ბრძანება N 14465
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14465
23 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 10 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 10 მაისის №80895/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 აპრილის №086-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ: შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. მიუთითებს, რომ გამოგზავნილ ფასნამატის გაანგარიშებაში ასახულია დოკუმენტურად რეალიზებული სმფ-ების ნაწილი, რასაც შემმოწმებლებმა მიუყენეს თვითღირებულებები. თუმცა გაუგებარია რა პრინციპით იხელმძღვანელეს, ვინაიდან ხილიც და ბოსტნეულიც არის მალფუჭებადი პროდუქცია, შესაბამისად, ფასნამატის გაანგარიშებისას რეალიზაციის და შეძენის ფასების დაკავშირება უნდა მომხდარიყო თარიღების გათვალისწინებით. გადამხდელი მიუთითებს აუდიტორის ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში არსებულ უზუსტობაზე, კერძოდ 2023 წლის 13 იანვარს შეძენილი შუშა კიტრის ერთეულის თვითღირეულება გამოყენებულია 2022 წლის აპრილსა და აგვისტოში რეალიზებული ჩერი პომიდორის თვითღირებულების გამოსათვლელად, მსგავსი უზუსტობაა ყვავილოვანი კომბოსტოსა და შუშა კიტრის შემთხვევაში. გადამხდელის მიერ გამოთვლილი დოკუმენტური საშუალო ფასნამატი, რომელიც გაანგარიშებულია ზემოთ აღნიშნული უზუსტობების გათვალისწინებით შეადგენს დაახლოებით 25%, ამავდროულად აღნიშნული ფასნამატის გაანაგარიშებაში მონაწილეობს დოკუმენტური რეალიზაციის თითქმის 30%, მაშინ როცა აუდიტორს გამოყენებული აქვს დაახლოებით 15%. გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ აქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები გაფუჭებული საქონლის სახით, რაც გამოწვეულია ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის შენახვისთვის საჭირო არასათანდო პირობებით. ასევე, მნიშვნელოვან სირთულეებთანაა დაკავშირებული გაფუჭებული საქონლის შეგროვება და შემდგომში მისი ჩამოწერა კანომდებლობის დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს გათვალიწინებული იქნას ზემოთ მითითებული გარემოებები და გამოყენებულ იქნას ის დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც განსაზღვრულია თავად გადამხდელის მიერ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №32308, 2023 წლის 20 თებერვლის №2993 და 31 მარტის №6761 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 28 მარტიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 24 მარტის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 12 აპრილის №8227 ბრძანება და ამავე თარიღის №086-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 158 554 ლარი, მათ შორის გადასახადი 102 829 ლარი, ჯარიმა 50 617 ლარი, საურავი 5 108 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
● შპს „-------“-ის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე ძირითადად სასაქონლო-ზედნადებების საშუალებებით, თუმცა ასევე ფიქსირდება მცირე ოდენობის შესყიდვის აქტებიც. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სმფ-ების ნაშთი ერიცხება 182 091 ლარს დღგ-ის გარეშე, თუმცა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მარტის №5739 ბრძანების საფუძველზე, 2023 წლის 24 მარტს საწარმოს ჩაუტარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, სადაც ფაქტიური ნაშთი აღწერილ იქნა 1 445 ლარის ოდენობით. შემოწმებით 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით სმფ-ის ნაშთის გაანგარიშება მოხდა შემდეგნაირად, (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო) ფაქტიურად აღწერილ ნაშთს დააკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან, ინვენტარიზაციამდე, შეძენილი საქონლის ღირებულება და დაემატა ამავე პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკების მიხედვით), შედეგადაც 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით სმფ-ების ნაშთი გამოვლინდა 0 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი, შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
● შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები, შესაბამისად არ არის აღრიცხული ფულადი ნაკადების მოძრაობა. შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავალსა და გაწეული ხარჯის შესპირისპირებით (შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული დოკუმენტაცია და ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია) გამოვლენილი სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვაანგარიშგება, რის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა პირის საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად განსაზღვრა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მარტის №5739 ბრძანების საფუძველზე, 2023 წლის 24 მარტს ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით, გადამხდელს ერიცხება ფაქტიური ნაშთი 1 445 ლარის ოდენობით. შემოწმებით ფაქტიურად აღწერილ ნაშთს დააკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან ინვენტარიზაციამდე შეძენილი საქონლის ღირებულება და დაემატა ამავე პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, შედეგადაც 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, სმფ-ების ნაშთი გამოვლინდა 0 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი, შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმების შედეგად დადგენილი შემოსავლის და გაწეული ხარჯის შესპირისპირებით ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი დათვლილია შემდეგი პრინციპით: მაგალითად, თუ გადასახადის გადამხდელს სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული აქვს შუშა კიტრი, აღნიშნული რეალიზაციის თვითღირებულებად გამოყენებულია ზუსტად იგივე დასახელებით შეძენილი საქონლის თვითღირებულება, ხოლო შეძენა აღებულია უახლოესი თარიღებით შესაბამისი კატეგორიების მიხედვით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერად განხორციელდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
ორგანიზაციის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე ძირითადად სასაქონლო-ზედნადებების საშუალებებით, თუმცა ასევე ფიქსირდება მცირე ოდენობის შესყიდვის აქტებიც. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სმფ-ების ნაშთი ერიცხება 182 091 ლარის დღგ-ის გარეშე, თუმცა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სმფ-ების ინვენტარიზაციით ფაქტიური ნაშთი აღწერილ იქნა 1 445 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები, შესაბამისად არ არის აღრიცხული ფულადი ნაკადების მოძრაობა. შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავალსა და გაწეული ხარჯის შესპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159; 160; 163; 101; 154; 275