მომსახურებისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ შემოწმებამ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, გარიგების ამსახველი ხელშეკრულებების, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და სხვა ინფორმაციის ურთიერთშეჯერების, ანალიზის საფუძველზე, მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები, გადასახადების შემცირების მიზნით, ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით, გარკვეული რაოდენობის უძრავ ქონებაზე (მათ შორის ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებულ ოპერაციასთან მიმართებით), გავრცელდა საბაზრო ფასი, რომელიც დადგენილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ საჯარო წყაროებში განთავსებული ინფორმაციის, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან იმავე საანგარიშო პერიოდებსა და ტერიტორიაზე დაფიქსირებული ფასების, ელექტრონულ ვებ-გვერდებზე წარმოდგენილი ფასების ცვალებადობის დინამიკის და სხვა ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.

მომჩივანს არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე საბაზრო ფასის გავრცელება სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიაჩნია. აღნიშნავს, რომ ბინების აბსოლუტური უმრავლესობა იყიდება ფიზიკურ პირებზე, რაც კანონმდებლობით შეზღუდული არ არის, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ფასი თითქოსდა არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს, დამატებით წარმოადგენს მტკიცებულებებს იმის დასამტკიცებლად, რომ ხელშეკრულებებში მითითებული რეალიზაციის თანხები ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. გააჩნია ყველა საჭირო დოკუმენტი და ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მიწოდებული საქონლის (ბინის) ღირებულებები სწორად არის ასახული დოკუმენტაციაში და შესაბამისად სწორადაა დაბეგრილი. ამასთან, გამოხატავს მზადყოფნას გაწიოს დამატებით ხარჯი, შეუკვეთოს და წარმოადგინოს სერტიფიცირებული ექსპერტების დასკვნები იმ გონივრულ დროში, რა დროსაც მოითხოვს ასეთი ექსპერტიზის ჩატარება.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები/გარემოებები. ამასთან აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მათი საჩივარი, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ფართებთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მასზე პრეტენზია არ აქვს, მაგრამ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე საბაზრო ფასის გამოყენებას არ ეთანხმება. მიუხედავად წარდგენილი მტკიცებულებებისა, კერძოდ ხელშეკრულებებისა, სადაც ასახულია რეალური ფასი, არ იქნა აუდიტორის მიერ გათვალისწინებული, მაგრამ არც მას წარმოუდგენია მტკიცებულება რა საფუძველზე განსაზღვრა და რომ სწორედ მის მიერ გაანგარიშებული ფასია საბაზრო ფასი და თუ არ ეთანხმება კომპანიის ფასს, რატომ არ მიეცათ შესაძლებლობა სერტიფიცირებული დასკვნა წარადგინონ. გაყიდულ ბინებზე ნასყიდობის და წინარე ხელშეკრულებები არსებობს და ფასი რეალურად მოლაპარაკებებზე დაფუძნებით განისაზღვრა, სადაც იყო მინიმალური ფასი შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა საბაზრო ფასი 500 აშშ დოლარი 1კვ.მ-ზე, ხოლო თავად კომპანიას 2022-23 წწ. 400 აშშ დოლარად, ასევე შავი კარკასის შემთხვევაში 200-350 აშშ დოლარის ფარგლებში ქონდა ნაჩვენები, ანუ იყო საზაფხულო ფასები, ქონდა მნიშვნელობა განლაგებას, სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინება ხდებოდა, მაგრამ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული და ფასები 500 აშშ დოლარამდე იქნა აწეული. ხელშეკრულებაში რომ რეალური ფასებია და ის იქნა გადახდილი 1 კვ.მ-ზე, რაც წერია ხელშეკრულებაში, თვითონ მყიდველებმა დაუდასტურეს აუდიტორს, რომელიც მათ დაუკავშირდა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სულ 67 ბინაა მომჩივნის მიერ რეალიზებული და 13 ბინაზე, რომელიც საბაზროზე დაბალ ფასად იყო რეალიზებული, გავრცელდა საბაზრო ფასი, ანუ გაიზარდა საბაზრო ღირებულებამდე 500 აშშ დოლარამდე. ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით ბინები გაყიდულია 1კვ.მ. 350 აშშ დოლარზე ნაკლებად, ამდენად ფასი სადაც იყო 300, 269, 280 აშშ დოლარი, ამ ბინებზე გავრცელდა საბაზრო ფასი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების მყიდველი შეძენილ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მიწოდებული უძრავი ქონების გარიგების ფაქტობრივი ფასი არსებითად აღემატება გარიგების განცხადებულ ფასს. საბჭო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგების განცხადებული ფასი არსებითად განსხვავდება გარიგების ფაქტობრივი ფასისგან, საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს საბაზრო ფასის გამოყენებას. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, აგრეთვე სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზანია გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №990 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის“ ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საბაზრო ფასი იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგებაში მითითებული ფასი არსებითად აცდენილია ბაზარზე არსებულ ფასს და გარემოებათა ერთობლიობა მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ დაფიქსირებული ფასი არ ასახავს ოპერაციის რეალურ ღირებულებას.

საგულისხმოა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ეფუძნება ფორმაზე შინაარსის აღმატებულების პრინციპს, რომლის თანახმადაც ოპერაციის შეფასება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ გარიგების ფორმის, არამედ მისი შინაარსის გათვალისწინებით. შესაბამისად, თუ გარიგებაში დაფიქსირებული ფასი, მნიშვნელოვნად განსხვავდება ბაზარზე არსებული ფასისგან, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შეაფასოს, არის თუ არა ფასი ხელოვნურად შემცირებული გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მიზნით.

ამასთან, „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის“ მე-2 პუნქტი პირდაპირ ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ დაასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან, რაც შეიძლება დადგინდეს არა მხოლოდ ხელშეკრულების ფორმალური მონაცემით, არამედ გარიგების შინაარსის შეფასებით, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი ფასის ხელოვნურად შემცირების შესახებ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შეფასდეს რამდენად რეალურია გარიგებაში დაფიქსირებული ფასი, შეესაბამება თუ არა იგი საბაზრო პირობებს, არსებობს თუ არა ასეთი ფასის გამოყენების დასაბუთებული მიზეზი.

განსახილველ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, სახეზეა საბაზრო ფასიდან არსებითი გადახრა, გარიგებებში მითითებული ფასი მნიშვნელოვნად დაბალია ანალოგიური ობიექტების საბაზრო ფასთან შედარებით, აღნიშნული განსხვავება არ წარმოადგენს ჩვეულებრივ კომერციულ ფასდაკლებას, შემცირებული ფასი დაფიქსირებულია მრავალჯერადად და არ არსებობს მისი ეკონომიკურად დასაბუთებული ახსნა.

აღნიშნული გარემოებების ერთობლიობა ქმნის საფუძვლიან ვარაუდს (ადასტურებს), რომ გარიგებაში გამოყენებული ფასი შესაძლოა არ ასახავდეს დამოუკიდებელ მხარეებს შორის საბაზრო პირობებში ჩამოყალიბებულ ფასს, რაც საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, გადასახადებით დაბეგვრის მიზნისთვის გამოიყენოს საბაზრო ფასი და შესაბამისი გადასახადები განსაზღვროს საბაზრო ღირებულების მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ აქტში მითითებულია საგადასახადო ორგანოს არგუმენტაცია საბაზრო ფასის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ განცხადებული ფასები არსებითად შემცირებულია ოპერაციის ფაქტობრივ ფასთან მიმართებით და ბუღალტრული მონაცემები დაბეგვრის ობიექტს არ ასახავს სრულად, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის მიზნით საბაზრო ფასის გამოყენება მართლზომიერია.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოყენებული საბაზრო ფასის ოდენობის საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შესაძლებელია გავლენას ახდენდეს არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ფართების ფასებზე, ასევე, სადავო ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ დასკვნის (შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის (ექსპერტის) წინაშე დასასმელი კითხვა (კითხვები) შეათანხმოს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან) მოთხოვნის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების/დოკუმენტაციის და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მომზადებული და წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.06.2026 წლის №12453 ბრძანება;

3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შესაძლებელია გავლენას ახდენდეს არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ფართების ფასებზე, ასევე, სადავო ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ დასკვნის (შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის (ექსპერტის) წინაშე დასასმელი კითხვა (კითხვები) შეათანხმოს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან) მოთხოვნის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების/დოკუმენტაციის და ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მომზადებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სადავო ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციის ნაწილში გავრცელებული საბაზრო ფასი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებამ ანალიზის საფუძველზე, მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები, გადასახადების შემცირების მიზნით, ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით, გარკვეული რაოდენობის უძრავ ქონებაზე (მათ შორის ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებულ ოპერაციასთან მიმართებით), გავრცელდა საბაზრო ფასი, რომელიც დადგენილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ საჯარო წყაროებში განთავსებული ინფორმაციის, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან იმავე საანგარიშო პერიოდებსა და ტერიტორიაზე დაფიქსირებული ფასების, ელექტრონულ ვებ-გვერდებზე წარმოდგენილი ფასების ცვალებადობის დინამიკის და სხვა ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. მომჩივანს არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე საბაზრო ფასის გავრცელება სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიაჩნია. აღნიშნავს, რომ ბინების აბსოლუტური უმრავლესობა იყიდება ფიზიკურ პირებზე, რაც კანონმდებლობით შეზღუდული არ არის, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ფასი თითქოსდა არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს, დამატებით წარმოადგენს მტკიცებულებებს იმის დასამტკიცებლად, რომ ხელშეკრულებებში მითითებული რეალიზაციის თანხები ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. გააჩნია ყველა საჭირო დოკუმენტი და ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მიწოდებული საქონლის (ბინის) ღირებულებები სწორად არის ასახული დოკუმენტაციაში და შესაბამისად სწორადაა დაბეგრილი. ამასთან, გამოხატავს მზადყოფნას გაწიოს დამატებით ხარჯი, შეუკვეთოს და წარმოადგინოს სერტიფიცირებული ექსპერტების დასკვნები იმ გონივრულ დროში, რა დროსაც მოითხოვს ასეთი ექსპერტიზის ჩატარება.

 

გადაწყვეტილება

გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შესაძლებელია გავლენას ახდენდეს არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ფართების ფასებზე, ასევე, სადავო ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ დასკვნის მოთხოვნის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება; აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების/დოკუმენტაციის და ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სადავო ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18; 19; 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164