ბრძანება N 9908
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9908
04.05.2023
შპს „------------“-ის (ს/ნ ---------)
(მის.: ----------------)
2023 წლის 16 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №40) განიხილა შპს „-----------“-ის (ს/ნ ----------) №78072/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №028-25 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. განმარტავს, რომ კომპანიას გააჩნია საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, სადაც სრულად იდენტიფიცირდება დასაბეგრი ობიექტი. შემოწმებისთვის მიწოდებული იქნა დეტალურად გაშიფრული საბუღალტრო პროგრამა, სადაც 1111-ზე გატარებულია სალარო აპარატის ჩეკები ჩაშლილად ზეტის და ჩეკის ნომრების მიხედვით. ანალოგიურად გატარებულია ტერმინალი, ზედნადებები და ა/ფ-ები დღეების მიხედვით ჩაშლილად. ზემოაღნიშნული დოკუმენტების ნომრების და შეკვეთების მიხედვით 1620-დან გადასულია ნედლეული 1630-ზე. 1630-დან კი, ასევე დოკუმენტის ნომრების მიხედვით, ნაწარმოებია პროდუქცია 1640-ზე, სადაც ჩაშლილია პორციებად საქონელი. 1640- დან დოკუმენტის ნომრების მიხედვით, ნაწარმოებია ყოველდღიური ჩამოწერა 7210-ზე. რაც შეეხება თითოეულ ჩამოწერილ ნედლეულს, დეტალურად იდენტიფიცირდება 6100-ზე თუ რა ტიპის შემოსავალი იყო, რომელი მაგიდიდან, რომელი შეკვეთიდან, სადაც მენიუ და კალკულაცია დეტალურად იდენტიფიცირდება. ის პროდუქტები კი, რომელსაც წარმოება არ ჭირდებოდა, მაგალითად: ალკოჰოლური სასმელები, ლიმონათი და ა.შ., 1630-ზე არ არის გადატანილი და პირდაპირ 7210-ზეა ჩამოწერილი შეკვეთის ნომრების (სუფრის მიხედვით) დღეების მიხედვით, რომელიც ასევე იდენტიფიცირდება 6100 შემოსავლის ნაწილში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით ლიმონათის ბუღალტრულ ნაშთსა და ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობაზე 30 ლარიანი სარესტორნო შემოსავლის განსაზღვრას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს მიეცეს საგადასახადო შემოწმების აქტის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 საკითხების შემმოწმებლებთან ერთად განხილვის საშუალება. აღნიშნული შეეხება საშემოსავლო გადასახადის, ქონების გადასახადის, აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში შემოწმებით გამოვლენილ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 14 ნოემბრის №39472 და 2021 წლის 3 ნოემბრის №34522 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------“-ის (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33458 ბრძანება და №028-25 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 717 925 ლარი, მათ შორის გადასახადი 351 603 ლარი, ჯარიმა 167 536 ლარი და საურავი 198 786 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნო ბიზნესი. რესტორანი მასპინძლობს, როგორც დიდ, ასევე, მცირე ღონისძიებებს (ბანკეტები, კორპორატიული ღონისძიებები, ქორწილები, ასევე აწარმოებს ლუდს და აქვს ბარის ტიპის ღია სივრცე). გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია 2019 წლის 26 თებერვალს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2019 წლის 15 აგვისტო. გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით, გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა შემოწმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რაც არ წარმოუდეგენია. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით დაჯარიმდა ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის ორჯერ: 2021 წლის 23 ივნისს - საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N185187 და 2021 წლის 2 აგვისტოს - ოქმი N185193. 2022 წლის 26 აგვისტოს გადამხდელმა წარმოადგინა არასრული საბუღალტრო პროგრამა, რომელშიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (2021 წლის პირველ აპრილამდე) დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ფაქტიური ნაშთებისაგან (საგადასახადო მონიტორიგნის დეპარტამენტის 2021 წლის 30 მარტის ბრძანება N9125).
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზით და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით, დგინდება სხვაობა ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტში არსებულ სასაქონლო ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის. შემოწმებით გაანალიზებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემა (სასაქონლო ზედნადებები) და ინვენტარიზაციის შედეგებთან შედარებით გამოვლინდა სხვაობები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობებს შორის (როგორც ზედმეტობა ისე დანაკლისი), კერძოდ, ფიქსირდება 98 689 ცალი ლიმონათის სხვაობა საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებულ ლიმონათის ნაშთს შორის (ბუღალტრული პროგრამის ლიმონათის შეძენები ემთხვევა ზედნადებებში დაფიქსირებულ მონაცემებს). ვინაიდან, გადამხდელს არ უფიქსირდება ბუღალტრულ პროგრამაში სხვა პროდუქციის შეძენა-რეალიზაცია სრულყოფილად, ხოლო ზედნადებებით/ბუღალტრული პროგრამით სრულად არის შესაძლებელი ლიმონათის რაოდენობრივი შეძენის გაანგარიშება, შემოწმება დაეყრდნო ლიმონათების რაოდენობრივ მოძრაობას. ბუღალტრულ პროგრამში ინვენტარიზაციის თარიღისთვის ფიქსირდება 99 137 ცალი ლიმონათის ნაშთი, ხოლო ინვენტარიზაციით 448 ცალი ლიმონათის ფაქტიური ნაშთი. აღსანიშნავია, რომ საწარმოს მიერ წარმოდგენილი ბუღალტერიის მიხედვით 1 ცალი ლიმონათის ჩამოწერით აღიარებული აქვს 30 ლარი სარესტორნო შემოსავალი, (მსგავსი ტიპის საქმიანობების აუდირებულ შემოწმებებში დაფიქსირებულია დაახლოებით მსგავსი შემოსავალი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით ბუღალტრულ ნაშთსა და ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთს შორის არსებული ლიმონათების სხვაობაზე გაანგარიშებულ იქნა 30 ლარიანი შემოსავალი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, 2019 წელს დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 1 411 885 ლარით, რაზეც შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად დამატებით დარიცხული იქნა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების მიერ განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული თანხა დაემატა ბუღალტრულ პროგრამაში აღიარებულ შემოსავალს, გამოკლებულ იქნა საწარმოს მიერ დოკუმენტურად გაწეული ხარჯები და გადახდები, ხოლო დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის გამოქვითვის კუთხით გათავალისწინებულ იქნა სიტუაციური სახელმძღვანელო N0256 (75%-იანი ხარჯის გამოქვითვის ნორმის შესახებ). შედეგად გამოვლინდა ფულის ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამის პერიოდებში. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებული თანხები და შემოწმებით დადგენილი მონაცემები განსხვავდება. შემოწმებით შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა და საბანკო ამონაწერები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით ხელფასის სახით განაცემმა 2019 წელს შეადგინა სულ - 44 999 ლარი. სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში წარადგენს ქონების ნულოვან დეკლარაციას. შემოწმებით შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამა. შემოწმების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია. მოწოდებული ინფორმაციისა და გადამხდელის საბუღალტრო პროგრამზე დაყრდნობით განისაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულება. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელს 2019 წელს არ აქვს წარდგენილი აქციზის დეკლარაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, გადამხდელს 2019 წელს უფიქსირდება 1 150 ლიტრის ლუდის გადაზიდვა. ასევე, კომპანიას 2019 წლის 30 აგვისტოს შეძენილი აქვს ლუდის აქციზური მარკა თვითწებვადი 10 000 ცალი. (2019 წლის 12 ივნისს განაცხადებით აქვს მიმართული შემოსავლების სამსახურისთვის აქციზური მარკების გამოთხოვის შესახებ, კერძოდ, ლუდის 220300 (ლუდი ალაოსი) 10 000 ერთეულის შესახებ). ინვენტარიზაციის მასალებით კი დგინდება, რომ 2021 წლის 30 მარტს უფიქსირდება ალაო-ჩეხური 370 კგ., სვია 10 კგ., ასევე, ლუდი ცოცხალი 450 ცალი, რომლის სარეალიზაციო ღირებულება ტოლია 27 300 ლარის. აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს დაერიცხა აქციზი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა - 270 250 ლარი. შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე შესამოწმებელ პერიოდში დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა - 498 816 ლარი, დეკლარირებულზე 228 566 ლარით მეტი. შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამით, საბანკო ამონაწერით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებისას წარადგინა არასრული საბუღალტრო პროგრამა, რომელშიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ფაქტიური ნაშთებისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, ბუღალტრულ ნაშთსა და ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთს შორის არსებული ლიმონათების სხვაობაზე 30 ლარიანი შემოსავლის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, სადაც მომჩივანი აცხადებს, რომ ლიმონათის ნაშთი ტექნიკურად არ იყო ბუღალტრულ პროგრამაში ასახული. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებისთვის მიწოდებულია რეალიზაციის აქტები, სადაც იდენტიფიცირდება: საქონელი, საქონლის ღირებულება, საქონლის რაოდენობა, ერთეულის ფასი, რეალიზაციის პერიოდი და თითოეული პიროვნება, ვისზეც ეს საქონელია რეალიზებული. თითოეული აქტი ნოტარიულადაა დამოწმებული, რაც შემმოწმებლების მხრიდან შემოწმების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული. დამატებით განმარტავს, რომ დისტრიბუციიიდან კომპანიას ჰქონდა სპეციალური ფასის შეთავაზება, გარკვეული რაოდენობის პროდუქციის უწყვეტად და რეგულარულად შეძენის შემთხვევაში, შენარჩუნებული იქნებოდა სპეციალური დაბალი ფასი. ვინაიდან, კომპანია სარესტორნო საქმიანობით ვერ ახდენდა ამ რაოდენობის ლიმონათის რეალიზაციას, ხდებოდა ლიმონათის საბითუმო/საცალო რეალიზაცია. აღნიშნულ შემთხვევაში ლიმონათის თვითღირებულებას ემატებოდა 10%-მდე ფასნამატი, რომელიც კომპანიისთვისაც და მომხმარებლისთვისაც მომგებიანი იყო. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი მიიჩნევს, რომ არამართლზომიერია ლიმონათის საცალო რეალიზაცია განხილულ იქნას როგორც სარესტორნო მომსახურებით მიწოდებად (აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივრის დანართად მტკიცებულების სახით წარმოდგენილია რეალიზაციის აქტები).
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური ნაწილობრივ იზიარებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებულ და ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ ლიმონათის ნაშთებს შორის სხვაობის ის ნაწილი, რომელზეც სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, არ ფიქსირდება სარესტორნო მენიუს შესადგენად საჭირო სხვა კომპონენტები, განიხილოს ლიმონათის საცალო რეალიზაციად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის თანახმად საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაცია და დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტია მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება ალკოჰოლიანი სასმელისათვის – ალკოჰოლიანი სასმელის მოცულობით ან ალკოჰოლიან სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით ან ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------------“-ის (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებულ და ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ ლიმონათის ნაშთებს შორის სხვაობის ის ნაწილი, რომელზეც სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, არ ფიქსირდება სარესტორნო მენიუს შესადგენად საჭირო სხვა კომპონენტები, განიხილოს ლიმონათის საცალო რეალიზაციად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს მიეცეს საგადასახადო შემოწმების აქტის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 საკითხების შემმოწმებლებთან ერთად განხილვის საშუალება. აღნიშნული შეეხება საშემოსავლო გადასახადის, ქონების გადასახადის, აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში შემოწმებით გამოვლენილ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმებით გაანალიზებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემა (სასაქონლო ზედნადებები) და ინვენტარიზაციის შედეგებთან შედარებით გამოვლინდა სხვაობები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობებს შორის (როგორც ზედმეტობა ისე დანაკლისი). შემოწმებით ბუღალტრულ ნაშთსა და ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთს შორის არსებული ლიმონათების სხვაობაზე გაანგარიშებულ იქნა 30 ლარიანი შემოსავალი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, 2019 წელს დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 1 411 885 ლარით, რაზეც დამატებით დარიცხული იქნა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
შემოწმების მიერ განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი. შედეგად გამოვლინდა ფულის ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამის პერიოდებში. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებული თანხები და შემოწმებით დადგენილი მონაცემები განსხვავდება. სხვაობა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში წარადგენს ქონების ნულოვან დეკლარაციას. შემოწმების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია. მოწოდებული ინფორმაციისა და გადამხდელის საბუღალტრო პროგრამზე დაყრდნობით განისაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულება. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელს 2019 წელს არ აქვს წარდგენილი აქციზის დეკლარაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, გადამხდელს უფიქსირდება ლუდის გადაზიდვა. ასევე, კომპანიას შეძენილი აქვს ლუდის აქციზური მარკა. ინვენტარიზაციის მასალებით კი დგინდება, რომ 2021 წლის 30 მარტს უფიქსირდება ალაო-ჩეხური 370 კგ., სვია 10 კგ., ასევე, ლუდი ცოცხალი 450 ცალი, რომლის სარეალიზაციო ღირებულება ტოლია 27 300 ლარის. აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს დაერიცხა აქციზი და შესაბამისი ჯარიმა.
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა - 270 250 ლარი. შემოწმებით შესამოწმებელ პერიოდში დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა - 498 816 ლარი, დეკლარირებულზე 228 566 ლარით მეტი. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური ნაწილობრივ იზიარებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებულ და ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ ლიმონათის ნაშთებს შორის სხვაობის ის ნაწილი, რომელზეც სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, არ ფიქსირდება სარესტორნო მენიუს შესადგენად საჭირო სხვა კომპონენტები, განიხილოს ლიმონათის საცალო რეალიზაციად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49(1"ე"), 61(3), 73, 136(3), 101(1), 154(1"ა"), 201(1), 202, 182(1), 184(1"ა"), 185(1"ბ").
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1).