ბრძანება N 2926
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2926
17.02.2023
---------- მოქალაქე "----------"-ის (პას/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 20 და 24 იანვრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა "----------"-ის (პას/ნ ----------) №9203/21-10-18 და 11350/21-10-18 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 18 იანვრის №EL197575 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
მომჩივანი განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების დეკლარირებისთვის საჭირო გახდა სატრანსპორტო საშუალების შეფასების დოკუმენტის და შასის ნომრებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა და დარღვეულ იქნა სატრანსპორტო საშუალების გამოცხადება/დეკლარირების ვადა, რის გამოც დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის საფუძველზე გადახდილი ჯარიმის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 26 იანვარს, "----------" მოქალაქე "----------" ("----------", პასპორტის №----------) მიმართა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, "----------"-ს რესპუბლიკაში რეგისტრირებული, მსუბუქი ავტომობილის მისაბმელის (შასის №"----------") თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევის მიზნით, რის შემდეგაც შედგენილი იქნა დათვალიერების აქტი №2373509.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, მითითებული სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2022 წლის 26 სექტემბერს და დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2022 წლის 25 დეკემბერი.
ვინაიდან, "----------"-ს (პასპორტის №----------) მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, "----------"-ს (პასპორტის №----------) მიმართ 2023 წლის 18 იანვარს შედგენილ იქნა №EL197575 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. ამასთან, 2023 წლის 26 იანვარს გამოიცა №EL11112/42 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით იმპორტის გადასახდელზე დაერიცხა საურავი - 13.39 ლარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის №"----------" რეგისტრაციის თანახმად ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება (შასის №"----------") 2023 წლის 18 იანვარს ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით (№"----------") გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "----------"-ის (პას/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 18 იანვრის №EL197575 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.