გადაწყვეტილება №18570/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.02.2023
№ დოკუმენტი 18570/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18570/2/2022

16.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "----------" (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "----------" 28.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18570/2/2022).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებათა განსაზღვრისათვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და დადგენილი ფასნამატი;

2. არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვა და დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №007-206 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31322 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 86 139 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 51 675

დღგ - 25 203

საშემოსავლო გადასახადი - 26 472

ჯარიმა - 25 500

საურავი - 8 964

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელი დაფუძნების დღიდან მომსახურებას უწევდა საჯარო ბაღებს, ხოლო 2020 წელს კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა ---------- მიმდებარე ტერიტორიაზე იჯარით აღებულ ფართში საბითუმო ვაჭრობა რკინაკავეულით, წყალგაყვანილობით, გასათბობი მოწყობილობებითა და ინვენტარით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №19163 ბრძანება და ამავე თარიღის №007-206 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 16.08.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.12.2022 წლის №31322 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებათა განსაზღვრისათვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და დადგენილი ფასნამატი

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებამ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისათვის იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით. ფასნამატის დათვლის დროს გამოიყენა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი დოკუმენტები, კერძოდ, შეძენილი საქონელი დააკავშირა დოკუმენტით რეალიზებულ საქონელთან, საქონელი დაჯგუფდა კატეგორიების მიხედვით - 57 ჯგუფად და განისაზღვრა დოკუმენტური ფასნამატი წლების მიხედვით (საშუალოდ 2020 წელს - 34%, ხოლო 2021 წელს - 31%).

შემოწმებით აღნიშნული დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, გადამხდელს 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქმის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტური შეძენა 2020 წელს შეადგენდა დაახლოებით მთლიანი შეძენის 80%-ს. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შეძენილი საქონლისა და დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება, საქონლის დაჯგუფება კატეგორიების მიხედვით და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული დოკუმენტური ფასნამატის (საშუალოდ 2020 წლის 34%, ხოლო 2021 წლის 31%) რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქტისა და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქმიანობას ეწევა ---------- ზე მაღაზიის ტიპის ობიექტში, სადაც არ არის დაყენებული ფიქსირებული ფასები და ადგილი აქვს საბაზრო პოლიტიკის არჩევას. კომპანიას როგორც რიგ ორგანიზაციას რომელიც არის წარმოდგენილი ---------- ზე არ გააჩნდა საბუღალტრო პროგრამა, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტმა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა სარეალიზაციო ფასები, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით დარიცხვა. აღნიშნულს კატეგორიულად არ ეთანხმება, რადგან სხვადასხვა მომხმარებლის მიხედვით უწევს ფასების ვარირება და ფასნამატი მერყეობს 10%- დან 15%-მდე. ასევე, არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას.

ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. მომჩივანი არ ეთანხმება აღნიშნულს და განმარტავს, რომ საქმიანობას ეწევა ---------- ზე მაღაზიის ტიპის ობიექტში, სადაც არ არის დაყენებული ფიქსირებული ფასები და ადგილი აქვს საბაზრო პოლიტიკის არჩევას. სხვადასხვა მომხმარებლის მიხედვით უწევს ფასების ვარირება და ფასნამატი მერყეობს 10%-დან 15%-მდე. ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირებას.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანს არ აქვს ბუღალტრული პროგრამა, შემოწმებისას დოკუმენტური შეძენები დაუკავშირდა დოკუმენტურ რეალიზაციას და დადგინდა ფასნამატი წლების მიხედვით. 2019 წელს შეძენილ და რეალიზებულ საქონელზე სრულად არსებობდა დოკუმენტები, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხვა არ განხორციელებულა, ხოლო 2020 და 2021 წლების დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისათვის გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე გაანგარიშების ცხრილები გაგზავნილია გადასახადის გადამხდელთან, თუმცა მომჩივანს განსხვავებული პოზიცია ან/და შენიშვნები არ წარუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი გახდა შესაბამის პერიოდში დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენება მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვა და დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმებით საწარმოში ჩატარდა ფულის მოძრაობის ანალიზი. 2021 წლის ბოლოს სალაროში ფულადი სახსრები დადგინდა 41 549 ლარის ოდენობით, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2021 წლის 31 დეკემბრისათვის, სალაროს ნაშთი შეადგენდა 1 167 ლარს.

შემოწმების მიერ გაანალიზდა საწარმოს ფულადი ნაკადების მოძრაობა, მთლიან შესამოწმებელ პერიოდში მიღებული/მისაღები შემოსავლისა და გადახდილი/გადასახდელი თანხების მიხედვით. შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდით მიღებული ფულადი შემოსავლის ის ნაწილი (აგროსილი 51 936 ლარი), რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან (გათვალისწინებულია 2021 წლის 31 დეკემბრისას ფულადი ნაშთი). შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე, საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საშემოსავლო გადასახადი დადეკლარირებული ჰქონდა 2021 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში, ხოლო საბანკო მონაცემებით გაირკვა, რომ გადამხდელს უფიქსირდებოდა ხელფასის განაცემები 2020 წლის აგვისტოს თვიდან. აგრეთვე, დადგინდა, რომ გადამხდელი გასცემდა ბონუსებს ფიზიკურ პირებზე. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს მიერ გაცემული თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

აგრეთვე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას შემოწმებამ გაითვალისწინა 2020 წლის მაისის თვიდან მოქმედი (Covid-19) შეღავათები საანგარიშო პერიოდების მიხედვით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების პროცესში შემმოწმებელს წარუდგინა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, 2021 წლის 31 დეკემბრისათვის სალაროს ნაშთი შეადგენდა 1 167 ლარს, თუმცა საგადასახადო შემოწმებით 2021 წლის ბოლოს სალაროში ფულადი სახსრები დადგინდა 41 549 ლარის ოდენობით. ამასთან, შემოწმების პროცესში, საბანკო ამონაწერებით დადგინდა, რომ გადამხდელს გაცემული ჰქონდა ხელფასები და ბონუსები 2020 წლის აგვისტოს თვიდან, თუმცა საშემოსავლო გადასახადი დეკლარირებული ჰქონდა მხოლოდ 2021 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში. ამასთან, მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი სახსრების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს. ამასთან, საწარმო ვალდებული იყო სრულად დაედეკლარირებინა საბანკო მონაცემების მიხედვით გაცემული ხელფასები და ბონუსები. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის თანახმად, 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, აგრეთვე 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1 500 ლარს არ აღემატება.

შემოწმებისას გაანალიზდა საწარმოს ფულადი ნაკადების მოძრაობა, მთლიან შესამოწმებელ პერიოდში მიღებული/მისაღები შემოსავლისა და გადახდილი/გადასახდელი თანხების მიხედვით. შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდით მიღებული ფულადი შემოსავლის ის ნაწილი რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, საბანკო მონაცემებით დადგინდა, რომ გადამხდელს უფიქსირდებოდა ხელფასის განაცემები 2020 წლის აგვისტოს თვიდან, რაც არ ჰქონდა დეკლარირებული. აგრეთვე, დადგინდა, რომ გადამხდელი გასცემდა ბონუსებს ფიზიკურ პირებზე. საწარმოს მიერ გაცემული თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით სარეალიზაციო ფასების განსაზღვრას, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით დარიცხვა, მათ შორის საშემოსავლო გადასახადში.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე გაანგარიშების ცხრილები გაგზავნილია გადასახადის გადამხდელთან, თუმცა მომჩივანს განსხვავებული პოზიცია ან/და შენიშვნები არ წარუდგენია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.