გადაწყვეტილება № 27722/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.08.2026
№ დოკუმენტი 27722/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27722/2/2026

25 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ 4.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27722/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა საგადასახადო ორგანოში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე;

2. დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2026 წლის №057-14 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.06.2026 წლის №13088 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 110 389,62 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 66 648

ჯარიმა - 33 241

საურავი - 10 500,62

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 21.04.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2026 წლის №---- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.06.2026 წლის №13088 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა საგადასახადო ორგანოში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 28.03.2013 წელს. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა: საკვები პროდუქტებით, სასმელებით, თამბაქოთი და ხილბოსტნეულით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 1 საკონტროლოსალარო აპარატი და 2 პოსტერმინალი შემდეგ მისამართზე: ----. ერთ-ერთი პოსტერმინალი ნომრით ----- გაუქმებულია 12.07.2024 წელს.

გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად განისაზღვრა მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა აღემატებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვას, რის საფუძველზეც აღნიშნულ სხვაობაზე განხორციელდა დღგ-ის დარიცხვა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 160-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1611 მუხლის პირველი ნაწილის, 163-ე მუხლის პირველი ნაწილის, 164-ე მუხლის პირველი ნაწილის, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 168-ე მუხლის პირველი ნაწილის და ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ წარდგენილი აქვს სალარო აპარატის შეცდომით დაფიქსირებული ჩეკები, რომლის კორექტირებაც განხორციელდა განცხადების წარდგენის გზით, თუმცა აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული და დამატებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების საკონტროლოსალარო აპარატში შეცდომით ამორტყმის (დუბლირების) ფაქტი. მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან ამორიცხოს საკონტროლო-სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული (დუბლირებული) თანხები და განახორციელოს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ასევე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადაამოწმოს გადამხდელის საკონტროლო-სალარო აპარატის შესამოწმებელი პერიოდის ფისკალური ამონაწერი და დაადგინოს ხომ არ არის რადიკალური გადახრა (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის. აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მიზანშეწონილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული თანხების ამორიცხვის მიზნით შესაბამისი დღის ნავაჭრი მონაცემების ნაცვლად დღიური ბრუნვა განისაზღვროს შესაბამისი თვის ბრუნვის საშუალო მაჩვენებლის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული მონაცემებისა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შეცდომით ამობეჭდილი ჩეკებიდან გამომდინარე, რომლებიც შემდეგ განცხადებით აქვს წარმოდგენილი და ტერმინალზე ამობეჭდილი თანხები არ ემთხვევა მიწოდებულ ინფორმაციას. გაზრდილია დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები და შეცდომითაა აქტი შედგენილი.

 

2. დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არც შემოწმების შედეგებში და არც შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის დროს არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, რომელიც შეადგენს 19 119,93 ლარს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით:

2. დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

3. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანი საქმიანობაა საცალო ვაჭრობა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 1 საკონტროლო-სალარო აპარატი და 2 პოსტერმინალი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა აღემატებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვას.

შემოსავლების სამსახურის 15.06.2026 წლის №13088 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების საკონტროლოსალარო აპარატში შეცდომით ამორტყმის (დუბლირების) ფაქტი. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან ამორიცხოს საკონტროლო-სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული (დუბლირებული) თანხები და განახორციელოს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადაამოწმოს გადასახადის გადამხდელის საკონტროლო-სალარო აპარატის შესამოწმებელი პერიოდის ფისკალური ამონაწერი და დაადგინოს ხომ არ არის რადიკალური გადახრა (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის. აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მიზანშეწონილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული თანხების ამორიცხვის მიზნით შესაბამისი დღის ნავაჭრი მონაცემების ნაცვლად დღიური ბრუნვა განისაზღვროს შესაბამისი თვის ბრუნვის საშუალო მაჩვენებლის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული მონაცემებისა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 15.06.2026 წლის №13088 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

ასევე საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით მომჩივნის მოთხოვნას არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება. ამასთან, საგადასახადო შემოწმება ჩატარებულია საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით და შედეგად არ განხორციელებულა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემოწმება/კორექტირება.

ამდენად, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტების თაობაზე წარმოდგენილი საჩივრის განხილვის ფარგლებში მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინების საკითხზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა საგადასახადო ორგანოში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე;

2. დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელებით, თამბაქოთი და ხილბოსტნეულით. შესამოწმებელ პერიოდში პირს ფიქსირდება ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი და ორი პოსტერმინალი, რომელთაგან ერთი შემოწმების პერიოდში გაუქმებულია. გადასახადის გადამხდელი შემოწმებას თანამშრომლობდა მხოლოდ ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ფაქტობრივი ბრუნვა, რომელმაც გადააჭარბა დეკლარირებულ მონაცემებს. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

გასაჩივრებული აქტების თაობაზე წარმოდგენილი საჩივრის განხილვის ფარგლებში მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინების საკითხზე.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

159;160;1611;168;