გადაწყვეტილება №91596/1/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№91596/1/2024
17 იანვარი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 23.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №91596/1/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 5.10.2023 წლის №20291/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 25.07.2024 წლის №006-390 საგადასახდო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 227 551,75 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 93 129
დღგ - 58 897
საშემოსავლო გადასახადი - 31 728
ქონების გადასახადი - 2 504
ჯარიმა - 78 730
საურავი - 55 692,75
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.06.2021 წლის №006-388 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.11.2021 წლის №36931 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს ხელფასის სახით გაცემული თანხების დაბეგვრის, ფიზიკური პირისგან აღებული სესხის პროცენტის დაბეგვრის და ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.11.2021 წლის №36931 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ:
- დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მითითებულ ვადაში არ წარუდგენია დამატებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად შემოწმების მიერ არ განხორციელებულა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება;
- ხელფასის სახით გაცემული თანხების საკითხი შესწავლილი იქნა დამატებით, თუმცა რაიმე სახის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია, ასევე გადასახადის გადამხდელს დამატებით არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის განსხვავებული გაანგარიშების ცხრილი. შესაბამისად, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება;
- შესწავლილი იქნა ფიზიკური პირისგან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტების საკითხი. ვინაიდან პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციით ფიქსირდება, რომ კომპანია ფიზიკურ პირზე გაცემს პროცენტს, რომელიც მის მიერ დეკლარირებული არ არის, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა საგადასახადო აქტით დარიცხული თანხების კორექტირება;
- შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს სამივლინებო ბრძანებები, სადაც ფიქსირდებოდა თუ რა ვადით იყო მივლინებული კონკრეტული თანამშრომელი ობიექტზე. ასევე, გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს დამკვეთისგან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სამივლინებო მომსახურებაზე, რომელშიც ჯამურად არის დაფიქსირებული, როგორც ყოველდღიური სამივლინებო, ასევე სასტუმროს ხარჯები. თუმცა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა სასტუმროს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოწმების მიერ მოხდა მხოლოდ ყოველდღიური ხარჯის გათვალისწინება, რაც ასახულია საგადასახადო შემოწმების აქტში. გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე დამატებითი დოკუმენტაცია არ წარუდგენია, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 22.02.2023 წლის №006-68 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14883 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 5.10.2023 წლის №20291/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14883 ბრძანება. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და შემოსავლების სამსახურის 30.11.2021 წლის №36931 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 5.10.2023 წლის №20291/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა მითითებულ ვადაში დამატებით წარადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები, კერძოდ ფიზიკური პირებისგან შესყიდულ ძირითად საშუალებებზე ნასყიდობის ხელშეკრულებები (წარმოდგენილია სამ ფიზიკურ პირთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები ჯამში 86 000 ლარის ღირებულების - შეძენილია ლაზერის გრავირებისა და ჭრის აპარატი, ლაზერის ჩილერი, ფრაგმენტების დასაბერი აპარატი, სტაციონარული კომპიუტერი მასში ჩატვირთული სარენდერო 3 მოდელით, „3 პეოპლე“ და „20 რენდერ პეოპლე ტექსტურებით“), ასევე წარდგენილია დაქირავებულ პირთა მივლინების ბრძანებები და შესაბამისი რეესტრი, სადაც გაშიფრულია კონკრეტული თანამშრომელი რამდენი დღით იყო მივლინებული გარკვეულ ლოკაციაზე. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახდო შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები, სადაც ფიქსირდება თანხების გაცემა ხელფასის კვალიფიკაციით, თუმცა გაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა გაანგარიშების ცხრილი და ასევე პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია/ინფორმაცია (მივლინებების ბრძანებები), რომლის მიხედვით გადაკვალიფიცირდა საბანკო ამონაწერში ხელფასად გაცემული თანხები და ნაწილი მიეკუთვნება მივლინების ხარჯს სულ 44 955 ლარის ოდენობით (გაანგარიშების ეტაპზე წარდგენილ იქნა საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, რომელშიც შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი ვერსიისგან განსხვავებით, სრულად არის ასახული სამეურნეო ოპერაციები). შედეგად, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, კერძოდ შემცირდა საწარმოს მიერ განკარგვადი თანხები, რომელიც საგადასახადო შემოწმების აქტით დაკვალიფიცირებული იყო დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე დაკორექტირდა (შემცირდა) მოგების გადასახადით დარიცხული თანხები, რომელიც შემოწმების მიმდინარეობისას განხილული იყო როგორც არაეკონომიკური საქმიანობისთვის გაწეული ხარჯი, აღნიშნული თანხა გადაკვალიფიცირდა, როგორც გაცემული ხელფასი და შესაბამისი პერიოდის მიხედვით გაწეული ხარჯი. შესაბამისი პერიოდის მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ასევე, დამატებით შესწავლის შედეგად, დღგ-ში გაიზარდა ჩასათვლელი თანხები, რის საფუძველზეც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახდო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა 944 ლარით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს ყველა გაწეულ ხარჯზე არ ჰქონდა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც შეძლებდა დღგ-ის ჩათვლას. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ მომსახურების დეპარტამენტში წარდგენილი განცხადების საფუძველზე მიენიჭა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, რის საფუძველზეც შეძლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ის თანხების ჩათვლებში გათვალისწინება სულ 944 ლარის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 25.07.2024 წლის №006-390 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
დასკვნის შედგენის დროს არის ტექნიკური ხარვეზები, კერძოდ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების დროს საპენსიო შენატანის თანხებიც დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, რაც არ შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობას, რის გამოც ითხოვს ტექნიკური ხარვეზის გასწორებას და საპენსიო შენატანებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის შემცირებას. განკარგვადი თანხის გაანგარიშებაში სრულად არ მონაწილეობს ელექტრონული საგადასახადო დოკუმენტაციის ღირებულება, რის გამოც შესამცირებელია განკარგვადი თანხა, რაც გამოიწვევს საშემოსავლო გადასახადით დარიცხული თანხების შემცირებას.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ ქონების გადასახადი გაანგარიშებულია წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, მაგრამ არის ტექნიკური ხარვეზები. შემოწმების დანიშვნის ბრძანებებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 მარტამდე, რაც 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარირების ბოლო ვადას არ მოიცავდა, შემოწმების ბრძანებით 2020 წლის ქონების გადასახადის სისწორე არ მოწმდებოდა, ხოლო შემოწმების აქტით (აქტის დანართით) დგინდება, რომ დარიცხულია ქონების გადასახადი ისეთ პერიოდზე, რომელიც არ მოწმდებოდა. შესაბამისად, 2020 წლის ქონების გადასახადის დარიცხვა შესამცირებელია სრულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბათილად უნდა იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2024 წლის დასკვნა, 25.07.2024 წლის №17467 ბრძანება და 25.07.2024 წლის №006-390 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. დაევალოს შესაბამის სამსახურს სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისათვის, ორგანიზაციისათვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
თ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უხდის პროცენტს.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის თანახმად, 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, აგრეთვე 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.
საბჭოს 5.10.2023 წლის №20291/2/2023 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და შემოსავლების სამსახურის 30.11.2021 წლის №36931 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა მითითებულ ვადაში დამატებით წარადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები, კერძოდ ფიზიკური პირებისგან შესყიდულ ძირითად საშუალებებზე ნასყიდობის ხელშეკრულებები, ასევე წარდგენილია დაქირავებულ პირთა მივლინების ბრძანებები და შესაბამისი რეესტრი, სადაც გაშიფრულია კონკრეტული თანამშრომელი რამდენი დღით იყო მივლინებული გარკვეულ ლოკაციაზე. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახდო შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები, სადაც ფიქსირდება თანხების გაცემა ხელფასის კვალიფიკაციით, თუმცა გაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა გაანგარიშების ცხრილი და ასევე პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია/ინფორმაცია (მივლინებების ბრძანებები), რომლის მიხედვით გადაკვალიფიცირდა საბანკო ამონაწერში ხელფასად გაცემული თანხები და ნაწილი მიეკუთვნება მივლინების ხარჯს სულ 44 955 ლარის ოდენობით (გაანგარიშების ეტაპზე წარდგენილ იქნა საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, რომელშიც შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი ვერსიისგან განსხვავებით, სრულად არის ასახული სამეურნეო ოპერაციები). შედეგად, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები. ასევე დაკორექტირდა (შემცირდა) მოგების გადასახადით დარიცხული თანხები, რომელიც შემოწმების მიმდინარეობისას განხილული იყო როგორც არაეკონომიკური საქმიანობისთვის გაწეული ხარჯი, აღნიშნული თანხა გადაკვალიფიცირდა, როგორც გაცემული ხელფასი და შესაბამისი პერიოდის მიხედვით გაწეული ხარჯი. შესაბამისი პერიოდის მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, დამატებით შესწავლის შედეგად, დღგ-ში გაიზარდა ჩასათვლელი თანხები, რის საფუძველზეც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახდო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა 944 ლარით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადაანგარიშების მიმდინარეობის პროცესში გადასახადის გადამხდელის ჩართულობით შესწავლილი იქნა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების დამუშავების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული კორექტირების გაანგარიშების ცხრილები შეთანხმებული და გავლილი იქნა გადასახადის გადამხდელთან და მათი მხრიდან თანხმობის შემდგომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა საგადასახადო აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 5.10.2023 წლის №20291/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
ქონების გადასახადის დარიცხვის და საპენსიო შენატანებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის შემცირების საკითხებთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 5.10.2023 წლის №20291/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 5.10.2023 წლის №20291/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 5.10.2023 წლის №20291/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა მითითებულ ვადაში დამატებით წარადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები, კერძოდ ფიზიკური პირებისგან შესყიდულ ძირითად საშუალებებზე ნასყიდობის ხელშეკრულებები, დაქირავებულ პირთა მივლინების ბრძანებები და შესაბამისი რეესტრი, სადაც გაშიფრულია კონკრეტული თანამშრომელი რამდენი დღით იყო მივლინებული გარკვეულ ლოკაციაზე; გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა გაანგარიშების ცხრილი და ასევე პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლის მიხედვით გადაკვალიფიცირდა საბანკო ამონაწერში ხელფასად გაცემული თანხები და ნაწილი მიეკუთვნება მივლინების ხარჯს. შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, კერძოდ შემცირდა საწარმოს მიერ განკარგვადი თანხები, რომელიც საგადასახადო შემოწმების აქტით დაკვალიფიცირებული იყო დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე დაკორექტირდა (შემცირდა) მოგების გადასახადით დარიცხული თანხები, რომელიც შემოწმების მიმდინარეობისას განხილული იყო როგორც არაეკონომიკური საქმიანობისთვის გაწეული ხარჯი, აღნიშნული თანხა გადაკვალიფიცირდა, როგორც გაცემული ხელფასი და შესაბამისი პერიოდის მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. დამატებით შესწავლის შედეგად, დღგ-ში გაიზარდა ჩასათვლელი თანხები, რის საფუძველზეც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახდო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 5.10.2023 წლის №20291/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1, 3); 131(1); 154; 309(112);