ბრძანება N 23366

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.10.2025
№ დოკუმენტი 23366
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23366

23 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„-------“ (პ/ნ ---------)

(მის.:---------)

2025 წლის 13 და 14 აგვისტოს საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა შპს „------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 13 აგვისტოს №97528/1/2025 და 14 აგვისტოს №129289/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №081-178 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ საწარმოს პირველადი დოკუმენტების, ბუღალტრული პროგრამის და საბანკო ამონაწერების დამუშავებით ვლინდება გარკვეული სხვაობები შემოწმებით დარიცხულ თანხებსა და გადამხდელის მონაცემებს შორის, შედეგად, ითხოვს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივნისის №11469 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 27 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 8 ივლისის №15399 ბრძანება და ამავე თარიღის №081-178 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 300 000 ლარი, მათ შორის გადასახადი 183 222 ლარი, ჯარიმა 91 611 ლარი და საურავი 25 166 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შპს „-----“ რეგისტრირებულია 2017 წლის 7 თებერვალს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2023 წლის 21 სექტემბერს. გადამხდელს მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. საქმიანობის სფეროა ხის მოჭრის, დამუშავების და გატანის სამუშაოები. გადამხდელი მონაწილებს სახელმწიფო ტენდერებში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით გადამხდელი წარადგენს ყოველთვიურ დღგ-ის, მოგების და საშემოსავლო გადასახადის ნულოვან დეკლარაციებს. ბიუჯეტში გადახდილია 422 ლარი, უკან დაბრუნებული თანხები არ არის, გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები ჯამში 13 235 ლარი, ხოლო მიღებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 4 182 ლარი (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაუდასტურებელია). სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელს მოგებული აქვს 9 ტენდერი, რომლის ხელშეკრულების თანხა ჯამში შეადგენს 648 979 ლარს, ხოლო ჩარიცხული თანხები 464 190 ლარს. მიღებაჩაბარებები და ჩარიცხვები ერთმანეთს ემთხვევა. აღნიშნული თანხა გადასახადის გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში დეკლარირებული არ აქვს და შესაბამისად არ იხდის დამატებული ღირებულების გადასახადს. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში შემოწმების ხელთ არსებული გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქმიანობის მასალები და შედეგად გამოვლინდა დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადამხდელი არ გასცემს ხელფასებს, წარადგენს ნულოვან დეკლარაციებს. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის განკარგვადი ფულადი სახსრები (566 773 ლარი), რომელზეც გადასახადის გადამხდელს არ აქვს მინიჭებული კვალიფიკაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული თანხა ჩაითვალა შემოწმების ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მოგებული აქვს 9 ტენდერი, რომლის ხელშეკრულების თანხა ჯამში შეადგენს 648 979 ლარს, ხოლო ჩარიცხული თანხები 464 190 ლარს. მიღებაჩაბარებები და ჩარიცხვები ერთმანეთს ემთხვევა. აღნიშნული თანხა გადასახადის გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში დეკლარირებული არ აქვს. დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში შემოწმების ხელთ არსებული გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქმიანობის მასალები, რის შედეგადაც გამოვლინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის განკარგვადი ფულადი სახსრები (566 773 ლარი), რომელიც ჩაითვალა შემოწმების ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების პერიოდში შემმოწმებლებთან კომუნიკაცია ვერ შედგა, შესაბამისად, გადამხდელისგან ზუსტი ინფორმაცია საწარმოს საქმიანობასა და სხვადასხვა ხარჯებთან დაკავშირებით არ მიუღია, ამასთან, პირველადი დოკუმენტების, ბუღალტრული პროგრამის და საბანკო ამონაწერების დამუშავებით ვლინდება გარკვეული სხვაობები შემოწმებით დარიცხულ თანხებსა და გადამხდელის მონაცემებს შორის. ასევე, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა ინდივიდუალურ მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გაცემული თანხები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობას.

ამასთან, საქმის ზეპირი განხილვისას, გადამხდელმა განაცხადა, რომ დღგ-ის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებით პრეტენზია/არგუმენტი არ გააჩნია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების

არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით

დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს-ს საქმიანობის სფეროა ხის მოჭრის, დამუშავების და გატანის სამუშაოები. გადამხდელი მონაწილებს სახელმწიფო ტენდერებში. საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მოგებული აქვს 9 ტენდერი, რომლის ხელშეკრულების თანხა, და ჩარიცხული თანხები, მიღებაჩაბარებები და ჩარიცხვები ერთმანეთს ემთხვევა. აღნიშნული თანხა გადასახადის გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში დეკლარირებული არ აქვს. დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში შემოწმების ხელთ არსებული გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქმიანობის მასალები, რის შედეგადაც გამოვლინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის განკარგვადი ფულადი სახსრები რომელიც ჩაითვალა შემოწმების ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);159(1);163(1,2);164(1);101(1);154(1)