გადაწყვეტილება №21491/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21491/2/2023
23 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 5.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21491/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. შემოწმებისას გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2023 წლის №056-39 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27439 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 403 831 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 240 207
დღგ - 136 269
საშემოსავლო გადასახადი - 103 938
ჯარიმა - 119 757
საურავი - 43 867
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 9.03.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 17.07.2023 წლის №17245 ბრძანება და 18.07.2023 წლის №056-39 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27439 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია 3 002 998 ლარის თვითღირებულების სარეალიზაციო პროდუქცია და დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების ჯამი შეადგენს 2 600 000 ლარს. ამასთან, დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან ბრუნვაში შეადგენს 48%-ს და საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი 13.5%-ია.
გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა „სუპერფინში“, თუმცა პროგრამით საქონლის ჩამოწერები არ ხორციელდება დადგენილი წესით და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. შემოწმების პერიოდში გაანგარიშდა სარეალიზაციო პროდუქტის დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების მიხედვით. შემოწმების მიერ, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან გაანგარიშდა დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობაზე გავრცელდა შემოწმების პროცესში გაანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატი. მიღებული სხვაობებით, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახური დაეყრდნო საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ, წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამით საქონლის ჩამოწერები არ ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანია აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა „სუპერფინში“ ყოველდღიურად, კერძოდ საქონლის ჩამოწერა ხდება ორგანიზაციის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებისთანავე, ხოლო ფიზიკურ პირებზე რეალიზებული საქონლის ჩამოწერა ხდება ყოველი თვის ბოლოს ინვენტარიზაციის საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგები ასახულია საბუღალტრო პროგრამაში. შემმოწმებლის მიერ ფაქტობრივ გარემოებაში არსებით შეცდომად მიჩნეულია ის, რომ თითქოს პროგრამაში ჩამოწერილი პროდუქციის თვითღირებულება არ იდენტიფიცირდება და სახელების მიხედვით რეალიზებული პროდუქციის ღირებულებასთან, რაც არ შეესაბამება რეალობას. თითოეული საქონლის თვითღირებულება რომელიც რეალიზებულია ფიზიკურ პირებზე (ჩეკებით) ჩამოწერილია პროგრამულად პერიოდული აღრიცხვის წესების დაცვით.
„სუპერფინის“ საბუღალტრო პროგრამაში გასავლის ზედდებულების გატარებისას ინდივიდუალურად ჩამოიწერება თითოეული საქონელი რაოდენობრივად და გასაყიდი ფასით, რომელიც ავტომატურად აისახება 1610 -ის კრედიტში და 7110 -ის დებეტში. ხოლო შემოსავალი აისახება 6110 -ის კრედიტში (შემოსავალი რეალიზებული საქონელიდან) და 3330 -ს კრედიტში (გადასახდელი დღგ.
აუდიტორის შეფასებით კომპანიის შემოსავალი განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით, რასაც არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
2. ბ) არ სრულდება 73-ე მუხლის (ბ) პუნქტის არცერთი მოთხოვნა:
- ბ.ა) ადგილი არ აქვს აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
- ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი არ აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
- ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილი არ არის საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ზემოთ ხსენებულ გარემოებათა გამო, აუდიტორს არ უნდა გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი და არამართლზომიერად მიაჩნია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება.
2. შემოწმებისას გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმების მიერ ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებული იქნა შემოწმების მიერ დადგენილი ყველა შემოსავალი, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და საბაჟო საზღვარზე შემოტანილ საქონელზე „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების თანახმად განსაზღვრული ხარჯი. დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. აღნიშნულის შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებული იქნა შემოწმების მიერ დადგენილი ყველა შემოსავალი, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და საბაჟო საზღვარზე შემოტანილ საქონელზე „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების თანახმად განსაზღვრული ხარჯი. დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ მართლზომიერია შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ფულის დანაკლისი ჩაითვალა დირექტორზე სახელფასო განაცემად და დაიბეგრა არასწორად გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს. კერძოდ, 1.03.2023 წლის მდგომარეობით, ბუღალტრული პროგრამით სალაროში ერიცხებოდა 33313 ლარი, 1.03.2023 წლის მდგომარეობით არ მომხდარა აუდიტის მიერ სალაროს ინვენტარიზაცია, რის გამოც შეუძლებელია სცოდნოდათ იყო თუ არა დანაკლისი სალაროში. შედარების აქტით აგროკორსორციუმსა და შპს „----------“ შორის, რომელიც ხელმოწერილი იქნა 2023 წლის ივნისის თვეში, საბუთებით აგროკორსოციუმს დავალიანება ერიცხებოდა შპს „----------“ მიმართ 28 თებერვლის მდგომარეობით 145 115,05 ლარი. აუდიტორმა აღნიშნული თანხიდან 144 610,31 ლარი ჩათვალა გადახდილად 2023 წლის ივნისის თვეში გაფორმებული შედარების აქტის საფუძველზე და აიღო სალაროს შემოსავალში, რომელიც ყველაფრის გათვალისწინებით ვერანაირად ვერ იქნებოდა შემოწმების აქტით დასაბეგრად აღებული თანხა-519693 ლარი. ეს თანხა, 144 610,31ლარი რომ შემოსულიყო სალაროში, კომპანიას არ დარჩებოდა ვალი შპს „----------“ მიმართ 73 644,87 ლარი გადასახდელად. ხოლო თუ ჩავთვლით რომ აგროკორსორციუმის ვალი დაიფარა 28 თებერვლის მდგომარეობით და კომპანია იმავდროულად დაფარავდა შპს „----------“ ვალს, მაშინ ასაგროსი თანხა უნდა შედგებოდეს (სალაროს ნაშთის 33313 ლარის გაუთვალისწინებლად, რადგან ეს თანხა ნამდვილად იყო სალაროში,) 144610,31-73644,87=70965,44 ლარისგან. შესაბამისად დასაბეგრი თანხა იქნება 88706,8, ხოლო დამატებით დასარიცხი თანხა 17741,36 ლარი.
ითხოვს, საჩივრის განხილვისას გათვალისწინდეს ზემოთ მოყვანილი გარემოებები და შემცირდეს - გადაანგარიშდეს საგადასახადო აქტით საშემოსავლო გადასახადში დამატებით დასარიცხი თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27439 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. შემოწმებისას გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ, წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამით საქონლის ჩამოწერები არ ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
2. მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.