გადაწყვეტილება № 27526/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.07.2026
№ დოკუმენტი 27526/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 27526/2/2026

08 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ---- 19.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 8.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27526/2/2026).

 

დავის საგანი:

დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №038-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10773 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 115 662,14 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 61 740,10

ჯარიმა - 31 777,00

საურავი - 22 145,04

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.07.2023 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზი, მათ შორის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს სხვადასხვა გადამხდელებისგან მიღებული აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ასახული აქვს შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში და ჩათვლილი, ამავე პერიოდებში იგივე საწარმოებისგან მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლითაც გამყიდველებს შესაბამის პერიოდებში განაშთული აქვთ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო მყიდველის მიერ ჩათვლა განხორციელებულია სრულად (დუბლირებულია ჩასათვლელი დღგ-ის თანხები) შემოწმების მერ საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა დღგ-ის დეკლარაციები და შეუმცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხები, რაზედაც დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების ანალიზი. დადგინდა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისაგან. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების შესაბამისად დაუკორექტირდა დღგ-ის დეკლარაციები და დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №---- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10773 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნება არასრულ მონაცემს. შემოსავლების სამსახურს არ აქვს ის გარემოება გათვალისწინებული, რომ აღნიშნული დარიცხვები ფაქტიურად შედგება არასწორად დადეკლარირებული დეკლარაციებისგან, სადაც ავანსები და მომსახურეები არაა გაქვითული. წარმოდგენილი იქნება ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია, რაც დაადასტურებს რომ ყველა ოპერაცია კანონიერად განხორციელდა. ითხოვს შემოწმების შედეგების თავიდან გადათვლას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურს არ აქვს ის გარემოება გათვალისწინებული, რომ აღნიშნული დარიცხვები ფაქტიურად შედგება არასწორად დადეკლარირებული დეკლარაციებისგან, სადაც ავანსები და მომსახურეები არაა გაქვითული. მათი მხრიდან წარმოდგენილი იქნება ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია, რაც დაადასტურებს რომ ყველა ოპერაცია კანონიერად განხორციელდა. ითხოვს თავიდან გადათვლას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება და მოითხოვს დამატებით შესწავლას.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10773 ბრძანება;

3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების ანალიზი. დადგინდა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისაგან. გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა დღგ-ის დეკლარაციები და დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;302(6)