გადაწყვეტილება №25278/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25278/2/2025
24 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------7.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25278/2/2025).
დავის საგანი:
1. ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასსა და რეალიზაციისას დაფიქსირებულ ფასს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორის სარგებლად განხილვა;
2. ურთიერთდამოკიდებული პირის მიმართ არსებული საწარმოს დებიტორული დავალიანების ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება და სესხზე დარიცხული პროცენტის სარგებლად განხილვა;
3. უარი შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის №10272 ბრძანების განმარტებაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №038-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10272 ბრძანება;
3. შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11517 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 150 528.29 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 87 448.39
დღგ - (-860.76)
მოგების გადასახადი – 54 246.76
საშემოსავლო გადასახადი - 34 062.39
ჯარიმა - 44 290.9
საურავი - 18 789
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 29.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 8.04.2025 წლის №6789 ბრძანება და 10.04.2025 წლის №038-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10272 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ი/მ --------- (ს/ნ --------) მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ ი/მ -------- მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10272 ბრძანების განმარტების მოთხოვნით მიმართა ამავე სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11517 ბრძანებით მომჩივანს უარი ეთქვა განმარტებაზე.
შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10272 და 5.06.2025 წლის №11517 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასსა და რეალიზაციისას დაფიქსირებულ ფასს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორის სარგებლად განხილვა
ფაქტების აღწერა
კომპანიის მიერ 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით განხორციელებულია სხვადასხვა დასახელების საქონლის რეალიზაცია ი/მ ------ (ს/ნ -------), რომელიც არის საწარმოს ურთიერთდამოკიდებული პირი, კერძოდ, საწარმოს დირექტორის, -------- შვილი. საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელმა მიაწოდა განხორციელებული რეალიზაციების თვითღირებულებების ზუსტი გაანგარიშება (თვითღირებულება გამოყვანილია რეალიზებულ საქონელში შემავალი სხვადასხვა კომპონენტების საფუძველზე). დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი სხვა მომხმარებლებზე რეალიზაციას ახდენდა 36,6%-იანი ფასნამატით, ხოლო ი/მ ------- საქონელი მიწოდებული ჰქონდა - 17,6%-იანი ფასნამატით. სხვაობის თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასსა და რეალიზაციისას დაფიქსირებულ ღირებულებას შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორის სარგებლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ საწარმოს დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პროდუქციის შემდგომი რეალიზაციისთვის მოხდა მისი მიყიდვა ი/მ ------- (დირექტორის შვილზე), რომელიც შეძლებდა ბიზნესის გაგრძელებას. 2022 წლის შემდეგ არც შპს „-------“ და არც ი/მ ------- არ განუხორციელებია კარებების იმპორტი, რადგან კოვიდის შემდგომ მოხდა ფასების ვარდნა ამ სეგმენტზე, რამაც პროდუქციის რეალიზაციის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია. მიუთითებს, რომ პროდუქცია, რომელიც მიყიდა ი/მ ------- უმეტესწილად წარმოადგენდა სხვა დიდი კომპანიებიდან უკან დაბრუნებულ საქონელს, რომლის მოდელებიც იყო მოძველებული. ეს იყო პროდუქცია, რომელიც ვერ გაყიდეს ისეთმა დიდმა კომპანიებმა, რომლებსაც ჰყავთ სტაბილური კლიენტურა და მნიშვნელოვანი მარკეტინგული და სარეკლამო რესურსები. ასევე, აღსანიშნავია, რომ მოხდა უკან დაბრუნებული საქონლის ერთიანი შესყიდვა და ი/მ ------- არსებული ნაშთი შეიძინა შემდგომი რეალიზაციის მიზნით და თუ მასთან შპს „--------"
გაავრცელებდა საცალო ფასს, რასაკვირველია, მისთვის ეს საქონელი არ იქნებოდა საინტერესო. ეს ყველაფერი კი ცხადყოფს, რომ საბითუმო ფასნამატი (17.6%) შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ი/მ ------- (ს/ნ --------) მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ ი/მ --------- მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განცხადებით, მოახდინა ი/მ -------- საქონლის უკან დაბრუნება, რაც ადასტურებს მის არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ საქონელი ვერ იქნა რეალიზებული. ი/მ -------- თავის მხრივ ასევე დააბრუნა საქონელი თავის დებიტორებისგან, რაც ცხადყოფს, რომ პროდუქცია ნამდვილად იყო მოძველებული და არ ხდებოდა მისი რეალიზაცია ბაზარზე.
ფასნამატის საკითხთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახური არასწორად განსაზღვრავს საბაზრო ფასს: 36.6%-იანი ფასნამატი სხვა მომხმარებლებთან - ეს ეხება ახალ, სტანდარტულ პროდუქციას - 17.6%-იანი ფასნამატი ი/მ --------- - ეს ეხება მოძველებულ, უკან დაბრუნებულ საქონელს. საქონლის ხასიათის უგულებელყოფა ფაქტია, რომ ი/მ ------- მიყიდული საქონელი წარმოადგენდა მოძველებულ პროდუქციას. იყო უკან დაბრუნებული სხვა კომპანიებიდან. არ იყო საინტერესო საცალო ბაზრისთვის სტანდარტული ფასებით. საჭიროებდა სწრაფ რეალიზაციას ღირებულების შემდგომი დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით. კომპანიამ უკვე მოახდინა ი/მ ------- საქონლის უკან დაბრუნება. ი/მ -------- თავის მხრივ ასევე დააბრუნა საქონელი თავის დებიტორებისგან. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ პროდუქცია ნამდვილად იყო მოძველებული და ვერ ხდებოდა მისი რეალიზაცია. საქონლის ორმხრივი დაბრუნება ცხადყოფს, რომ 17.6%-იანი ფასნამატი არა მხოლოდ გამართლებული, არამედ ზედმეტად მაღალიც კია მოძველებული პროდუქციისთვის. 2022 წლის შემდეგ კარების ბაზარზე მოხდა ფასების მნიშვნელოვანი ვარდნა. შემცირდა მოთხოვნა, კოვიდის შედეგების გამო შეწყდა იმპორტი ახალი პროდუქციისა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10272 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ი/მ -------- (ს/ნ --------) მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ ი/მ ------- მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირება).
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10272 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10272 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. ურთიერთდამოკიდებული პირის მიმართ არსებული საწარმოს დებიტორული დავალიანების ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება და სესხზე დარიცხული პროცენტის სარგებლად განხილვა
ფაქტების აღწერა
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს საქონლის რეალიზაცია საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ი/მ ------ (ს/ნ ------). ნაწილი განხორციელებული რეალიზაციებისა ანაზღაურებულია ეტაპობრივად, ხოლო ნაწილი მათგანი არ არის ანაზღაურებული შემოწმების დასრულებამდე და საწარმოს ნაჩვენები აქვს, როგორც დებიტორული დავალიანება.
დადგინდა, რომ საწარმოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში უფიქსირდება აუნაზღაურებელი დებიტორული დავალიანება, რომელიც დაკვალიფიცირდა სესხად, ხოლო სესხზე დარიცხული პროცენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად (20%). შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები, ასევე, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი და მე3 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, მავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ი“ ქვეპუნქტებით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლით.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ი/მ ------- მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების ფიზიკურ პირზე გაცემული სესხად დაკვალიფიცირებას და სესხზე დარიცხული პროცენტის სარგებლად განხილვას. მიუთითებს, რომ დებიტორული დავალიანება წარმოიშვა მხოლოდ ჩვეულებრივი ბიზნეს ოპერაციების შედეგად, კერძოდ, საქონლის რეალიზაციიდან. ასეთივე პრაქტიკა ჰქონდა სხვა ბიზნესპარტნიორებთანაც, როგორებიცაა ჰიპერმარკეტი: „-----“, „------“, „-------“ და სხვ. აღსანიშნავია, რომ ი/მ -------- რეალიზებული პროდუქციის ნაწილი ეტაპობრივად ანაზღაურდა, ხოლო ის ნაწილი, რომელიც არ გაიყიდა, არ არის ანაზღაურებული და ფიგურირებს როგორც დებიტორული დავალიანება. სწორედ ეს გაუყიდავი პროდუქცია, რომელიც ფიზიკურად დღესაც არსებობს, არასწორად იქნა კვალიფიცირებული საგადასახადო ორგანოს მიერ როგორც სესხი. გადამხდელს სურს, რომ როგორც სხვა ბიზნეს პარტნიორებთან მიმართებაში არსებული დებიტორული დავალიანება გაუქმდა პროდუქციის უკან დაბრუნების გზით, აღნიშნული პრაქტიკა გავრცელდეს --------- შემთხვევაშიც და ანულირდეს დებიტორული დავალიანება პროდუქტის უკან დაბრუნების გზით. მიუთითებს, რომ კოვიდის შემდგომ პერიოდში კარებების ბაზარზე ფასების ვარდნამ და მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია პროდუქციის რეალიზაციის ფაქტობრივი შეჩერება.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად მომჩივანი მზაობას გამოთქვამს უკან დაიბრუნოს ი/მ -------- მიწოდებული საქონელი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ი/მ ------ (ს/ნ -------) მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ ი/მ -------- მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
დებიტორული დავალიანების სესხად კვალიფიცირება არასწორია. დებიტორული დავალიანება ი/მ ------ მიმართ წარმოიშვა ჩვეულებრივი ბიზნეს ოპერაციების შედეგად. არ იყო სესხი საგადასახადო კოდექსის გაგებით. იგივე პრაქტიკა ჰქონდა სხვა პარტნიორებთანაც („------“, „-----“, „--------“). ეტაპობრივი ანაზღაურება და საქონლის უკან დაბრუნება. ფაქტია დავალიანების ნაწილი ეტაპობრივად ანაზღაურდა. დარჩენილი ნაწილი არ არის გაყიდული პროდუქციის გამო. უკვე მოახდინა ი/მ ------ საქონლის უკან დაბრუნება. ი/მ ------ თავის მხრივ ასევე მოახდინა საქონლის უკან დაბრუნება თავის დებიტორებისგან. ეს ფაქტები ადასტურებს, რომ დავალიანება ნამდვილად არ იყო სესხი, არამედ გაუყიდავი საქონლის შედეგი, რომ ორივე მხარე ცნობდა საქონლის მოძველების ფაქტს და მისი რეალიზაციის შეუძლებლობას, რომ საქონლის ორმხრივი დაბრუნება ლოგიკურად მოჰყვება იმ ეკონომიკურ რეალობას, რომ პროდუქცია ვეღარ იყიდებოდა. საგადასახადო კოდექსის 18-ე მუხლი მოითხოვს იდენტურ (მსგავს) საქონელზე დაყრდნობას, მაგრამ შემოსავლების სამსახური ადარებს სხვადასხვა ხარისხის საქონელს. უგულებელყოფს მოძველებული საქონლის სპეციფიკას. არ არსებობს სარგებელი, როცა ბიზნესი ზარალიანია. პროცენტის დარიცხვა სესხზე არასწორია, რადგან არ არის სესხი.
მოითხოვს:
1. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც დაკვალიფიცირდა ფასნამატი სარგებლად, დებიტორული დავალიანება სესხად.
2. აღიარდეს, რომ 17.6%-იანი ფასნამატი შეესაბამება საბაზრო პირობებს მოძველებული საქონლისთვის. დებიტორული დავალიანება არ წარმოადგენს სესხს.
3 დაევალოს შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს დეტალური განმარტება საბაზრო ფასის განსაზღვრის მეთოდოლოგიის შესახებ, გათვალისწინებული იქნას საქონლის რეალური მდგომარეობა და ბაზრის კონიუნქტურა;
4. აღიარდეს მისი უფლება დააბრუნოს გაუყიდავი პროდუქცია, ამით გააუქმოს დებიტორული დავალიანებას;
მოცემული საქმე ეხება რეალური ბიზნეს ოპერაციების არასწორ ინტერპრეტაციას საგადასახადო ორგანოს მიერ. ეძებს სამართლიან და ობიექტურ შეფასებას ეკონომიკური საქმიანობისა. საქონლის ორმხრივი დაბრუნება (შპს "------" ← ------- ← მისი დებიტორები) ცხადად ადასტურებს მთელ არგუმენტაციას და ცხადყოფს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ეფუძნება არარეალისტურ წინაპირობებს.
ითხოვს საჩივრის ზეპირი განხილვას დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე მისი წარმომადგენლების დასწრებით. მიეცეს უფლება წარადგინოს დამატებითი მტკიცებულებები სხდომაზე. მიეცეს შესაძლებლობა გააჟღეროს ზეპირი არგუმენტაცია და განმარტებები, ასევე, საშუალება მისი წარმომადგენლების მონაწილეობის საქმის განხილვის მთელ პროცესში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10272 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ი/მ ------- (ს/ნ -------) მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ ი/მ ------- მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირება).
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10272 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10272 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. უარი შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10272 ბრძანების განმარტებაზე
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10272 ბრძანების განმარტების მოთხოვნით მიმართა ამავე სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11517 ბრძანებით მომჩივანს უარი ეთქვა დასახელებული ბრძანების განმარტებაზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 307-ე მუხლით, „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების 41-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის №10272 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს დაევალა ი/მ ------ (ს/ნ --------) მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარდგენა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ ი/მ -------- მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამავე ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია სამართლებრივი ნორმები, ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტაცია, რომლებსაც შემოსავლების სამსახური დაეყრდნო საკითხის სამართლებრივი შეფასების და გადაწყვეტილების მიღებისას.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ ბრძანების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილში აღწერილი გარემოებები ნათლად მიუთითებს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის №10272 ბრძანება არ შეიცავს ბუნდოვანებას და არ არსებობს მისი განმარტების საჭიროება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნული დავის საგნის ნაწილში არგუმენტებს არ წარმოადგენს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, მომჩივანსა და მოპასუხეს უფლება აქვთ, მიმართონ დავის განმხილველ ორგანოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმარტების მიზნით. განმარტება გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილია და იგი ეგზავნება დავაში მონაწილე პირებსა და ორგანოებს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება არ საჭიროებს განმარტებას, დავის განმხილველი ორგანო ამის შესახებ აცნობებს განმარტების მომთხოვნ პირს.
საბჭო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების განმარტება ნიშნავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას და მის აღსრულებადობას უკავშირდება. გადაწყვეტილების განმარტება ხდება მაშინ, როდესაც მისი აღსრულება ვერ ხერხდება სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების, ორაზროვნების ან მისი გაგების/აღსრულების სხვაგვარად გართულების გამო.
შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10272 ბრძანების სამოტივაციო/სარეზოლუციო ნაწილების და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი აღნიშნული დავის საგნის ნაწილში არ წარმოადგენს არგუმენტებს, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11517 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10272 ბრძანება არ საჭიროებს განმარტებას.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასსა და რეალიზაციისას დაფიქსირებულ ფასს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორის სარგებლად განხილვა;
2. ურთიერთდამოკიდებული პირის მიმართ არსებული საწარმოს დებიტორული დავალიანების ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება და სესხზე დარიცხული პროცენტის სარგებლად განხილვა;
3. უარი შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის №10272 ბრძანების განმარტებაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შპს-ს მიერ განხორციელებულია სხვადასხვა დასახელების საქონლის რეალიზაცია ი/მ-ზე რომელიც არის საწარმოს ურთიერთდამოკიდებული პირი, კერძოდ, საწარმოს დირექტორის შვილი. შემოწმებას გადამხდელმა მიაწოდა განხორციელებული რეალიზაციების თვითღირებულებების ზუსტი გაანგარიშება (თვითღირებულება გამოყვანილია რეალიზებულ საქონელში შემავალი სხვადასხვა კომპონენტების საფუძველზე). შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელი სხვა მომხმარებლებთან რეალიზაციის დროს იყენებდა - 36,6%-იანი ფასნამატს, ხოლო ი/მ -ზე საქონელი მიწოდებული ჰქონდა -17,6%-იანი ფასნამატით. შემოწმების მიერ სხვაობის თანხა, რომელიც წარმოიშვა ი/მ-ზე, განხორციელებული რეალიზაციის საბაზრო ფასსა და რეალიზაციის დაფიქსირებულ ღირებულებას შორის, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
2.შპს-ს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს საქონლის რეალიზაცია საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ი/მ-ზე ნაწილი განხორციელებული რეალიზაციებისა ანაზღაურებულია ეტაპობრივად, ხოლო ნაწილი მათგანი არ არის ანაზღაურებული შემოწმების დასრულებამდე და საწარმოს ნაჩვენები აქვს, როგორც დებიტორული დავალიანება. ხოლო სესხზე დარიცხული პროცენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად (20%). შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადი. ასევე, განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11517 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას. საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 18;73(9);982(3);101(2);154(1);