ბრძანება N 7518
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7518
06.04.2023
შპს „--ს“ (ს/ნ ----)
მის:( ----)
2022 წლის 14 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2022 წლის 14 ოქტომბრის №75483/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 სექტემბრის №007-247 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს დირექტორზე გაცემული სესხის უპროცენტო სესხად განხილვას. აცხადებს, რომ აღნიშნული კრედიტით მიღებული თანხა მოხმარდა სმფ-ების შეძენას და ამასთან, ვადაზე ადრე დაბრუნდა კრედიტი უკან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივნისის №15744 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 18 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 23 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 სექტემბრის №25004 ბრძანება და 30 სექტემბრის №007–247 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 159 674 ლარი, მათ შორის გადასახადი 70 870 ლარი, ჯარიმა 48 712 ლარი და საურავი 40 092 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „---ს“ საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით. გადამხდელს გარდა საბანკო ამონაწერებისა, ბუღალტრული აღრიცხვა, ჩგდ-ები, ხელშეკრულებები და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია, ვინაიდან უფლებამოსილი პირის განმარტებით აღნიშნული დოკუმენტაცია განადგურდა. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადამხდელის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით და აღნიშნული მონაცემების დამუშავების საფუძველზე განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის განსაზღვრა, რომლის ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი და მეთოდური მითითების გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, (შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადამხდელს საქმიანობა აღარ უფიქსირდებოდა 2020 წლის აპრილის თვიდან). აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორზე გაცემული ჰქონდა 49 000 ევრო და დანიშნულებაში მითითებული იყო სესხის გაცემა. შესაბამისად, შემოწმებით აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელს ხელშეკრულება არ წარუდგენია. შემოწმებით, თანხის გატანის პერიოდში შესაბამისი თანხა დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო საწარმოს დირექტორის მიერ ანგარიშზე თანხის შეტანა ჩაითვალა სესხის დაბრუნებად და განხორციელდა მოგების გადასახადის ჩათვლა (დაბრუნების თარიღების გათვალისწინებით). ამასთან, შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების საფუძველზე გაცემულ სესხზე დარიცხული სარგებელი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაეკისრა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადამხდელის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის განსაზღვრა და დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი.
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილული ფულადი ნაშთის ოდენობას. აცხადებს, რომ სალაროს ნაშთი შეადგენს 96 577 ლარს და არა 355 210 ლარს. მიუთითებს, რომ კომპანიის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 043 992 ლარს (დღგ-ის გარეშე), შეძენილ სმფ-ებზე გადახდილი აქვს 894 265 ლარი. ასევე, საწარმოს მიერ გადახდილი იჯარის ქირა შეადგენს ჯამურად 13 000 ლარს, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი აქვს 40 150 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, სადავო საკითხთან დაკავშირებით, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 -ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ 2019 წლის 11 იანვარს საბანკო ანგარიშიდან საწარმოს დირექტორის მიერ გატანილი იყო თანხა ჯამში 49 000 ევროს ოდენობით და დანიშნულებაში მითითებული იყო სესხის გაცემა. აღნიშნული თანხა კომპანიის დირექტორის მიერ ეტაპობრივადაა დაბრუნებული და 2019 წლის 25 ნოემბერს სრულად არის დაფარული. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი დასაბუთებული ახსნა-განმარტება აღნიშნული თანხის სამეურნეო ოპერაციებში გამოყენების შესახებ. ასევე, აღნიშნული პერიოდის შემდგომ კომპანიას ფაქტობრივად აღარ განუხორციელებია სამეურნეო საქმიანობები.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ დირექტორზე გაცემული სესხის უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე დარიცხული სარგებლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აბ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საწარმოს დირექტორზე გაცემული სესხის უპროცენტო სესხად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადამხდელის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით და აღნიშნული მონაცემების დამუშავების საფუძველზე განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის განსაზღვრა, რომლის ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი და მეთოდური მითითების გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორზე გაცემული ჰქონდა 49 000 ევრო და დანიშნულებაში მითითებული იყო სესხის გაცემა. შესაბამისად, შემოწმებით აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ დირექტორზე გაცემული სესხის უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე დარიცხული სარგებლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (2); 136 (3); 73 (9,ბ); 73 (4); 101 (1); 154 (1 ა): 43 (4); 982 (3 ზ); 982 (8); 101 (1); 101 (2,ბ); 154 (1ა); 43 (4).