გადაწყვეტილება №26842/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.03.2026
№ დოკუმენტი 26842/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26842/2/2026

30 მარტი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ს 6.03.2026 და 10.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №26842/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო შეღავათის გამოყენებით გაფორმებული საქონლის დაბეგვრა იმპორტის გადასახადით და დაკისრებული საურავი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 16.12.2025 წლის №"-------" საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 18.12.2025 წლის №27820 ბრძანება;

3. საბაჟო დეპარტამენტის 18.12.2025 წლის №081-341 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 10.02.2026 წლის №2807 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 5 931.37 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 3 827.92

დღგ - 583.92

იმპორტის გადასახადი - 3 244

საურავი - 2 103.45

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით. საბაჟო დეპარტამენტის 11.12.2025 წლის №27291 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის სახელზე №--------- (6.08.2022წ.) საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.

საბაჟო დეპარტამენტის 10.12.2025 წლის №------ წერილით გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილია ხსენებული დეკლარაციით განხორციელებული იმპორტის ოპერაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია: საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი, ექსპორტიორ ფირმასთან დადებული ხელშეკრულება და თანხების გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო ამონაწერი). აღნიშნული წერილის საპასუხოდ წარმოდგენილ გადასახადის გადამხდელის 15.12.2025წ. №ID ------ განცხადებას დეკლარირების დროს წარდგენილი დოკუმენტებისგან განსხავებული დოკუმენტაცია არ ერთვოდა.

თურქეთის მხარის მიერ ელექტრონულად მიწოდებული ინფორმაციის და საქართველოში გაფორმებული საქონლის საბაჟო დეკლარაციების თანმხლებ დოკუმენტაციაში გაცხადებულ მონაცემებთან შედარებით დადგინდა, რომ საქონელი სრული მოცულობით გამოგზავნილია "-------"-დან ქართული კომპანიის დანიშნულებით, კერძოდ "-------"-ის ტერიტორიიდან "-------" მიერ, №"-------" ტრანზიტის დოკუმენტებით გამოგზავნილია ტვირთი, ტრანზიტულად გადაადგილების შემდეგ, თურქეთის ტერიტორიიდან შემოვიდა საქართველოში იმავე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და იგივე დატვირთვით (საქონლის კოდი, რაოდენობა), რომლითაც გამოიგზავნა "-------"-დან, რაც მიუთითებს საქონლის არა თურქულ წარმოშობაზე.

შესაბამისად, "-------"- დან იმპორტირებული საქონელი არ წარმოადგენს თურქული წარმოშობის საქონელს და მასზე არ უნდა გავრცელებულიყო კანონმდებლობით განსაზღვრული - 5%-იანი საგადასახადო შეღავათი.

შემოწმების შედეგები აისახა საბაჟო დეპარტამენტის 16.12.2025 წლის №"-------" საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დაერიცხა იმპორტის გადასახადი - 3 244 ლარი და დღგ - 583.92 ლარი.

ვინაიდან მოცემულ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, მოცემული სამართალდარღვევისთვის საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სანქციის შეფარდების საკითხი (ამავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით) გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 18.12.2025 წლის №27820 ბრძანება და ამავე თარიღის №081-341 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.02.2026 წლის №2807 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებზე, 36-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე კოდექსის 272-ე მუხლზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის მე-5 პუნქტზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს რომ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან. ამასთან, პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ადგენს გარკვეულ სატარიფო უპირატესობებს, რაც გულისხმობს შემცირებულ ან ნულოვან განაკვეთს საქონლისთვის, რომელიც ვაჭრობის საგანს წარმოადგენს პრეფერენციული ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა შორის. აქედან გამომდინარე, პრეფერენციული წარმოშობის წესები უფრო მკაცრია და პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესები, პრეფერენციული წარმოშობის კრიტერიუმები განსაზღვრულია შესაბამისი სართაშორისო ხელშეკრულებებით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ნათელია, რომ საქონელი გამოგზავნილია "-------"-დან და მასზე არ უნდა გაცემულიყო თურქული წარმოშობის დამადასტურებელი გადაადგილების სერტიფიკატი (EUR.1). შესაბამისად, მომჩივნის მიერ არასწორად იქნა გამოყენებული პრეფერენცია, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება და ასევე კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობა. გამომდინარე აღნიშნულიდან, წარმოშობილი ვალდებულების და საურავის დარიცხვა მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ არ არის დაცული კანონით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვის ვადები, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთან, ეს ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის სახელზე 6.08.2022 წელს №"-------" საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წელია 2022 წელი. სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია და წარდგენილია 18.12.2025 წელს - გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დასრულებამდე.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ საქონელი შეიძინა საშუამავლო მომწოდებლისგან, რომელმაც მიაწოდა საქონელი სრული თანმხლები დოკუმენტაციით (ინვოისი/გადაზიდვის დოკუმენტები/წარმოშობის დოკუმენტაცია და სხვ.). კომპანიას რეალურად არ გააჩნია და არც შეიძლება კანონმა მას დააკისროს გამოძიების ფუნქცია მომწოდებლის, მისი კონტრაგენტების ან უცხო ქვეყნის გამცემი ორგანოების მიმართ - დოკუმენტების ავთენტურობის/წარმოშობის ჯაჭვის „გამოძიება“ პრაქტიკულად შეუძლებელია ბიზნესისთვის.

კომპანია არ აგებს პასუხს მომწოდებლის შესაძლო დარღვევებზე. საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დარიცხვის არსი პრაქტიკულად საფრთხეს უქმნის კეთილსინდისიერი მყიდველის პოზიციას. ბიზნესი ვერ იქნება „დასჯილი“ მხოლოდ იმიტომ, რომ მესამე მხარემ (მომწოდებელმა/შუამავალმა/გამცემმა უცხოურმა სტრუქტურამ) შესაძლოა დაუშვა შეცდომა ან არაკეთილსინდისიერი ქმედება. თუ სახელმწიფო ორგანო თვლის, რომ რომელიმე დოკუმენტი არასწორია/არავალიდურია, ამ გარემოებას სჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები და პასუხისმგებელი პირის/წყაროს იდენტიფიცირება. კეთილსინდისიერი შემძენი ვერ ჩაითვლება პასუხისმგებლად მხოლოდ „როდის/ვისთან/რა ჯაჭვში“ მომხდარი დარღვევის გამო.

დეკლარაცია მიღებული იყო და სამართლებრივი განსაზღვრულობა დაირღვა. საქონელი გაშვებული იყო საბაჟოდან კონკრეტული დეკლარაციით (№"-------" , 6.08.2022წ.), როდესაც საქონელი დეკლარირებული/გაშვებულია და ორგანომ მიიღო თანმხლები დოკუმენტები, ბიზნესს უჩნდება ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მოქმედებდა სწორად და საბოლოოდ. შემდგომში, რამდენიმე წლის შემდეგ, იგივე ოპერაციის „უკუმოქმედებით“ გადაფასება საჭიროებს განსაკუთრებით მკაფიო და მძიმე დასაბუთებას (მით უფრო, როცა ჯარიმა დარიცხული არ არის, რაც ირიბად მიუთითებს, რომ ორგანო თვითონაც ვერ ასაბუთებს ბრალეულ ქცევას). „ობიექტური შერაცხვის“ დაუშვებლობა და ბრალეულობის არარსებობა.

სადავო საგადასახადო მოთხოვნით კომპანიას დაეკისრა იმპორტის გადასახადი 3 244 ლარი და დღგ 583.92 ლარი (ჯამში 3 827.92), ასევე საურავი 2 103.45 ლარი, ხოლო ჯარიმა განსაზღვრულია 0 ლარი. ეს უკვე თავად ადასტურებს, რომ საგადასახადო/საბაჟო ორგანო ვერ ასაბუთებს გადასახადის გადამხდელის მხრიდან განზრახვას, მოძალადეობრივ/მოტყუებით ქცევას ან თუნდაც ისეთ დაუდევრობას, რომელიც სანქციურ პასუხისმგებლობას გაამართლებდა. რეალურად, დარიცხვის ლოგიკა აგებულია იმაზე, რომ შემდგომში (კონტროლის ფარგლებში) პრობლემურად/არასაკმარისად იქნა შეფასებული მესამე პირების მიერ გაცემული/წარდგენილი დოკუმენტაცია (მომწოდებლის/შუამავლის „ჯაჭვი“, წარმოშობის/საბაჟო დოკუმენტი და ა.შ.), რომელიც 2022 წელს დეკლარირებისას არსებობდა და მის საფუძველზე საქონელი გაიშვა. ამგვარად, ორგანო კომპანიას აკისრებს მესამე პირის ქმედებების შედეგს, რაც წარმოადგენს სწორედ ობიექტური შერაცხვის (ანუ „დამნაშავედ ჩათვლის ბრალეულობის დადგენის გარეშე“) პრაქტიკას.

კომპანიამ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა შესაძლო სამართალდარღვევა, ვინაიდან საქონელი შეძენილია საშუამავლო მომწოდებლისგან და მიღებულია თანმხლები დოკუმენტაციით (როგორც ბაზარზე მიღებული სტანდარტია) გადასახადის გადამხდელს არ აქვს სამართლებრივი და ფაქტობრივი ბერკეტი უცხო ქვეყნის გამცემი ორგანოს/ექსპორტიორის/მომწოდებლის კონტრაგენტების „გამოძიებისთვის“ - დოკუმენტის ავთენტურობისა და წარმოშობის ჯაჭვის დადგენა არის საჯარო ხელისუფლების (საბაჟო ორგანოს) ფუნქცია და არა კერძო სუბიექტის. თავად საქმის ქრონოლოგია აჩვენებს, რომ ინფორმაციის მოკვლევა/ვერიფიკაცია განხორციელდა უკვე 2025 წლის კონტროლის ფარგლებში ანუ ისეთი ინსტრუმენტებით, რაც ხელმისაწვდომია მხოლოდ სახელმწიფოსთვის. თუ ორგანო თვლის, რომ შემდგომში გამოვლენილი გარემოებით (მაგ. წარმოშობის დოკუმენტის არადასტურება/არამართებულობა) საგადასახადო ვალდებულება მაინც წარმოიშვა, ამის ავტომატური „გადმოტანა“ კეთილსინდისიერ იმპორტიორზე შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მინიმუმ ის, რომ გადასახადის გადამხდელმა იცოდა ან გონივრულად უნდა სცოდნოდა/უნდა ეეჭვა, რომ წარდგენილი დოკუმენტი პრობლემური იყო (არსებობდა „წითელი ალამები“ - აშკარა შეუსაბამობა, წინააღმდეგობრივი მონაცემები, დოკუმენტის ფორმალური დეფექტი და სხვ.). წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის დაკისრება წარმოადგენს ობიექტურ შერაცხვას, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, კეთილსინდისიერების, თანაზომიერების და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპებს.

დამატებით, ჯარიმის არ არსებობა ლოგიკურად ნიშნავს, რომ ორგანო არ განიხილავს კომპანიას როგორც სამართალდამრღვევს. ასეთ პირობებში საურავის დარიცხვა (2 103.45 ლარი) პრაქტიკაში იძენს სანქციურ/სადამსჯელო ეფექტს და ფაქტობრივად „უკანა კარიდან“ ახდენს იმავე შედეგს, რასაც ჯარიმა გამოიწვევდა - მაშინ, როცა გადასახადის გადამხდელს ვერ ედება ბრალი.

2022 წლის დეკლარაციის საფუძველზე საქონელი გაიშვა, ხოლო 2025 წელს, მესამე პირების დოკუმენტის შეფასების ცვლილებით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა მძიმე ფინანსური ტვირთი, რომელზეც მას არც ინფორმაცია ჰქონდა და არც გადახდის შესაძლებლობა (რადგან ვალდებულება მაშინ ოფიციალურად არ იყო დადგენილი).

მოთხოვნა/ბრძანება ფორმალურია და არ იძლევა დაცვის შესაძლებლობას. საგადასახადო მოთხოვნა გვაწვდის რიცხვებს, მაგრამ არ გვაწვდის სრულად: რომელი კონკრეტული დოკუმენტი მიიჩნიეს არასწორად; რის საფუძველზე (რომელი დადასტურება/წერილი/ვერიფიკაციის პასუხი) დადგინდა მისი არავალიდურობა; როდის და ვისგან იქნა მიღებული შესაბამისი ინფორმაცია; რატომ არის გამოყენებული 5%-იანი განაკვეთი და რატომ გამორიცხავს ეს შესაძლო შეღავათს/პრივილეგიას; რატომ დაერიცხა საურავი 2 103.45 ლარი, ისე, თითქოს კომპანიას ჰქონდა შესაძლებლობა დროულად გადაეხადა „დაუდგენელი“ ვალი. როდესაც ადმინისტრაციული აქტი არ არის საკმარისად მოტივირებული და არ ახლავს სათანადო მტკიცებულებები, ირღვევა ეფექტიანი გასაჩივრების უფლება, რადგან გადასახადის გადამხდელს პრაქტიკულად არ აქვს საშუალება გაიგოს, რის წინააღმდეგ უნდა დაიცვას თავი.

ოპერაცია განხორციელდა 2022 წელს, დარიცხვა 2025 წელს. კონტროლის მასალებით ჩანს, რომ საბაჟო დეკლარაცია დათარიღებულია 6.08.2022წ. (№"-------"), ხოლო კონტროლის აქტი/დარიცხვები - დეკემბერი 2025წ. ითხოვს შეფასდეს დაცულია თუ არა კანონით დადგენილი დარიცხვის/გადახედვის ვადები (ვადის გასვლის შემთხვევაში დარიცხვა უნდა ჩაითვალოს დაუშვებლად), ხოლო თუ ორგანო მიიჩნევს, რომ ვადა არ დარღვეულა - წარმოადგინოს ამის კონკრეტული სამართლებრივი დასაბუთება და განმარტება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქმეში არ იკვეთება თაღლითობის/განზრახ არასწორი დეკლარირების დასაბუთებული გარემოება (რაც, როგორც წესი, შეიძლება განსხვავებულ რეჟიმს იძლეოდეს). პირიქით - ჯარიმა 0 ლარია, საურავი 2 103.45 ლარი - არაპროპორციულია და ფაქტობრივად სანქციურ ხასიათს იძენს. სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საურავი, 2 103.45 ლარი, ძალიან მაღალია ძირითადი დარიცხვის მიმართ და წარმოიშობა ორგანოს მიერ წლების შემდეგ „უკუმოქმედებით“ გადაფასებიდან. კომპანიას ობიექტურად არ შეეძლო 2022 წელს გადაეხადა ისეთი თანხა, რომლის არსებობაც კანონიერად დადგენილი არ იყო და რომლის შესახებაც არც ინფორმაცია ჰქონდა. ასეთ პირობებში საურავის დარიცხვა ეწინააღმდეგება თანაზომიერების, სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს. შესაბამისად, თუნდაც დავის ნაწილში დარჩეს გადასახადი (რასაც არ ეთანხმება), საურავი მაინც უნდა გაუქმდეს ან მინიმუმ შემცირდეს, რადგან ის გამოწვეულია არა გადასახადის გადამხდელის უგულებელყოფით, არამედ ორგანოს დროითი ინტერვალით/დაყოვნებით.

სადავო საგადასახადო მოთხოვნა და მის საფუძვლად არსებული ბრძანება/აქტი ეყრდნობა ისეთ მიდგომას, რომელიც უსამართლოდ აკისრებს კეთილსინდისიერ იმპორტიორს მესამე პირების ქმედებების შედეგს, არ იძლევა საკმარის დასაბუთებას/მტკიცებულებებს და დამატებით აკისრებს მძიმე საურავს, რომლის წარმოშობაც ლოგიკურად დაკავშირებულია ორგანოს მიერ დროის ხანგრძლივ ინტერვალთან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას: დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად; უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით. საქონლის პრეფერენციული წარმოშობის განსაზღვრის კრიტერიუმები და წესი, აგრეთვე საქონლის პრეფერენციული წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა და მისი შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით. თუ საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში მითითებულია ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ, საბაჟო ორგანომ დეკლარანტს შეიძლება საქონლის წარმოშობის დადასტურება მოსთხოვოს.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის თანახმად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

მომჩივნის განმარტებით, თუ სახელმწიფო ორგანო თვლის, რომ რომელიმე დოკუმენტი არასწორია/არავალიდურია, ამ გარემოებას სჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები და პასუხისმგებელი პირის/წყაროს იდენტიფიცირება. კომპანიამ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა შესაძლო სამართალდარღვევა, ვინაიდან საქონელი შეძენილია საშუამავლო მომწოდებლისგან და მიღებულია თანმხლები დოკუმენტაციით, გადასახადის გადამხდელს არ აქვს სამართლებრივი და ფაქტობრივი ბერკეტი უცხო ქვეყნის გამცემი ორგანოს/ექსპორტიორის/მომწოდებლის კონტრაგენტების „გამოძიებისთვის“. დოკუმენტის ავთენტურობისა და წარმოშობის ჯაჭვის დადგენა არის საჯარო ხელისუფლების (საბაჟო ორგანოს) ფუნქცია და არა კერძო სუბიექტის. ჯარიმის არ არსებობა, ლოგიკურად ნიშნავს, რომ ორგანო არ განიხილავს კომპანიას როგორც სამართალდამრღვევს. ასეთ პირობებში საურავის დარიცხვა (2 103.45 ლარი) პრაქტიკაში იძენს სანქციურ/სადამსჯელო ეფექტს და ფაქტობრივად „უკანა კარიდან“ ახდენს იმავე შედეგს, რასაც ჯარიმა გამოიწვევდა, მაშინ, როცა გადამხდელს ვერ ედება ბრალი. ოპერაცია 2022 წელს განხორციელდა, დარიცხვა - 2025 წელს, ითხოვს შეფასდეს დაცულია თუ არა კანონით დადგენილი დარიცხვის/გადახედვის ვადები (ვადის გასვლის შემთხვევაში დარიცხვა უნდა ჩაითვალოს დაუშვებლად), ხოლო თუ ორგანო მიიჩნევს, რომ ვადა არ დარღვეულა - წარმოადგინოს ამის კონკრეტული სამართლებრივი დასაბუთება და განმარტება. კომპანიას ობიექტურად არ შეეძლო 2022 წელს გადაეხადა ისეთი თანხა, რომლის არსებობაც კანონიერად დადგენილი არ იყო და რომლის შესახებაც არც ინფორმაცია ჰქონდა.

საბაჟო დეპარტამენტის 12.03.2026 წლის №------ წერილში მომჩივნის არგუმენტაციაზე მითითებულია შემდეგი:

თურქეთის ვაჭრობის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის 11.05.2012 წელს გაფორმებული ტექნიკური დებულებით („მონაცემთა ურთიერთგაცვლის სისტემის შესახებ“ - THE TECHNICAL PROVISON DOCUMENT ON DATA EXCHANGE SYSTEM) განსაზღვრულ მონაცემთა ბაზების დამუშავების პროცესში გამოვლინდა "-------"-დან ქართული კომპანიის დანიშნულებით ექსპორტირებული, სეს ესნ 7308 სასაქონლო ჯგუფის - 11 400 კგ. 195 ერთეული ლითონის კარის-იმპორტი, რომელიც საქართველოში შემოტანისას კომპანიის მიერ გაფორმებულია №"-------"(6.08.2022წ.) საბაჟო დეკლარაციით. დეკლარაციის თანმხლები დოკუმენტაციის თანახმად, საქონელი შეძენილია თურქული კომპანიისაგან („-------“) №"-------"(3.08.2022წ.) ინვოისის შესაბამისად, CIP თბილისის პირობით. დეკლარაციაში გაცხადებული საქონლის ჯამური საბაჟო ღირებულება შეადგენს 64 871.17 ლარს, ხოლო დარიცხული იმპორტის გადასახდელი (დღგ) 11 676.81 ლარს. იმპორტის 5%-იანი გადასახადისაგან გათავისუფლების ნაწილში გადასახადის გადამხდელმა ისარგებლა თურქეთის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) №"-------"სერტიფიკატით. საქონლის ექსპორტიორ ქვეყანასთან მიმართებით, თურქულ ბაზაში და საქართველოში დეკლარირებულ მონაცემს შორის არსებული შეუსაბამობის მიზეზების დასადგენად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად იქნა შესწავლილი თურქული ბაზის საინფორმაციო ველებში არსებული მონაცემები. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ბაზაში მითითებული სატრანსპორტო საშუალებების ნომრები ("-------"), ტვირთის მიმღები პირის სახელწოდება ("-------"), საქონლის კოდი ("-------"), საქონლის დასახელება ("-------") და საქონლის წონები ("-------") შეესაბამება საქონლის გაფორმებისას საბაჟო დეკლარაციაში და თანმხლებ დოკუმენტაციაში გაცხადებულ მონაცემებს, ხოლო საქონლის საბოლოო გამყიდველის დასახელება ("-------"), საქონლის გამომგზავნი ქვეყანის კოდი ("-------") და მიმღები ქვეყნის კოდი ("-------"), ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ საქონელი გამოგზავნილია "-------"-დან ტრანზიტულად (ტრანზიტის დოკუმენტი №"-------") ქართული კომპანიის დანიშნულებით. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ერთიან საინფორმაციო ბაზაში გადამოწმდა სატრანსპორტო საშუალებების მიერ თურქეთსაქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული მონაცემები (საზღვრის გადაკვეთის თარიღი და დრო, მძღოლების საიდენტიფიკაციო მონაცემები - სახელი, გვარი, პასპორტის ან/და პირადი ნომრები, დაბადების თარიღები), რაც სრულად შეესაბამება თურქულ მონაცემთა ბაზის ანალოგიურ გრაფებში მითითებულ მონაცემებს. საგულისხმოა, რომ თურქულ ბაზაში გაშლილი ინფორმაცია წარმოადგენს თითოეულ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული მონაცემების ერთობლიობას, სადაც თითოეული მანქანით შესრულებული გადაზიდვის პროცედურა შესრულებულია უწყვეტ რეჟიმში და რეგისტრირებულია ტრანზიტის საბაჟო დეკლარაციის მკაცრი აღრიცხვის მქონე საიდენტიფიკაციო ნომრით. ამასთან, თითოეულ მათგანს გააჩნია ბაზის მიერ მინიჭებული შესაბამისი რიგითი ID ნომერიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ 11 400 კგ. 195 ერთეული ლითონის კარი საქართველოში თურქეთის ნაცვლად შემოტანილია "-------"-დან და თურქული წარმოშობის დამადასტურებელი გადაადგილების სერტიფიკატი (EUR.1) არ უნდა გაცემულიყო. შესაბამისად, "-------"-დან იმპორტირებული საქონელი არ წარმოადგენს თურქული წარმოშობის საქონელს და მასზე არ უნდა გავრცელდეს კანონმდებლობით განსაზღვრული - 5%-იანი საგადასახადო შეღავათი.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ არ არის დაცული კანონით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვის ვადები, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთან, ეს ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის სახელზე 6.08.2022 წელს №"-------" საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წელია 2022 წელი. სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია და წარდგენილია 18.12.2025 წელს - გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დასრულებამდე.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქონლის წარმოშობის ქვეყნის სტატუსს განაპირობებს მხოლოდ „თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით“ განსაზღვრული მოთხოვნები, რომელიც არ არის დამოკიდებული მოვაჭრე სუბიექტებს შორის შეთანხმებული კომერციული ოპერაციების ფორმასა და შინაარსზე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი თვლის,რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნა და მის საფუძვლად არსებული ბრძანება/აქტი ეყრდნობა ისეთ მიდგომას, რომელიც უსამართლოდ აკისრებს კეთილსინდისიერ იმპორტიორს მესამე პირების ქმედებების შედეგს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით.თურქეთის მხარის მიერ ელექტრონულად მიწოდებული ინფორმაციის და საქართველოში გაფორმებული საქონლის საბაჟო დეკლარაციების თანმხლებ დოკუმენტაციაში გაცხადებულ მონაცემებთან შედარებით დადგინდა, რომ საქონელი სრული მოცულობით გამოგზავნილია უცხო ქვეყნიდან ქართული კომპანიის დანიშნულებითტრანზიტის დოკუმენტებით გამოგზავნილია ტვირთი, ტრანზიტულად გადაადგილების შემდეგ, თურქეთის ტერიტორიიდან შემოვიდა საქართველოში იმავე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და იგივე დატვირთვით,რომლითაც გამოიგზავნა უცხო ქვეყნიდან , რაც მიუთითებს საქონლის არა თურქულ წარმოშობაზე. შესაბამისად,საქონელი არ წარმოადგენს თურქული წარმოშობის საქონელს და მასზე არ უნდა გავრცელებულიყო კანონმდებლობით განსაზღვრული - 5%-იანი საგადასახადო შეღავათი.გადამხდელს დაერიცხა იმპორტის გადასახადი.ვინაიდან მოცემულ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, მოცემული სამართალდარღვევისთვის საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სანქციის შეფარდების საკითხი გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

167.