გადაწყვეტილება №20198/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20198/2/2023
02 აგვისტო 2023
გადაწყვეტილება
მომჩივანი: ი/მ "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "------"-ის 7.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20198/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 აპრილის №042-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივნისის №14823 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 373 745,31 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 227 760
დღგ - 231 262
საშემოსავლო გადასახადი - (-3539)
ქონების გადასახადი - 37
ჯარიმა - 128 808
საურავი - 17 177,31
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №2623 და 31 მარტის №6713 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდი, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2023 წლის 23 იანვრის ჩათვლით და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 10 თებერვლის ჩათვლით პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ვაჭრობა სიგარეტებით, ავტომობილებით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით. გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას ახორციელებდა ადგილობრივ ბაზარზე და შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 23 იანვრის N754 ბრძანების საფუძველზე, გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია და ფაქტობრივი ნაშთი დადგინდა 67 191 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდგომ, იმისათვის, რომ სწორად განსაზღვრულიყო 2022 წლის 31 დეკემბრის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო) ნაშთი, ფაქტობრივად აღწერილ ნაშთს დააკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან ინვენტარიზაციამდე შეძენილი საქონლის ღირებულება და დაემატა ამავე პერიოდში სასაქონლო ზედნადების საშუალებით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რის შედეგადაც, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სმფ-ების ნაშთი განისაზღვრა 81 923 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის მე-100 და 105-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა წლიური საშემოსავლო გადასახადი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 აპრილის №8840 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №042-12 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივნისის №14823 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ამავე კოდექსის 60' მუხლის პირველ ნაწილზე და მოითხოვს გადასახადის თანხის კორექტირებას და ჯარიმების და საურავების მოხსნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი, შედეგად გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის, დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ამავე კოდექსის 60' მუხლის პირველ ნაწილზე და მოითხოვს გადასახადის თანხის კორექტირებას და ჯარიმების და საურავების მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ვაჭრობა სიგარეტებით, ავტომობილებით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით.გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია.აღნიშნულის შემდგომ, იმისათვის, რომ სწორად განსაზღვრულიყო 2022 წლის 31 დეკემბრის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო) ნაშთი, ფაქტობრივად აღწერილ ნაშთს დააკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან ინვენტარიზაციამდე შეძენილი საქონლის ღირებულება და დაემატა ამავე პერიოდში სასაქონლო ზედნადების საშუალებით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება.
მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა და გადამხდელს შეუმცირდა წლიური საშემოსავლო გადასახადი.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
49(1),73(5),136(3)