გადაწყვეტილება №23307/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.09.2024
№ დოკუმენტი 23307/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23307/2/2024

06 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------ს“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 20.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23307/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და აღურიცხველი ფულის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

2. საქონლის საინვოისო ღირებულებასა და ანაზღაურებულად განხილულ (75%) ღირებულებას შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2024 წლის №021-17 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12884 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 94 431 865,21 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 54 927 140

დღგ - 17 116 180

საშემოსავლო გადასახადი - 37 810 960

ჯარიმა - 27 463 570

საურავი - 12 041 155,21

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 24.01.2022 წლიდან 21.02.2024 წლამდე პერიოდი.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2024 წლის №021-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12884 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და აღურიცხველი ფულის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანია რეგისტრირებულია 21.01.2022 წელს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია რეგისტრაციის მომენტში. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორია --------ძე (პ/ნ ---------). საქმიანობის სფეროს სარეგისტრაციო დოკუმენტების მიხედვით წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით. კერძოდ, კომპანია ახორციელებს ხილის და ბოსტნეულის შეძენას და რეალიზაციას, შეძენილი საქონლის დაახლოებით 90% შეადგენდა იმპორტირებულს. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას შეძენილი აქვს 49 მლნ ლარის ღირებულების საქონელი. საბაჟო ინვოისების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის იმპორტისას უმეტეს შემთხვევაში ხდება საქონლის ღირებულების აფასება. კომპანია რეალიზაციას ახდენს როგორც დოკუმენტურად (სასაქონლო ზედნადები), ასევე საცალოდ. სულ რეალიზებული პროდუქტის დაახლოებით 45% შეადგენდა დოკუმენტურ რეალიზაციას. გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებდა პროგრამა ორისში, თუმცა აღნიშნული პროგრამა არ მოიცავდა კომპანიის საქმიანობის სრულ ინფორმაციას. კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემები მოიცავდა მხოლოდ დოკუმენტურად, სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაციას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 21 თებერვალს ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც კომპანიას სმფ-ების ნაშთი არ უფიქსირდება. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმების მიერ დადგინდა, თუ რა რაოდენობის საქონელი აქვს შეძენილი კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში და რა რაოდენობის საქონელი აქვს რეალიზებული დოკუმენტურად (სასაქონლო ზედნადებით). შეძენა-რეალიზაციას ახორციელებს ძირითადად კილოგრამებში. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს დაახლოებით 80 დასახელების საქონელი (შეძენილი საქონელი შეადგენს 57 846 ტონას, ხოლო დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი 26 601 ტონას). აღნიშნული ანალიზის შედეგად, დადგინდა კომპანიის მიერ საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობები. ასევე დადგენილ იქნა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქტის ერთეულის სარეალიზაციო ფასები (თვეების ჭრილში) სახეობების მიხედვით, რომელიც გავრცელებულ იქნა საცალოდ რეალიზებული სმფ-ების რაოდენობებზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს 95 524 673 ლარით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა კომპანიაში ნაღდი ფულის ბრუნვა. კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის ნაწილში გაანგარიშებული იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აღნიშნულმა გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და შემოსავლის გაზრდა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 20 თებერვალს განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გამოვლინდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგინდა კომპანიაში აღურიცხველი ფულის ოდენობა, რომელიც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 2024 წლის 16 მაისს 12:30 სთ-ზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებდა პროგრამა „ორისში“, თუმცა აღნიშნული პროგრამა არ მოიცავდა კომპანიის საქმიანობის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას, შესაბამისად, კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა ხილის და ბოსტნეულის შეძენა და რეალიზაცია. საქონლის 90%-ის შეძენა ხდებოდა იმპორტის გზით, მცირე ნაწილი შეძენილი იყო ადგილობრივ ბაზარზე. საბაჟო დოკუმენტაციის, ინვოისების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის იმპორტისას უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა საქონლის ღირებულების აფასება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 21 თებერვალს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც კომპანიას სმფ-ების ნაშთი არ დაუფიქსირდა. შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდზე რეალიზაციით მიღებული შემოსავლის გაანგარიშებისას საცალო რეალიზაციის შემთხვევაში გამოყენებულ იქნა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ერთეულის სარეალიზაციო ფასები (თვეების ჭრილში) შესაბამისი სახეობების მიხედვით და ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმებამ, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 20 თებერვალს განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გამოვლინდა. აღნიშნულის შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა კომპანიაში ნაღდი ფულის მოძრაობა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დადგენილი აღურიცხავი ნაღდი ფული განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გაანგარიშებული საწარმოს განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს -----ის საქმიანობას წარმოადგენს ხილ-ბოსტნეულის შეძენა და რეალიზაცია. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე დოკუმენტური რეალიზაციისას დაფიქსირებული ფასები გავრცელებული იქნა საცალო რეალიზაციაზე, რის შედეგადაც დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა თვეების მიხედვით და ე.წ. მიღებული შემოსავალი ჩაითვალა ხელფასის სახით განაცემად.

შემმოწმებლების მიერ არამართლზომიერადაა გამოყენებული კანონმდებლობის ის ნორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მაკონტროლებელს გამოიყენოს შემოსავლების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდი, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა დამატებითი შემოსავლების განსაზღვრა, ცალსახად ადგენს იმ პირობებს, რომლის დროსაც შესაძლებელია გამოყენებული იქნას შემოსავლის/ხარჯის გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით. ამ შემთხვევაში დადგენილი პირობა არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენებას და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს გაუქმდეს ამ ნაწილში დადგენილი დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები, რომ შესაძლებელი იყოს კონტროლი მის დაწყებაზე მიმდინარეობასა და დასრულებაზე, ე.ი. იმ მოთხოვნების შესაბამისად რა მოთხოვნებიც აქვს კანონმდებლობას.

არ ეთანხმება ამგვარად შემოსავლების განსაზღვრას, ვინაიდან ყველა ეტაპზე ხელმისაწვდომია კომპანიის ჩანაწერებით ზუსტი სარეალიზაციო ფასის დადგენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დამატებული გადასახადის გაანგარიშება თუ განხორციელდება მნიშვნელოვანია კომპანიის წარმომადგენლებს მიეცეს შემმოწმებლებთან ერთად გაანგარიშებების ხელახალი შესწავლის საშუალება, რათა საქმიანობის სპეციფიკიდან (მალფუჭებადი საქონლის დიდი ასორტიმენტი) გამომდინარე დადგინდეს რეალური სარეალიზაციო ფასები, რის მიხედვითაც შესაძლებელია რეალური საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში კი დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს.

გაუგებარია 40 მლნ ღირებულების იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია როგორ გაიანგარიშეს შემმოწმებლებმა, რომ მიიღეს 173 მლნ ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანია ახორციელებს ხილის და ბოსტნეულის შეძენას და რეალიზაციას, შეძენილი საქონლის დაახლოებით 90% შეადგენდა იმპორტირებულს. საბაჟო ინვოისების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის იმპორტისას უმეტეს შემთხვევაში ხდება საქონლის ღირებულების აფასება. კომპანია რეალიზაციას ახდენს როგორც დოკუმენტურად (სასაქონლო ზედნადები), ასევე საცალოდ, რეალიზებული პროდუქტის დაახლოებით 45% შეადგენდა დოკუმენტურ რეალიზაციას. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა არ მოიცავდა კომპანიის საქმიანობის სრულ ინფორმაციას. დეკლარირებული მონაცემები მოიცავდა მხოლოდ დოკუმენტურად, სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაციას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 21 თებერვალს ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც კომპანიას სმფ-ების ნაშთი არ უფიქსირდება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 20 თებერვალს განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გამოვლინდა. დადგინდა კომპანიაში აღურიცხველი ფულის ოდენობა, რომელიც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საქონლის საინვოისო ღირებულებასა და ანაზღაურებულად განხილულ (75%) ღირებულებას შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის მიერ შეძენილი საქონელი იმპორტირებულია ძირითადად ----------დან. იმპორტირებულ საქონელზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ჩეკები, გადახდის ქვითრები და სხვა) შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ვერ დასტურდება უცხოელ მომწოდებელზე სრულად თანხის გადახდა. შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, მეთოდური მითითების დანართი №8-ის მიხედვით, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისე ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის (ან თანხის ნაწილის) 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად.

სხვაობა საინვოისე ღირებულებასა და ანაზღაურებულად განხილულ ღირებულებას შორის ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე ------------ზე (პ/ნ ---------------) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს მიერ შეძენილი საქონლის 90% არის იმპორტირებული. იმპორტირებულ საქონელზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ჩეკები, გადახდის ქვითრები და სხვა) შემოწმებისთვის წარდგენილი არ არის, შესაბამისად, ვერ დასტურდება უცხოელ მომწოდებელზე სრულად ან ნაწილობრივ თანხის გადახდა. შემოწმების მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის (ან თანხის ნაწილის) 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო 25% განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

პროდუქციის იმპორტი ხორციელდება თურქეთის რესპუბლიკიდან და შესაბამისად ძირითადად თანხის გადახდა ხდება ნაღდი ფულის სახით იმპორტისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მეშვეობით.

გთხოვთ მოგვცეთ საშუალება შემმოწმებლებთან ერთად ხელახლა გაანგარიშებების შესწავლის საშუალება და ჩვენს მიერ მოძიებული და გონივრულ ვადაში მოწოდებული იქნება მომწოდებლებთან ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტები, რომლის წარმოდგენის შემთხვევაში რეალურად შემცირებული იქნება დამატებით დარიცხული ვალდებულება ამ სადაო ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საქონლის საინვოისო ღირებულებასა და ანაზღაურებულად განხილულ (75%) ღირებულებას შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, მომჩივანს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 27 463 570 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2024 წლის №021-17 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 12 041 155,21 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-9 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან შემოწმებით დამატებით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები არ ყოფილა გადასახადის გადამხდელის მიერ მიზანმიმართულად შემცირებული, კომპანია უნდა გათავისუფლდეს დამატებით დარიცხული ჯარიმა და საურავისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12884 ბრძანება;

3. საჩივარი, მე-2 დავის საგნის (საქონლის საინვოისო ღირებულებასა და ანაზღაურებულად განხილულ (75%) ღირებულებას შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა) ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და აღურიცხველი ფულის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

2. საქონლის საინვოისო ღირებულებასა და ანაზღაურებულად განხილულ (75%) ღირებულებას შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 24.01.2022 წლიდან 21.02.2024 წლამდე პერიოდი.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №021-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №12884 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად.

ამასთან, საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საქონლის საინვოისო ღირებულებასა და ანაზღაურებულად განხილულ (75%) ღირებულებას შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

ხოლო,საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე არ არსებობს სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9„ბ“); 101(1); 154(1„ა“.2„ა“და„ბ“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1); 269(7);