ბრძანება N 16769

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.07.2026
№ დოკუმენტი 16769
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16769

23 ივლისი 2026

ბრძანება

ი/მ „-------“ (ს/ნ „ -------“)

(ფაქტ. მის.: „ -------“)

2026 წლის 29 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 ივლისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა ი/მ „ -------“-ის (ს/ნ „ -------“) 2026 წლის 29 ივნისის №103168/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 ივნისის №021-55 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ მთლიანი შემოსავლის 20%-ის მეწარმის მიერ მიღებულ მოგებად ჩათვლას და მეწარმის მიერ გაწეული ყველა ხარჯის გათვალისწინებით დარჩენილი სხვაობის თანხის დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 ოქტომბრის №21697 ბრძანების საფუძველზე ი/მ „ -------“-ის (ს/ნ „ -------“) 2025 წლის 12 აგვისტოს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. ი/მ „ -------“-ის (ს/ნ „ -------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები აღნიშნულ საქმიანობაში სახელფასო დანახარჯის შესახებ;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 ოქტომბრის №21697 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2026 წლის 11 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 ოქტომბრის №21697 ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარმოადგინა სამკერვალო საქმიანობაში სახელფასო დანახარჯების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, წარმოადგინა 10 მსგავსი კომპანიის მონაცემები. შემოწმებით გაანალიზდა აღნიშნული კომპანიების სახელფასო დანახარჯების შესახებ ინფორმაცია, ასევე, შემოწმებამ მოიძია სამკერვალო საქმიანობაში ყველაზე აქტიური კომპანიების ინფორმაცია და ყველა შემთხვევაში სახელფასო ხარჯი ან შესაბამისობაში იყო შემოწმების მონაცემებთან ან ამძიმებდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებებს. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტაციაზე, რომლითაც არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ:

 აუდიტის დეპარტამენტმა საწარმოს მოგების მარჟის განსაზღვრისას იხელმძღვანელა სხვა საწარმოს საშუალო მოგების მაჩვენებლებით, თუმცა არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს საწარმოს ანალოგიურ სუბიექტს. ისინი განსხვავდებიან სამართლებრივი ფორმით, საქმიანობის მასშტაბით, გამოცდილებით, შრომითი რესურსებითა და ბიზნესმოდელით. აღნიშნავს, რომ გადამხდელის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სამკერვალო წარმოებით და ასევე, მოიცავს სარეკლამო საქმიანობას (ბრენდირებას), რომელიც გამოყენებული იყო ყველა ძირითად შეკვეთაში.

 აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა მომჩივნის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც დადგენილია, საწარმოში არსებული მანქანა-დანადგარების წარმადობა და მისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მუშახელის რაოდენობა. ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ საწარმოში არსებული ტექნოლოგიური პროცესები, მ.შ. ბრენდირების მიმართულება, დამატებითი მუშახელის საჭიროებას არ წარმოშობდა. ამასთან, წარდგენილი იყო თითოეული თანამშრომლის მიერ კონკრეტულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების დეტალური აღწერა, რაც ასევე ადასტურებს, რომ ოფიციალურად დასაქმებული მუშახელი სრულად საკმარისი იყო შესრულებული სამუშაოების მოცულობისთვის. შემმოწმებელმა არ დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა აღნიშნული მტკიცებულებები.

 აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა გადამხდელის პირადი შრომითი მონაწილეობა საწარმოს საქმიანობაში. თავის საწარმოში გადამხდელი პირადად ასრულებს კონსტრუქტორის, დიზაინერის, პროგრამისტის, ბრენდირების დანადგარების ოპერატორის, გაყიდვების მენეჯერისა და ლოგისტიკის მენეჯერის ფუნქციებს. აღნიშნული ფუნქციების შესრულება სხვა საწარმოში მოითხოვს ყოველთვიურად არანაკლებ 15 000 ლარის დამატებით სახელფასო დანახარჯს.

 აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა საწარმოში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები და მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს დამატებითი მუშახელის საჭიროებას

საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის მიზნით გადასახადის გადამხდელთან არ ჩატარებულა მიმდინარე კონტროლის პროცედურები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახელფასო დანახარჯის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დავის ეტაპზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნა, მ.შ. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ „ -------“-ის (ს/ნ „ -------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, სახელფასო დანახარჯის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დავის ეტაპზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნა, მ.შ. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ მთლიანი შემოსავლის 20%-ის მეწარმის მიერ მიღებულ მოგებად ჩათვლას და მეწარმის მიერ გაწეული ყველა ხარჯის გათვალისწინებით დარჩენილი სხვაობის თანხის დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარმოადგინა სახელფასო დანახარჯების შესახებ ინფორმაცია.შემოწმებით გაანალიზდა აღნიშნული კომპანიების სახელფასო დანახარჯების შესახებ ინფორმაცია, ასევე, შემოწმებამ მოიძია სამკერვალო საქმიანობაში ყველაზე აქტიური კომპანიების ინფორმაცია და ყველა შემთხვევაში სახელფასო ხარჯი ან შესაბამისობაში იყო შემოწმების მონაცემებთან ან ამძიმებდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებებს. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახელფასო დანახარჯის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დავის ეტაპზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნა, მ.შ. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154.