ბრძანება N 3983

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.02.2026
№ დოკუმენტი 3983
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3983

23 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 22 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „-----“-ს (ს/ნ -------) 2026 წლის 22 იანვრის №100196/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 დეკემბრის №005-244 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ ფასნამატს. განმარტავს, რომ მთლიანი შემოსავლის 50% რეალიზებულია სასაქონლო ზედნადებებით, რის მიხედვითაც შესაძლებელია ანალიზის გაკეთება. მიიჩნევს, რომ სამართლიანი შედეგის მიღების მიზნით შემოწმების მიერ ანალიზი უნდა განხორციელდეს ზემოაღნიშნულ კომპანიებზე რეალიზაციის ოპერაციების გაუთვალისწინებლად. აცხადებს, რომ შემოწმებით არ არის გათვალისწინებული საქონლის სახეობების და კატეგორიების განსხვავებულობა, ფასნამატის განსაზღვრა სახეობების და კატეგორიების მიხედვით მოგვცემს უფრო სამართლიანი ანალიზის შესაძლებლობას. გადასახადის გადამხდელი ითხოვს მიეცეს საშუალება შემმოწმებლებს წარუდგინოს სახობების და კატეგორიების მიხედვით დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციების და თვითღირებულების ამსახველი მონაცემების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დაევალოს შემმოწმებლებს გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით ფასნამატების გაანგარიშება სახეობებისა და შესაბამისი ჯგუფების მიხედვით ცალ-ცალკე. აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხების გათვალისწინების შემდგომ რჩება არაარსებითი სხვაობა.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მომწოდებლებისათვის გადახდილი ავანსის თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ მომწოდებლებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება თანხის დაბრუნების ნაწილში საქონლის მოწოდების კუთხით და აცხადებს, რომ წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაციას. ასევე აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიზანშეწონილია დაანგარიშებულ იქნას კომპანიაში დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხები, რის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განხორციელებული დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ივნისის №11681 და 18 ნოემბრის №25255 ბრძანებების საფუძველზე დაინიშნა შპს „-----“-ს (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 23 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 დეკემბრის №28239 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №005-244 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 056 584 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 219 179 ლარი, ჯარიმა 606 183 ლარი და საურავი 231 222 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. პირის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს შერეული საყოფაცხოვრებო საქონლით საბითუმო ვაჭრობა (ქვაბები, ტაფები, წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა) ------- ტერიტორიაზე არსებული საწყობიდან. 2025 წლის 24 ნოემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა საწარმოში ჩაატარა სმფ-ის ინვენტარიზაცია და ნაშთმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 2 131 494 ლარი, რაზეც შევსებულ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ ოქმი. გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია ბუღალტერია, არც ელექტრონული და არც მატერიალური ფორმით. შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 26%-ს. შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა კომპანიის დოკუმენტურ რეალიზაციას. კერძოდ, იდენტური საქონლის კოდებით შეძენილი და რეალიზებული საქონლის დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 84%. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49- ე, 61-ე, 73-ე მუხლების მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და დასაბეგრი ბაზა. კერძოდ, დოკუმენტური შეძენების, ინვენტარიზაციის შედეგებისა და დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით გაანგარიშდა რპთ და შესაბამისი დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდზე დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

გადამხდელის წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, სალაროს საწყისი და საბოლოო ნაშთები შეადგენს 0 ლარს, ასევე, დებიტორული/კრედიტორული დავალიანების საწყისი და საბოლოო ნაშთები 0 ლარია. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე მუხლების მიხედვით და დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემიდან და საბანკო ამონაწერებიდან მიღებული ინფორმაციების მიხედვით, ხოლო ხარჯებში გათვალისწინებულია დოკუმენტური მტკიცებულებები. შესაბამისად, პერიოდის ბოლოსთვის გამოვლენილი განკარგვადი თანხა, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანების საფუძველზე განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან. ყოველივე ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

2. შპს „-----“ უცხოელ მომწოდებლებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს საბანკო გადარიცხვების გამოყენებით, თუმცა შესამოწმებელ პერიოდში ორ მათგანთან გადარიცხული თანხები აჭარბებს შემოტანილი საქონლის ღირებულებას. კერძოდ, „------.“-სთან გადარიცხულია 397 721 ლარით მეტი. აღსანიშნავია, რომ ბოლო გადარიცხვაა 2024 წლის 22 ივლისს და ბოლო შემოტანა 2024 წლის 20 ივნისს. ასევე, „-----.“-სთან გადარიცხულია 414 254 ლარით მეტი, ვისთანაც ბოლო გადარიცხვაა 2023 წლის 6 იანვარს და ბოლო შემოტანა 2023 წლის 16 იანვარს. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ავანსის გადახდიდან გონივრულ ვადაში ფაქტობრივად არ აქვს მიღებული შესაბამისი საქონელი. ასევე, არ დასტურდება ავანსის მიმღები პირის მხრიდან ავანსის თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით და მასში შესული ცვლილებით დამტკიცებული მეთოდური მითითების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსი, რომლის შესაბამისი საქონლის მიღების ფაქტიც არ იქნება დადასტურებული, საგადასახადო შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან. ყოველივე ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 20 თებერვალს 14:15 საათზე გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა, შესაბამისად, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა კომპანიის დოკუმენტურ რეალიზაციას. კერძოდ, იდენტური საქონლის კოდებით შეძენილი და რეალიზებული საქონლის დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 84%. შედეგად, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დოკუმენტური შეძენების, ინვენტარიზაციის შედეგებისა და დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით გაანგარიშდა რპთ და შესაბამისი დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდზე დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე შემოწმებით განსაზღვრული დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ორ მომწოდებელთან გადარიცხული აქვს ავანსის თანხები („-----.“-სთან გადარიცხულია 397 721 ლარი, ხოლო ბოლო გადარიცხვა განხორციელდა 2024 წლის 22 ივლისს. „------.“-სთან გადარიცხულია 414 254 ლარი, ხოლო ბოლო გადარიცხვა განხორციელდა 2023 წლის 6 იანვარს). შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ავანსის გადახდიდან გონივრულ ვადაში არ აქვს მიღებული შესაბამისი საქონელი და ასევე, არ დასტურდება ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომწოდებლებისთვის გადახდილი ავანსის თანხა, რომლის შესაბამისი საქონლის მიღების/ავანსის თანხის დაბრუნების ფაქტიც არ იქნება დადასტურებული, მართლზომიერად იქნა განხილული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----“-ს (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ ფასნამატს;

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მომწოდებლებისათვის გადახდილი ავანსის თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

პირის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს შერეული საყოფაცხოვრებო საქონლით საბითუმო ვაჭრობა. გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 26%-ს. შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა კომპანიის დოკუმენტურ რეალიზაციას. კერძოდ, იდენტური საქონლის კოდებით შეძენილი და რეალიზებული საქონლის დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 84%. დოკუმენტური შეძენების, ინვენტარიზაციის შედეგებისა და დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით გაანგარიშდა რპთ და შესაბამისი დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდზე დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.

შპს უცხოელ მომწოდებლებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს საბანკო გადარიცხვების გამოყენებით, თუმცა შესამოწმებელ პერიოდში ორ მათგანთან გადარიცხული თანხები აჭარბებს შემოტანილი საქონლის ღირებულებას. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ავანსის გადახდიდან გონივრულ ვადაში ფაქტობრივად არ აქვს მიღებული შესაბამისი საქონელი. ასევე, არ დასტურდება ავანსის მიმღები პირის მხრიდან ავანსის თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი. გადასახადის გადამხდელის მიერ მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსი, რომლის შესაბამისი საქონლის მიღების ფაქტიც არ იქნება დადასტურებული, საგადასახადო შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);159(1);163(1);164(1);101(1);154(1);