გადაწყვეტილება №19864/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.09.2023
№ დოკუმენტი 19864/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19864/2/2023

21 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 4.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19864/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის შესყიდვის თანხისა და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯის გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრა;

2. არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

3. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.09.2022 წლის №024-50 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11493 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 5 804 358 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 3 710 302

მოგების გადასახადი - 2 837 125

საშემოსავლო გადასახადი - 873 177

ჯარიმა - 1 855 251

საურავი - 238 805

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონის შეძენა-რეალიზაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 28.10.2019 წლიდან 1.08.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 25.08.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.09.2022 წლის №22723 ბრძანება და ამავე თარიღის №024-50 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2022 წლის 24 სექტემბერს, 13 და 28 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.05.2023 წლის №11493 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს საჩივრებზე თანდართული მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11493 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის შესყიდვის თანხისა და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯის გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რაიონში იჯარით აღებული დაახლოებით 35 ჯართის მიმღები პუნქტიდან, სმფ-ების შეძენა და რეალიზაცია ხდება სრულად ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელის განმარტებით საქონლის შეძენა ხორციელდება ფიზიკური პირებისგან, რაზეც არ იწერება ელექტრონული დოკუმენტი და აღნიშნული შეძენები აღრიცხულია შავი და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალებში. შემოწმების პროცესში გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გადამხდელს წარდგენილი აქვს ბანკის ამონაწერები და შავი და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. შემოწმების პროცესში საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულია გადამხდელის საბანკო ამონაწერები და საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული პირველადი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები და შავი და ფერადი ლითონის მიღებაჩაბარების აღრიცხვის ჟურნალები).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება:

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს რეალიზებული აქვს 41 646 583 ლარის ღირებულების 37 286 ტონა შავი და ფერადი ლითონის ჯართი, აღნიშნული საქონლიდან 2 549 531 ლარის 2 676.69 ტონა შავი და ფერადი ლითონის შეძენა ფიზიკური პირებისაგან დაფიქსირებულია „შავი და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალებში“, სასაქონლო ზედნადებებით შეძენილია 1 557 015 ლარის 2 008 ტონა შავი ლითონის ჯართი, ხოლო 32 600.96 ტონა შავი და ფერადი ლითონის ჯართი რეალიზებულია, რომლის შეძენაც არ არის დაფიქსირებული არც ჟურნალებში და შესყიდვის აქტებში და არც ელექტრონულ დოკუმენტაციაში. აღნიშნულ საქონელზე, რომელიც გადამხდელს რეალიზებული აქვს და შეძენის დოკუმენტი ვერ წარმოადგინა, ხარჯების განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა თავად გადამხდელის იგივე პერიოდში ანალოგიური საქონლის შეძენის ფასები. შედეგად, აღნიშნულმა ხარჯმა შეადგინა 29 051 466 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიიჩნევა გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%, თუ გაწეული ხარჯის ოდენობის დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია. საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის გათვალისწინებით, მოხდა გადამხდელის მიერ 3%-იანი განაკვეთით დასაბეგრი თანხების გაანგარიშება, კერძოდ გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისაგან დაფიქსირებულ ჯართის შესყიდვის თანხას (2 549 531 ლარს) დაემატა შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯი (21 788 600 (29 051 466*75%)), რამაც ჯამში შეადგინა 24 338 131 ლარი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და საქმეზე არსებული მასალების და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაუგებარია და ლოგიკას არის მოკლებული არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ხარჯების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, აღნიშნულ შემთხვევაში მხოლოდ პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული, რომ საქონელი ნამდვილად შეძენილია ფიზიკური პირისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში თუნდაც საქონელი იყო დოკუმენტალურად დაუდასტურებელი, გადასახადის გადამხდელს ბუნებრივია არ აქვს მისი წყაროსთან დაკავების ვალდებულება. თუ შემოწმების ლოგიკას გავიზიარებთ და ვიტყვით, რომ ხარჯი არსად არ არის დაფიქსირებული, მაშინ ელემენტალურად ჩნდება ლოგიკური კითხვა, საიდან დაადგინა შემმოწმებელმა, რომ აღურიცხავი ჯართი არის შეძენილი მაინცდამაინც ფიზიკური პირისაგან? ბუნებრივია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება შემმოწმებელს ბუნებაში ვერ ექნება, ხოლო აღნიშნულ ნაწილში მტკიცების ტვირთი მთლიანად არის შემმოწმებელზე, ვინაიდან მხოლოდ ფიზიკური პირისაგან შეძენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით.

ასევე მიაჩნია, რომ შესყიდვის აქტების საფუძველზე ფიზიკური პირებისაგან შეძენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი ასევე, არ უნადა ყოფილიყო გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით დაბეგრილი, ვინაიდან თუ სასაქონლო ზედნადებით შეძენილი საქონელი არ იბეგრება გადახდის წყაროსთან, მაშინ გაუგებარია შესყიდვის აქტით შეძენილი, რომელსაც იგივე სამართლებრივი დატვირთვა გააჩნია და იგივენაირად არის ხარჯის დოკუმენტი, ისევე როგორც მაგალითად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა რატომ უნდა დაიბეგროს გადახდის წყაროსთან? ის გარემოება, რომ საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მე-2 ნაწილი არ გულისხმობს მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით შეძენილ საქონელს, დასტურდება ასევე იმით, რომ აღნიშნული მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჯართის შეძენას ანუ გამოდის, რომ ზედნადებით შეძენილ ჯართზე გადასახადი უნდა დაუკავოს გადამხდელმა, ხოლო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილზე, რომელიც არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გადასახადი უნდა დაუკავოს, რაც ბუნებრივია არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ასევე გაუგებარია თუ რა მონაცემის საფუძველზე დაადგინა შემმოწმებელმა (აქტში ამაზე არაფერია ნათქვამი), რომ 32 600.96 ტონა შავი და ფერადი ლითონის ჯართის რეალიზაციაზე არ არსებობს არანაირი დოკუმენტაცია და ის არის აღურიცხავი. ელემენტარული ლოგიკით, თუ გადასახადის გადამხდელს ჰქონდა აღურიცხავი საქონელი, ის აღნიშნულ საქონელს არც რეალიზაციაში არ აჩვენებდა. ხაზი უნდა გაესვას, რომ შემმოწმებელს არ შეუცვლია საწარმოს ერთობლივი შემოსავალი, ვინაიდან რეალიზაცია იყო დოკუმენტურად დადასტურებული.

შესაბამისად გაუგებარია და ლოგიკას არის მოკლებული, რომ მეწარმე არ მალავდეს შემოსავალს და პირიქით მალავდეს ხარჯს. როგორც ცნობილია, შესყიდვის აქტების ნაწილი არის ამოღებული საგამოძიებო ორგანოს მიერ და არ არის გადაგზავნილი აუდიტის დეპარატამენტში, შესაბამისად ბუნებრივია აუდიტის დეპარატმენტის გადაანგარიშება არ არის სრულყოფილი და არ ეყრდნობა სრულყოფილ შესყიდვის აქტებს, გარდა ამისა როგორც მისთვის არის ცნობილი შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის შესყიდვის აქტები, რომლებშიც მეორდება გამყიდველ ფიზიკურ პირთა გვარი, რაც ასევე არასწორია, ვინაიდან ჯერ ერთი შესყიდვის აქტებს აქვს სხვადასხვა თარიღი და მეორე არავის არ აუკრძალავს, რომ ერთიდაიგივე პირმა ჯართი რამდენჯერმე ჩააბაროს. შესაბამისად საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები ექვემდებარება შემცირებას.

რაც შეეხება 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრის შემოღებას ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე მაშინ როცა საგადასახადო კოდექსის თანახმად არსებობს მეწარმე ფიზიკური პირის დაბეგვრა მცირე ბიზნესის გადამხდელად რეგისტრაციისას ბრუნვის 1%-ით, ხოლო ამ შემთხვევაში 3%- ით დაბეგვრა, ორივე შემთხვევაში ფიზიკურ პირს სხვადასხვა დაბეგვრის რეჟიმში აყენებს და 3-ჯერ მეტ გადასახადს ართმევს არა მეწარმეს, უბრალო ფიზიკურ პირს, რომელმაც შეიძლება მხოლოდ ერთხელ გაჭირვების დროს ადგეს და სახლიდან გაიტანოს და ჯართის ფასად ჩააბაროს რამე ნივთი რომელიც როგორც ნივთი გაცილებით ძვირი ღირს. რაც შეეხება რეალიზაციის ნაწილს, აქაც არანაირად არ შეიძლება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება რადგან საქონლის რეალიზაცია მომხდარია მხოლოდ ელექტრონული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე და რამ შეიძლება გააჩინოს აზრი რომ რამის დადგენა შეუძლებელია, გაუგებარია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

1. გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

შენიშვნა: შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენად (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) მიიჩნევა ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშობა ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო.

ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებში და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურში და საჩივარში მითითებული არგუმენტაცია, რისი გათვალისწინებითაც შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება საჩივრის ამ ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული გარემოებებიდან და მომჩივნის არგუმენტიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართებულია და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით განხორციელდა კომპანიაში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც შესამოწმებელ პერიოდებში კომპანიაში გამოვლინდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების შედეგად თვეების მიხედვით გაანგარიშებული აღურიცხველი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოს მიერ დირექტორზე უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად (უპროცენტო სესხად) და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით, დარიცხული პროცენტის თანხა განხილულია დირექტორის მიერ საწარმოსგან მიღებულ სარგებლად (ხელფასის სახით განაცემად) და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა მოგების, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადამხდელის არგუმენტაციაზე და სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაუგებარია, თუ რას გულისხმობს შემმოწმებელი ტერმინში „აღურიცხველი შემოსავალი“. როგორც აღნიშნა შემმოწმებელს არ შეუცვლია საწარმოს ერთობლივი შემოსავალი, ვინაიდან ყველა რეალიზაცია იყო დოკუმენტალურად დადასტურებული. გარად ამისა, გაუგებარია, თუ საიდან დაადგინა შემმოწმებელმა, რომ 32 600.96 ტონა შავი და ფერადი ლითონის ჯართის რეალიზაციაზე არ არსებობს არანაირი დოკუმენტაცია და ის არის აღურიცხავი. შესაბამისად ასევე გაუგებარია, თუ საიდან დაადგინა შემმოწმებელმა, რომ აღურიცხავი საქონლის თვითღირებულება არის 29 051 466 ლარი. ასევე, შემმოწმებელი არაფერს ამბობს დებიტორულ-კრედიტორულ ვალდებულებებზე, რაც ასევე არასწორია, და ბოლოს გაუგებარია უპროცენტო სესხზე დარიცხული სარგებელი ანუ პროცენტი რატომ არის განხილული ხელფასის სახით განაცემად და დაბეგრილი 20%.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით: დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შესამოწმებელ პერიოდებში კომპანიაში გამოვლინდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი. შემოწმების შედეგად თვეების მიხედვით გაანგარიშებული აღურიცხველი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოს მიერ დირექტორზე უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად (უპროცენტო სესხად) და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით, დარიცხული პროცენტის თანხა განხილულია დირექტორის მიერ საწარმოსგან მიღებულ სარგებლად (ხელფასის სახით განაცემად) და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით არ ეთანხმება შემოწმების შედეგად თვეების მიხედვით გაანგარიშებული აღურიცხველი შემოსავლის დაკვალიფიცირებას საწარმოს მიერ დირექტორზე უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად (უპროცენტო სესხად), ითხოვს დაკვალიფიცირდეს გაცემულ პროცენტიან სესხად, რადგან შემოწმების პროცესში არ ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნულზე დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია.

საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებაზე, რომლის მიხედვით განხორციელდა ცვლილება 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში. კერძოდ, მე-10 მუხლის თანახმად, ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ხსენებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

3. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. იმ საქონელზე, რომელიც გადამხდელს რეალიზებული აქვს და შეძენის დოკუმენტი ვერ წარადგინა, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №6) მიხედვით, გადამხდელის მიერ გაცხადებულ და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯებს შორის დადებითი სხვაობა, ხარჯის ფაქტობრივად გაწევის პერიოდებში, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ჩაითვალა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიიჩნევა გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%, თუ გაწეული ხარჯის ოდენობის დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია. აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით მოხდა გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის გაანგარიშება, რამაც შეადგინა შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯის 25%, 7 262 867 ლარი (29 051 466*25%). საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაზე, რომლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულია, „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითება.

ზემოაღნიშნული მეთოდური მითითების თანახმად, გადამხდელის მიერ გაცხადებულ და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯებს შორის დადებითი სხვაობა, ხარჯის ფაქტობრივად გაწევის პერიოდ(ებ)ში განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიიჩნევა გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%, თუ გაწეული ხარჯის ოდენობის დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია.

საჩივარში გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ არ ეთანხმება შემოწმების მიერ დადგენილ ციფრებს. ითხოვს დაევალოს აუდიტს საჩივრის არსებით განხილვამდე გადამხდელთან ერთად შეისწავლოს აღურიცხავ საქონლად მიჩნეული ჯართის საკითხი და ასევე საგამოძიებო ორგანოდან გამოითხოვოს შესყიდვის აქტები. აცხადებს, რომ შემოწმებას არ აქვს გათვალისწინებული დეკლარირებული ხარჯი (იჯარა, ხელფასები). ასევე განმარტავს, რომ ჯართის მიმღებ პუნქტში ჯართის ჩაბარების ოპერაცია ფიქსირდება ჟურნალში, რომელშიც ფიქსირდება სრული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ჩაბარებული ჯართისა და გამყიდველის შესახებ, შესაბამისად მიაჩნია, რომ აღნიშნული ოპერაციის აღურიცხავად განხილვა არასწორია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალებით და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

უპირველეს ყოვლისა არ ეთანხმება ზოგადად შემმოწმებლის მიერ დადგენილ ციფრებს. გაუგებარია რა მონაცემზე დაყრდნობით იქნა მიღებული აღნიშნული ციფრი. ითხოვს, რომ შემმოწმებელს დაევალოს საჩივრის განხილვამდე ყველა ცხრილის გადაგზავნა, ვინაიდან შემმოწმებელმა დაადგინა, რომ 32 600.96 ტონა შავი და ფერადი ლითონის ჯართის რეალიზაციაზე არ არსებობს მისი შეძენის არანაირი დოკუმენტი და ის თითქოს არც ჟურნალში არის აღრიცხული, რაც აბსურდია. ამ ნაწილში ითხოვს საგადასახადო ორგანოს დაევალოს, თუნდაც შუალედური გადაწყვეტილებით, საჩივრის არსებით განხილვამდე გადასახადის გადამხდელთან ერთად აღურიცხავ საქონლად მიჩნეული ჯართის საკითხის დამატებით შესწავლა და ასევე სრულად იქნას გამოთხოვილი საგამოძიებო სამსახურიდან შესყიდვის აქტები, ასევე გაუგებარია, თუ შემოწმებით დადგენილია, რომ სწორედ 32 600.96 ტონა შავი და ფერადი ლითონის ჯართის რეალიზაციაზე არ არსებობს შეძენის დოკუმენტაცია, რატომ არ არის აღნიშნული ხარჯი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული? ასევე შემოწმებით არ არის გათვალისწინებული დეკლარირებული ხარჯი, როგორიცაა მაგალითად იჯარის თანხები, ხელფასი. რაც შეეხება არაპირდაპირ მეთოდს და იმას რომ არ არის აღრიცხული ბუღალტერიაში და არ ფიგურირებს შესყიდვის აქტები, გამორიცხულია რომ ჯართის მიმღებ პუნქტში ერთი დღეც იმუშაოს ობიექტმა ჟურნალის გარეშე სადაც იწერება ყოველი ჩაბარებული ჯართის წონა და ფასი და ყველაზე მთავარი პირადობის მოწმობის საფუძველზე იწერება ჩამბარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ეს ხორციელდება, რომ თავიდან იქნეს აცილებული ნაქურდალი ჯართის ჩაბარების ფაქტები). ამასთან, ჯართის მიღების მომენტში თუ სრულად არის შეყვანილი სრული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების და ჩაბარებული ჯართის წონა და თანხა აღნიშნულ ჟურნალში არ შეიძლება აღნიშნული განხილულ იქნას როგორც აღურიცხავი ოპერაცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურში და საჩივარში მითითებული არგუმენტაცია, რისი გათვალისწინებითაც შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება საჩივრის ამ ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული გარემოებებიდან და მომჩივნის არგუმენტიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება ამ ნაწილში მართებულია და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11493 ბრძანება;

3. საჩივარი, მე-2 დავის საგნის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის შესყიდვის თანხისა და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯის გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრა;

2. არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

3. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონის შეძენა-რეალიზაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 28.10.2019 წლიდან 1.08.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 25.08.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.09.2022 წლის №22723 ბრძანება და ამავე თარიღის №024-50 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2022 წლის 24 სექტემბერს, 13 და 28 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.05.2023 წლის №11493 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

გადაწყვეტილება

პირველი სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართებულია და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

საბჭო მიიჩნევს, რომ მეორე სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, მეთოდური მითითების გათვალისწინებით. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

მესამე სადავო საკითხის ნაწილში საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება მართებულია და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 49; 61; 73 ( 4, 5, 9); 1333; 154; 982; 101; 97.