ბრძანება N 28866

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.01.2026
№ დოკუმენტი 28866
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28866

30 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ის“ (ს/ნ ----------)

(მის.: -------------------------)

2025 წლის 2 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს „------ის“ (ს/ნ ----------) 2025 წლის 2 დეკემბრის №----/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 ოქტომბრის №006-399 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. აცხადებს, რომ შემოწმებით დღგ-ის ბრუნვაში გათვალისწინებულია 18 335 ლარის საქონლის მიწოდება, თუმცა აღნიშნული საქონელი კომპანიას იძულებით ჩამოერთვა მეიჯარეების მიერ და შესაბამისად არ უნდა დაბეგრილიყო დღგ-ით.

2. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ კომპანია მიმდინარე პერიოდში აღარ ფუნქციონირებს, თუმცა დარჩენილი აქვს საქართველოს ბანკის სასესხო ვალდებულებები, რომელიც აღებული იყო ეკონომიკური საქმიანობისათვის. მიუთითებს, რომ შემოწმებით ხელფასად დაბეგრილია 173 434 ლარი, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს დირექტორის ხელფასს, რადგან სესხების გადახდა გრძელდება კომპანიის დირექტორის პირადი სახსრებით, რის დასადასტურებლადაც საჩივრის დანართად წარმოადგენს საბანკო ამონაწერებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №13649 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ის“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 22 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 30 ოქტომბრის №23996 ბრძანება და 31 ოქტომბრის №006-399 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 76 676 ლარი, მათ შორის გადასახადი 38 274 ლარი, ჯარიმა 25 735 ლარი და საურავი 12 666 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში შპს „------ის“ (ს/ნ ----------) საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ტანსაცმლით ვაჭრობა სპეციალიზებულ მაღაზიებში, ქ. ---ის სავაჭრო მოლების ტერიტორიაზე „---ის“ სახელით. გადასახადის გადამხდელის განცხადებით, ბიზნეს საქმიანობა არ იყო მოგების მომტანი, რის გამოც 2023 წლის ბოლოს იძულებულები გახდნენ დაეხურათ მაღაზიები. კომპანია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთს აღარ აფიქსირებდა. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან, თუმცა მათი განცხადებით არ გააჩნდათ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. შემოწმებისათვის წარმოდგენილი იქნა მხოლოდ საბანკო ანგარიშების ამონაწერები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად, დამუშავდა კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები და მასთან დაკავშირებული მიღებული შემოსავლები. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგენა 1 152 373 ლარი, ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ 635 715 ლარი (დღგის გარეშე). გადამხდელს საქონელი შეძენილი ჰქონდა იმპორტის გზით - ---დან და არ ჰქონია ადგილობრივი შეძენები. ამასთან, არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია. კომპანიის დეკლარირებული ფასნამატი 2022 წელს შეადგენდა 88%-ს, ხოლო 2023 წელს 67%-ს. შემოწმების მიერ დამუშავდა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ოპერაციები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და გადამხდელის მიერ გამოგზავნილი საბანკო ამონაწერების მონაცემების შესწავლის საფუძველზე დადგენილმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 215 026 ლარი. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი იქნა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც, კომპანია ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ ახერხებდა მეიჯარეებისათვის გადასახადის გადახდას, რის გამოც მეიჯარეებმა თვითნებურად შეუწყვიტეს წვდომა სავაჭრო ობიექტებზე, კერძოდ - 2023 წლის მაისში -- მოლის ტერიტორიაზე, ხოლო 2023 წლის სექტემბერში --ი მდებარე სავაჭრო ობიექტზე. რის შედეგადაც, მეიჯარეების მიერ, მათ ჩამოერთვათ --- მოლის ტერიტორიაზე დაახლოებით 3500-4000 ევროს ღირებულების საქონელი და ინვენტარი და ---ის სავაჭრო ობიექტზე 800-1000 ევროს ღირებულების სმფ და ინვენტარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიას სასამართლო დავა არ უწარმოებია. შედეგად შემოწმების მიერ ზემოხსენებული საქონელი დასაბეგრი პერიოდის გათვალისწინებით მიჩნეულ იქნა რეალიზებულად (კომპანიის მიერ დაფიქსირებული ფასნამატით, დღგ-ის ბრუნვა 18 335 ლარი) და ჩართული იქნა დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობის თანხა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად.

2. შემოწმების მიერ, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გაანგარიშებული განკარგვადი თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი იქნა ახსნაგანმარტება, რომლის თანახმადაც, კომპანია ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ ახერხებდა მეიჯარეებისათვის გადასახადის გადახდას, რის გამოც მეიჯარეებმა თვითნებურად შეუწყვიტეს წვდომა სავაჭრო ობიექტებზე, კერძოდ - 2023 წლის მაისში --- მოლის ტერიტორიაზე, ხოლო 2023 წლის სექტემბერში ----ი მდებარე სავაჭრო ობიექტზე. აღნიშნულის შედეგადაც, მეიჯარეების მიერ, მათ ჩამოერთვათ ---- მოლის ტერიტორიაზე დაახლოებით 3500-4000 ევროს ღირებულების საქონელი და ინვენტარი და ----ის სავაჭრო ობიექტზე 800-1000 ევროს ღირებულების სმფ და ინვენტარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიას სასამართლო დავა არ უწარმოებია. შედეგად, შემოწმების მიერ ზემოხსენებული საქონელი დასაბეგრი პერიოდის გათვალისწინებით მიჩნეულ იქნა რეალიზებულად კომპანიის მიერ დაფიქსირებული ფასნამატით და 18 335 ლარი ჩართული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, შემოწმების მიერ, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გაანგარიშებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, კომპანია მიმდინარე პერიოდში აღარ ფუნქციონირებს, თუმცა დარჩენილი აქვს საქართველოს ბანკის სასესხო ვალდებულებები, რომელიც აღებული იყო ეკონომიკური საქმიანობისთვის. მიუთითებს, რომ შემოწმებით ხელფასად დაბეგრილია 173 434 ლარი, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს დირექტორის ხელფასს, რადგან სესხების გადახდა გრძელდება კომპანიის დირექტორის პირადი სახსრებით, რის დასადასტურებლადაც საჩივრის დანართად წარმოადგენს საბანკო ამონაწერებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------ის“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება:

1.შემოწმების შედეგად განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.

2. სალაროს განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №13649 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №23996 ბრძანება და №006-399 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 76 676 ლარი, მათ შორის გადასახადი 38 274 ლარი, ჯარიმა 25 735 ლარი და საურავი 12 666 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად, დამუშავდა კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები და მასთან დაკავშირებული მიღებული შემოსავლები. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგენა 1 152 373 ლარი, ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ 635 715 ლარი (დღგის გარეშე). გადამხდელს საქონელი შეძენილი ჰქონდა იმპორტის გზით და არ ჰქონია ადგილობრივი შეძენები. ამასთან, არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია. კომპანიის დეკლარირებული ფასნამატი 2022 წელს შეადგენდა 88%-ს, ხოლო 2023 წელს 67%-ს. შემოწმების მიერ დამუშავდა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ოპერაციები.ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და გადამხდელის მიერ გამოგზავნილი საბანკო ამონაწერების მონაცემების შესწავლის საფუძველზე დადგენილმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 215 026 ლარი. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი იქნა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც, კომპანია ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ ახერხებდა მეიჯარეებისათვის გადასახადის გადახდას, რის გამოც მეიჯარეებმა თვითნებურად შეუწყვიტეს წვდომა სავაჭრო ობიექტებზე, რის შედეგადაც, მეიჯარეების მიერ, მათ ჩამოერთვათ დაახლოებით 3500-4000 ევროს ღირებულების საქონელი და ინვენტარი ასევე, 800-1000 ევროს ღირებულების სმფ და ინვენტარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიას სასამართლო დავა არ უწარმოებია. შედეგად შემოწმების მიერ ზემოხსენებული საქონელი დასაბეგრი პერიოდის გათვალისწინებით მიჩნეულ იქნა რეალიზებულად (კომპანიის მიერ დაფიქსირებული ფასნამატით, დღგ-ის ბრუნვა 18 335 ლარი) და ჩართული იქნა დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობის თანხა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად.

ამასთან, შემოწმების მიერ პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გაანგარიშებული განკარგვადი თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია,რომ პირველ სადავო საკითხთან მიმართებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);