გადაწყვეტილება №21882/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.03.2024
№ დოკუმენტი 21882/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21882/2/2024

22 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------ს“ 9.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21882/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საბანკო ანგარიშიდან სამეურნეო ხარჯებისთვის გატანილი თანხების ნაწილის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №040-22 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №33272 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 592 852 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 329 463

დღგ - 379

საშემოსავლო გადასახადი - 328 924

ქონების გადასახადი - 160

ჯარიმა - 164 580

საურავი - 98 809

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7444 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №25133 ბრძანება და 11 ოქტომბრის №040-22 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 592 852 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 7 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 27 დეკემბრის №33272 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საბანკო ანგარიშიდან სამეურნეო ხარჯებისთვის გატანილი თანხების ნაწილის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ დირექტორის მიერ ანგარიშიდან გატანილი იყო თანხები სამეურნეო ხარჯებისთვის. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 5 აპრილს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი იყო ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხების ის ნაწილი, რომელთა ხარჯვაც არ დადასტურდა დოკუმენტურად, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის მე-80 და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში დირექტორის მიერ ანგარიშიდან გატანილი იყო თანხები სამეურნეო ხარჯებისთვის, რომელთა ნაწილის ხარჯვაც დოკუმენტურად არ დადასტურდა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხების ის ნაწილი, რომელთა ხარჯვაც არ დადასტურდა დოკუმენტურად, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №33272 ბრძანება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან შემოსავლების სამსახურმა სრულყოფილად და საფუძვლიანად არ შეისწავლა საწარმოს მიმართ განხორციელებული დარიცხვები. კერძოდ, შემოსავლების სამსახურმა არასწორად იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხების ის ნაწილი, რომელთა ხარჯვაც არ დადასტურდა დოკუმენტურად, უსაფუძვლოდ ჩათვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მე-80 და 154-ე მუხლების მიხედვით არასწორად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, არასწორად დაეკისრათ ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

აუდიტის დეპარტამენტის 12.03.2024 წლის №23201-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად დგინდება, რომ საბანკო ამონაწერების მიხედვით, საწარმოს დირექტორის მიერ ანგარიშიდან გატანილია თანხები სამეურნეო ხარჯებისთვის. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 5 აპრილს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, კომპანიას ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხების ის ნაწილი, რომელთა ხარჯვაც არ დადასტურდა დოკუმენტურად, ჩათვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტირებული დასაბუთება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

2021 წლიდან კომპანია არ გასცემდა ხელფასებს და სამუშაოს შესრულების მიზნით ხელშეკრულებას აფორმებდა მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ პირებთან, რომელთა მიერ დეკლარირებული შემოსავალი არ აღემატებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ ჩარიცხულ თანხას. ასევე, ზოგიერთ მათგანს მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე ერიცხებოდა ხელფასი კომპანიიდან. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და აღნიშნული განაცემები დაკვალიფიცირდა როგორც გაცემული ხელფასი და საგადასახადო კოდექსის მე-80 და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, კომპანია 2021 წლიდან არ გასცემდა ხელფასებს და სამუშაოს შესრულების მიზნით ხელშეკრულებას აფორმებდა მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ პირებთან, რომელთა მიერ დეკლარირებული შემოსავალი არ აღემატებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ ჩარიცხულ თანხას. ასევე, ზოგიერთ მათგანს მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე ერიცხებოდა ხელფასი საწარმოდან. ამდენად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და აღნიშნული განაცემები დაკვალიფიცირდა როგორც გაცემული ხელფასი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №33272 ბრძანება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან შემოსავლების სამსახურმა სრულყოფილად და საფუძვლიანად არ შეისწავლა კომპანიის მიმართ განხორციელებული დარიცხვები. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მსჯელობა იმ ნაწილში, თითქოს 2021 წლიდან საწარმო არ გასცემდა ხელფასებს და სამუშაოს შესრულების მიზნით ხელშეკრულებას აფორმებდა მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ პირებთან, რომელთა მიერ დეკლარირებული შემოსავალი არ აღემატებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ ჩარიცხულ თანხას, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, ვინიდან კომპანია კანონმდებლობის სრული დაცვით, სამუშაოს შესრულების მიზნით, ხელშეკრულებებს მართლაც აფორმებდა მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ პირებთან და ურიცხავდა შესრულებული სამუშაოებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხებს, აღნიშნული ხელშეკრულებები გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურში, მაგრამ შემოსავლების სამსახურის მიერ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების დროს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ უსაფუძვლოდ და საკითხის სრულყოფილად შესწავლის გარეშე დაკვალიფიცირდა განაცემები როგორც გაცემული ხელფასი და საგადასახადო კოდექსის მე-80 და 154-ე მუხლების მიხედვით უკანონოდ დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2021 წლიდან კომპანია არ გასცემს ხელფასებს და სამუშაოს შესრულების მიზნით ხელშეკრულებას აფორმებს მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ პირებთან. მათ მიერ დეკლარირებული შემოსავალი არ აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ ჩარიცხულ თანხას. ასევე, ზოგიერთ მათგანს მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე ერიცხება ხელფასი საწარმოსგან. საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული განაცემები, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ შევსებული იყო შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსებული კითხვარი, რომლის მიხედვით, მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირები წარმოადგენენ საწარმოს დაქირავებულ პირებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საბანკო ანგარიშიდან სამეურნეო ხარჯებისთვის გატანილი თანხების ნაწილის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ დირექტორის მიერ ანგარიშიდან გატანილი იყო თანხები სამეურნეო ხარჯებისთვის. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 5 აპრილს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი იყო ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხების ის ნაწილი, რომელთა ხარჯვაც არ დადასტურდა დოკუმენტურად, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

2. 2021 წლიდან კომპანია არ გასცემდა ხელფასებს და სამუშაოს შესრულების მიზნით ხელშეკრულებას აფორმებდა მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ პირებთან, რომელთა მიერ დეკლარირებული შემოსავალი არ აღემატებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ ჩარიცხულ თანხას. ასევე, ზოგიერთ მათგანს მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე ერიცხებოდა ხელფასი კომპანიიდან. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და აღნიშნული განაცემები დაკვალიფიცირდა როგორც გაცემული ხელფასი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა").