გადაწყვეტილება №24847/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.04.2025
№ დოკუმენტი 24847/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24847/2/2025

15 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 3.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24847/2/2025).

 

დავის საგანი:

არარეზიდენტი პირის მიმართ არსებული დებიტორული მოთხოვნის მიღებულად ჩათვლა და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №007-304 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.02.2025 წლის №2563 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 361 365,36 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 225 362

ჯარიმა - 112 681

საურავი - 23 322,36

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა (322 314 დოლარი) არარეზიდენტი პირის, კერძოდ „------------“-ის მიმართ. ხსენებული დებიტორული მოთხოვნა წარმოქმნილია 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქონლის ექსპორტით საუდის არაბეთში. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელი განმარტავს, რომ ზემოთ ხსენებული არარეზიდენტი კომპანია იქცევა არაკეთილსინდისიერად და არ ანაზღაურებს საქონლის მიწოდებიდან წარმოქმნილ ვალდებულებას, ამავდროულად ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ შპს „--------“ მოკლებულია შესაძლებლობას, რომ წარმოადგინოს შედარების აქტი. 2022 წლის 25 ივლისს შპს „---------“-მა წერილობით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. სამინისტროს 2022 წლის 24 ოქტომბრის №01/32468 წერილის მიხედვით, „----------“ უარყოფს ნებისმიერი სახის დავალიანების არსებობას და აღნიშნავს, რომ სურვილის შემთხვევაში ქართულ კომპანიას შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

შემოწმების შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დებიტორული დავალიანება ჩაითვალა ანაზღაურებულად, დაკვალიფირდა ანგარიშვალდებულ პირზე, გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №007-304 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.02.2025 წლის №2563 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შპს „----------“-ს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან უფიქსირდება დებიტორული დავალიანება (322 314 დოლარი) არარეზიდენტი პირის, კერძოდ, „-----------“-ის მიმართ. აღნიშნული მოთხოვნა წარმოქმნილია 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში საუდის არაბეთში საქონლის ექსპორტის შედეგად. შემოწმების ეტაპზე გადამხდელმა განმარტა, რომ ზემოთ ხსენებული არარეზიდენტი კომპანია იქცევა არაკეთილსინდისიერად და არ ანაზღაურებს საქონლის მიწოდებიდან წარმოქმნილ ვალდებულებას, ამავდროულად ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ შპს „----------“ მოკლებულია შესაძლებლობას წარმოადგინოს შედარების აქტი.

გადასახადის გადამხდელის მიერ დავების ეტაპზე წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საყურადღებოა გარემოება, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი შედგენილ იქნა 27.12.2024 წელს, ხოლო გადამხდელის მიერ საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი შედარების აქტი დათარიღებულია 18.09.2024 წელს. აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა შედარების აქტი საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე/გამოცემამდე. ამავდროულად, შედარების აქტი მხარეთა მიერ დადასტურებული არ არის ნოტარიულად, აპოსტილით ან/და სხვა ისეთი ფორმით, რომელიც მიღებულია შესაბამის სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში. ამდენად, არ არსებობს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების საკმარისი საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცი

შემოსავლების სამსახურის მიერ მოყვანილი სამართლებრივი ნორმები ძალიან ზოგადია, არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს და აცდენილია შინაარსობრივ მხარეს, კერძოდ:

1. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მაშინ როდესაც, არა მხოლოდ სადავო საკითხთან დაკავშირებულ ოპერაციასთან მიმართებაში, არამედ საერთოდ/ზოგადად, კომპანიის სააღრიცხვო სისტემა (-----– „-----“) უზრუნველყოფს კომპანიის ყველა ოპერაციის სრულად აღრიცხვას და მასთან დაკავშირებული შედეგის კონტროლს დროის ნებისმიერ (თუნდაც ხანდაზმულ) მონაკვეთში. აღნიშნული დასტურდება თუნდაც იმ გარემოებით, რომ აუდიტის პროცესში შემმოწმებლის მიერ, სხვა დარღვევა (გარდა სადავო საკითხისა) არ გამოვლენილა;

2. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენება არასწორია, ვინაიდან იგი არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან შემმოწმებელი კომპანიისგან სრულად ფლობს ინფორმაციას განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების შესახებ;

3. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლებას სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. გაუგებარია, თუ რომელი ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება შინაარსს და რა კონტექსტში ხდება აღნიშნული ნორმის გამოყენება. ამასთან, როგორც ფაქტობრივ გარემოებებშია აღწერილი, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლებზე, თუმცა კვლავ ბუნდოვანი და გაუგებარი რჩება, როგორ უკავშირებს იგი აღნიშნულ ნორმებს სადავო საკითხს.

იმისათვის, რომ სადავო საკითხთან მიმართებაში შესაძლებელი იყოს ზემოაღნიშნული მუხლებით განსაზღვრული ვალდებულებების კომპანიისათვის დაკისრება, საჭიროა უფრო ცხადად იქნას განმარტებული ის სამართლებრივი ნორმები (არსებობის შემთხვევაში), რომელთა საფუძველზეც კომპანიის დებიტორული დავალიანება გათანაბრებულია გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებულ განაცემთან. კომპანია მზადაა, დამატებითი მტკიცებულებების სახით, წარმოადგინოს დირექტორის, როგორც ფიზიკური პირის, ცნობები და ანგარიშის ამონაწერები საბანკო დაწესებულებებიდან, საიდანაც დადასტურდება, რომ დებიტორული დავალიანების თანხა მიღებული არ არის. რაც შეეხება სადავო საკითხთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და არსებულ მასალებს, აღნიშნავს, რომ როგორც კომპანიის ქმედებები, ასევე წარმოდგენილი დოკუმენტაცია ადასტურებს იმას, რომ კომპანიამ განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი და ცდილობს ყველა სამართლებრივი გზით უზრუნველყოს კუთვნილი დებიტორული დავალიანების ამოღება. არ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ დებიტორული დავალიანება ჩაითვალოს ფიქტიურად და მოხდეს დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა.

კომპანია თავისი ისტორიის მანძილზე, გამოირჩევა სახელმწიფოს მხრიდან დაკისრებული ვალდებულებების მიმართ კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, მოცემულ ეტაპზე, ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ადგილობრივ წარმოებაში და უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას. აქვს სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერის იმედი, რაც შესაძლოა გამოიხატოს დებიტორული დავალიანების ამოსაღებად წარმოებული სამართლებრივი პროცედურების განსახორციელებლად და დამატებითი მტკიცებულებების წარმოსადგენად გონივრული ვადის მიცემაში. აღნიშნული მისცემს საშუალებას, მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ფინანსური რესურსი, რაც ემსახურება როგორც კომპანიის, ასევე სახელმწიფო ინტერესებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ მომჩივანს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა (322 314 დოლარი) არარეზიდენტი პირის, კერძოდ, „-----------“ მიმართ. აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანაზღაურებულად, დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში მითითებული სამართლებრივი ნორმები არასწორად არის გამოყენებული და ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა სადავო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველს.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2025 წლის №-------- წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი შედგენილ იქნა 2024 წლის 23 დეკემბერს. აღნიშნულ პირობებში გადამხდელს ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა შედარების აქტი, საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე. ამავდროულად შედარების აქტზე მხარეთა მიერ ხელმოწერა დადასტურებული არ არის ნოტარიულად, აპოსტილით ან/და სხვა ისეთი ფორმით, რომელიც მიღებულია შესაბამის სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში. საწარმოს „----------“-ის მიმართ არ უფიქსირდება სხვა ოპერაცია გარდა 2020 წლის ნოემბერდეკემბერში საქონლის მიწოდებისა, მათ შორის არ ფიქსირდება ფულადი სახსრების მოძრაობა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში საუდის არაბეთში საქონლის ექსპორტით წარმოშობილი დებიტორული მოთხოვნა კომპანიას უფიქსირდება არარეზიდენტი პირის მიმართ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, ხოლო მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები (მათ შორის შემოწმების აქტის გამოცემის შემდგომ წარმოდგენილი შედარების აქტი სათანადოდ დამოწმებული მხარეთა ხელმოწერებით), რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არარეზიდენტი პირის მიმართ არსებული დებიტორული მოთხოვნის მიღებულად ჩათვლა და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს-ს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან უფიქსირდება დებიტორული დავალიანება არარეზიდენტი პირის მიმართ. აღნიშნული მოთხოვნა წარმოქმნილია 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქონლის ექსპორტით. შემოწმების მიერ, დებიტორული დავალიანება ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ანაზღაურებულად და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);101(1);154(1);