ბრძანება N 21851
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21851
15 ოქტომბერი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის: „-------“)
2025 წლის 30 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“ ) №97231/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №082-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და გაანგარიშებულ ფასნამატს. აღნიშნავს, რომ საქმიანობის საგანს წარმოადგენს მეორადი მანქანის ავტონაწილებით ვაჭრობა. ავტონაწილები შესყიდულია როგორც ჯართი და ზომის ერთეული არის კგ., შესაბამისად, რეალიზაციაც უნდა მომხდარიყო კგ.-ში. ასევე ავტომანქანა ჩამოდის არა მთლიანი, არამედ ძირითადად წინა მხარე და შემდგომ იშლება. შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა კორექტირების თანხის გათვალისწინებით შეადგენს არა 355 185 ლარს, არამედ 355 436 ლარს. ავტომობილის მარკის დაშლისას დგება შესაბამისი აქტი, რომელშიც მოცემულია დაშლის შედეგად მიღებული ავტონაწილების რაოდენობა და შესაბამისი წონა. წონის დადგენა ხდება გადაწონვის გზით. შედეგად, დგინდება მიღებული დასაშლელი ავტომობილის სრული წონა თითოეული მარკის ავტომობილისათვის ცალ-ცალკე.
ჯართის სახით შესყიდული მეორადი ავტომობილებიდან შეუძლებელია დაადგინო წინასწარ, რომელი ნაწილია ვარგისი. დაყენების შემდგომ თუ მალე გამოვიდა მწყობრიდან ის უნდა შეიცვალოს, ხოლო შეცვლილი და უვარგისი ხდება ჯართი. სასაქონლო ზედნადებში საქონლის დასახელება არის სწორედ ავტომანქანის მარკა და მოდელი. საქონლის მიღებისას და შემდგომ დაშლისას დგება საქონლის დაშლის აქტები, რომელშიც დაშლილი რაოდენობები გადაყვანილია წონებში, ასევე იმ გამოუსადეგარი მასალების წონა განსაზღვრულია საერთო წონის სახით. აღნიშნული კეთდება იმ მიზნით, რომ ავტომობილები არის მეორადი და არა ახალი, რომლის შესყიდვაც ხდება როგორც ჯართი.
შემოწმებით განსაზღვრულ 39%-იან ფასნამატთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ შემოწმებას ჰქონდა ყველა საჭირო ინფორმაცია რათა დაედგინა დაბეგვრის ობიექტი, შესყიდვის დოკუმენტები, იმპორტის დეკლარაციები, საქონლის დაშლის აქტები, აღწერის შედეგები, რომლებიდანაც შესაძლებელი იყო როგორც ფასნამატის, ასევე მიღებული და გაყიდული საქონლის თვითღირებულების დადგენა. აღნიშნავს, რომ საშუალო ფასნამატი უნდა ეანგარიშათ არა 39%, არამედ 24,68%, 39% ფასნამატი და ზოგ შემთხვევებში მეტიც არის ახალ ავტონაწილებზე. ასევე, არასწორად მიაჩნია არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის შესაბამისად დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთით საწარმოს დირექტორის მიმართ არსებული დავალიანების შემცირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის №9450 და 27 ივნისის №13848 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ „--------“ ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგის გამოყვანის მიზნებისათვის 2025 წლის 9 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის პირველ ივლისს გამოსცა №14390 ბრძანება და №082-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 26 261 ლარი, მათ შორის, გადასახადი 16 806 ლარი, ჯარიმა 7 461 ლარი და საურავი 1 994 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მეორადი ავტომობილების წინა და უკანა ნაწილების (მთლიანი) შეძენა, მათი დაშლა კონკრეტული დასახელების ნაწილებად და რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა, კორექტირების თანხის გათვალისწინებით, შეადგენს 355 185 ლარს.
საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილია საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა ორისი. წარმოდგენილი პროგრამის ანალიზის მიხედვით არ ხდება წინა და უკანა ნაწილების დაშლის შედეგად მიღებული კონკრეტული საქონლის აღრიცხვა და საქონლის ჩამოწერა ხდება ყოველი თვის ბოლოს ერთიანად, არა სარეალიზაციო საქონლის, არამედ ავტომობილის მარკის მიხედვით, ხოლო ფასნამატი წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით შეადგენს 23%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, რის გამოც საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამით შეუძლებელია ფასნამატის განსაზღვრა, შესაბამისად სარეალიზაციო საქონლის ფასნამატისთვის გამოყენებული იქნა ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებლ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატი 39%, რაც გავრცელებული იქნა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და გაანგარიშებული იქნა საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, რასაც დაემატა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი. შემოწმების შედეგად დადგენილი დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 448 531 ლარი.
შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ასევე, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის შესაბამისად დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი 110 148 ლარი არ იქნა დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით, რადგან საწარმოს დირექტორის მიერ წარმოდგენილი განმარტებით აღნიშნული თანხით შემცირდა საწარმოს დირექტორის მიმართ არსებული დავალიანების (2025 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით 246 432 ლარი) ნაშთი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
ხოლო ამ კოდექსის კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა არ არის სრულყოფილი, არ ხდება დაშლის შედეგად მიღებული კონკრეტული საქონლის აღრიცხვა, ხოლო საქონლის ჩამოწერა ხდება ყოველი თვის ბოლოს ერთიანად, არა სარეალიზაციო საქონლის არამედ ავტომობილის მარკის მიხედვით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობის თვითღირებულებაზე, ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებლ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის შესაბამისად, დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთით საწარმოს დირექტორის მიმართ არსებული დავალიანების (2025 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით 246 432 ლარი) შემცირება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და გაანგარიშებულ ფასნამატს.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მეორადი ავტომობილების წინა და უკანა ნაწილების შეძენა, მათი დაშლა კონკრეტული დასახელების ნაწილებად და რეალიზაცია.ფასნამატი წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით შეადგენს 23%-ს.სარეალიზაციო საქონლის ფასნამატისთვის გამოყენებული იქნა ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებლ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატი 39%, რაც გავრცელებული იქნა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და გაანგარიშებული იქნა საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, რასაც დაემატა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი. შემოწმების შედეგად დადგენილი დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 448 531 ლარი.შედეგად, სსკ-ის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),158,159,163,164.