გადაწყვეტილება №22422/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.06.2024
№ დოკუმენტი 22422/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22422/2/2024

20 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 28.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22422/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და განსაზღვრული თანხის ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №007-280 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32658 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 827 099,84 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 405 354

დღგ - 166 016

მოგების გადასახადი - 34 663

საშემოსავლო გადასახადი - 204 672

ქონების გადასახადი - 3

ჯარიმა - 202 777

საურავი - 218 968,84

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 18.07.2023 წლამდე პერიოდი. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 4.02.2016 წელს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 4.02.2019 წელს. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს რეგისტრირებული აქვს 1 ერთეული საკონტროლო სალარო აპარატი მისამართზე ---, ადგილი---. აღნიშნული სალარო აპარატის რეგისტრაცია გაუქმებული აქვს 24.02.2021 წელს. საწარმოს მიერ 2020 წელს ჩინეთიდან განხორციელებულია ძირითადად ბავშვის, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის და ფეხსაცმლის იმპორტი. საწარმოს დირექტორის 23.08.2023 წლის განმარტებით, 2020 წლის ბოლოსთვის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნდა. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზედაც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (საქონლის კატეგორიების შესაბამისად: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა) და განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა (დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად), რამაც 2020 წელს შეადგინა 2 374 811 ლარი (დირექტორის განმარტებით, კომპანიას 2020 წლის შემდეგ საქმიანობა არ განუხორციელებია). შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობაზე (სულ 922 233 ლარი) გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. ანალოგიური პროპორციით განსაზღვრული თანხა ჩაითვალა მიღებულად და ამავდროულად, საწარმოს დირექტორზე (----) გაცემულ ხელფასად. დირექტორის 23.08.2023 წლის ახსნა-განმარტებით საწარმოს 2020 წლის ბოლოსთვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა, ამავე პერიოდისთვის დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება ასევე არ ჰქონდა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის უფლებამოსილ პირზე - დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან. ამასთან, გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №007-280 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32658 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე და 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ არის მითითებული სადავო საკითხები. გადამხდელს 2023 წლის 13 ნოემბერს გაეგზავნა №21-04/89149 წერილი, რათა დაეზუსტებინა საჩივარი და მიეთითებინა სადავო საკითხები. წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, თუმცა შემოსავლების სამსახურში დაზუსტებული საჩივარი არ წარმოუდგენია. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმებას არ ჰქონდა უფლება გამოეყენებინა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ განსაზღვრული ფასნამატი, ვინაიდან საწარმოს ფანსმატი არის გაცილებით ნაკლები, არ გააჩნია იჯარის და სხვა ხარჯები, რომლებიც ზრდის საქონლის ღირებულებას, შესაბამისად მუშაობს ძალიან პატარა ფასნამატზე. ასევე არ ეთანხმება თანხების აგროსვას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს მიერ 2020 წელს ჩინეთიდან განხორციელებულია ძირითადად ბავშვის, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის და ფეხსაცმლის იმპორტი. საწარმოს დირექტორის 23.08.2023 წლის ახსნა-განმარტებით, 2020 წლის ბოლოსთვის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე შემოწმების შედეგად გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (საქონლის კატეგორიების შესაბამისად: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა). აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საწარმოს გამოწერილი არ აქვს სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები. საქონლის თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზაციასთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს განცხადებები, თუმცა არ ერთვის დანართები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა მყიდველი მხარის იდენტიფიცირება, რომელთანაც მოხდებოდა ინფორმაციის გადამოწმება.

საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და განსაზღვრული თანხის ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზედაც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (საქონლის კატეგორიების შესაბამისად: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა) და განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა (დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად). შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. ანალოგიური პროპორციით განსაზღვრული თანხა ჩაითვალა მიღებულად და ამავდროულად, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5).